Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ბებუას მდგომარეობა დამძიმდა


ახლობლები ირწმუნებიან, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება. ის 2020 წლიდან სოხუმის ციხეში ზის, მას ბრალად „სახელმწიფო სიმბოლიკის“ შეურაცხყოფა ედება.

„ბოლო ორი თვეა ძალიან ტკივა თავი, ხერხემალი, კუჭი. ამას ემატება დეპრესია, არ დგება, საკნიდან არ გამოდის. წამლებიც არა აქვს, მარტო გამაყუჩებელს თუ აძლევენ, თორემ რომ გამოიკვლიონ და მკურნალობა დაუნიშნონ, ეს არ ხდება“, - ამბობს ირაკლის ბიძაშვილი თამუნა ბებუა.

სექტემბერში ე.წ. გამარჯვების ოცდაათ წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ამნისტია გამოაცხადა, თუმცა ის ბებუას არ შეხებია.

„არა, ამნისტიას ვერ მიიღებს [ირაკლი ბებუა]. თავიდან ჩვენც ვიფიქრეთ ამ სიტუაციაზე. თუმცა გამარჯვების ოცდაათი წლისთავის დღეს რომ გავათავისუფლოთ ის კაცი, რომელმაც ჩვენი დროშა დაწვა, ვფიქრობ, ეს იქნება მკრეხელობა და ის ამნისტიაში არ შედის. ამნისტია ის აქტია, როცა საერთოდ არ უნდა ინტერესდებოდე კონკრეტული ადამიანით, მისი ბედით, მხოლოდ იმ მუხლებით უნდა ინტერესდებოდე, რომლებითაც ისინი ციხეში არიან. მაგრამ ეს იყო სიტუაცია, როცა მაინც იყო პირადი ინტერესი კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომ ამნისტია არ მიეღო“, - უთხრა მაშინ „ეხო კავკაზას“ დე ფაქტო დეპუტატმა დაუტ ხუტაბამ.

18 ოქტომბერს ირაკლი ბებუას საქმე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქართველოს მთავრობასაც შეახსენეს. ხელისუფლებას მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: გააძლიეროს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მუშაობა ირაკლი ბებუას გადმოცემისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ყველა ფორმალური და არაფორმალური გზა“, - წერია განცხადებაში.

ცენტრი მიიჩნევს, რომ ირაკლი ბებუას გათავისუფლებამდე საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტო მთავრობას უნდა მოელაპარაკოს და პატიმარი შესაბამისი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოს.

ირაკლი ბებუა დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა. ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ ე.წ. დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა.

მოგვიანებით კი ამ ბრალდებას კიდევ ერთი ბრალი დაემატა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა. ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკის დროს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელნაკეთი ხელყუმბარა РГ-42 აღმოაჩინეს.

2020 წლის 7 დეკემბერს დე ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG