ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი მაკალათია თვლის, რომ ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივა გაცილებით დაზღვეული იქნებოდა, ის რომ პრივატიზებული იყოს და თავის დროზე მისი აქციები სახელმწიფოს საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაეცა:
"ანაკლიის პორტი უნდა გამხდარიყო სააქციო საზოგადოება, აქციები დარიგებოდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. გავხდებოდით მესაკუთრეები. ეს პროექტი თუ იქნებოდა საინტერესო და ცხადია, იქნებოდა, დააინტერესებდა ინვესტორებს, ეს ადამიანები მოვიდოდნენ და ჩვენგან იყიდიდნენ ამ აქციებს. ნაწილს გავყიდიდით, ნაწილს არ გავყიდიდით. იგივე "თიბისი ჯგუფიც" იყიდიდა ნაწილს, ბატონი ბიძინაც იყიდიდა, ბატონი ხაზარაძეც, ყველა ბიზნესსუბიექტი. ცხადია, 100 პროცენტით ვერავინ იყიდიდა. გამორიცხულია 3 მილიონ ადამიანთან ერთდროულად მიხვიდე და იაფად იყიდო, გამორიცხულია. ამასთან, ყოველ შემდეგ ნაბიჯზე ძვირდება აქციის ფასი. ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდებოდა და მშვიდად დაელოდებოდნენ მოგებას".
ეკონომისტისთვის სრულიად ცხადია, რომ დღევანდელი პრობლემები ბიზნესისა და სახელმწიფოს დაჯახებამ გამოიწვია:
"როცა ბიზნესი დაკავშირებულია სახელმწიფოსთან, ასეთი თემები ყოველთვის გარდაუვალია. "ომეგას" საქმეც ეგრე იყო. ბიზნესი დაუახლოვდა სახელმწიფოს და როცა ერთ-ერთ მხარეს არ მოეწონა, გაწყვიტეს ეს ურთიერთობა. გამოიწვია ამან წარმოების შემცირება, "იბერიის" დახურვა, საწარმოდან და ტელეკომპანიიდან ადამიანების გათავისუფლება. მთელი უარყოფითი კასკადი წამოვიდა. მივდივართ საბჭოთა სოციალისტური გზით. ასეთი ჩარევებით - სახელმწიფოს კავშირით ბიზნესებთან ასეთი შედეგები მივიღეთ. ცხადია, უარყოფითად აისახება იგივე "თიბისიზე", ქვეყნის იმიჯზე, თითოეულ მოქალაქეზე".
რაც შეეხება "თიბისის" საქმეს, ირაკლი მაკალათია ხაზს უსვამს, რომ პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეში არ ჩანს დაზარალებული:
"დაზარალებული მხარე არ გვყავს. "თიბისი ბანკი" არ დაზარალებულა. არ დაზარალებულა ის კომპანია, რომელსაც ასესხა და უკან დაუბრუნა. არ ჩივის, ყოველ შემთხვევაში ის ადამიანი. მეანაბრეებს არ შექმნიათ პრობლემა. მათ მიმართ ვალდებულებები სრულდებოდა. ბიუჯეტს არ დაკარგვია შემოსავალი. ბუნებაში დაზარალებნული არ გვყავს და რატომ ვჩივით, საინტერესოა".
ვითარების ნათელსაყოფად, "დილის საუბრების" სტუმარს უფრო მცირე კერძო მაგალითიც მოჰყავს:
"მე მეგობარს ვასესხე 1000 ლარი ერთი თვით და ერთ კვირაში ვუთხარი - ჩამოგაწერე ვალი, აღარ მინდა დაბრუნება. ამ დროს სახელმწიფო მოდის ჩემთან და მეუბნება, შენ რატომ წახვედი წაგებაზე? ანუ, ჩემზე საზრუნავად მოდის სახელმწიფო და მეუბნება - ან შენ გცემ, ან მეგობარს, ან ორივეს ერთადო".
ირაკლი მაკალათია საუბარს ასრულებს კვლავ ანაკლიის პორტის აქციების მოქალაქეებისთვის გადაცემისკენ მოწოდებით:
"ანაკლიის პორტი აქციებად გადავცეთ საქართველოს მოქალაქეებს და მერე ეკონომიკა თავისით მიხედავს საქმეს".