16 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ მარინა ბერაძე, იურიდიულ კლინიკა - "ჩემი ადვოკატის" დირექტორი და ნინო ხუციშვილი, ტრენერ-ადვოკატი. მათ ილაპარაკეს უფასო იურიდიული დახმარების შესახებ: ვისთვის არის ის და რა ტიპის საქმეებში უწევენ დახმარებას მოქალაქეებს? მარინა ბერაძემ აღნიშნა, რომ უფასო იურიდიული დახმარება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა. თუკი ადრე უფასო დახმარება მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გაეწეოდათ, ახლა ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. "ჩემი ადვოკატის" სამსახური განთავსებულია თბილისის გამგეობებთან. იურიდიული კლინიკის დირექტორი განმარტავს, რომ იურიდიული სამსახურის მიზანი არის მოქალაქის დახმარება, როცა ის ინსტიტუციასთან მარტო რჩება. მომსახურება გულისხმობს როგორც კონსლუტაციას, აგრეთვე სარჩელის მომზადებასა და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქის წარმომადგენლობას სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. ნინო ხუციშვილმა ილაპარაკა საკითხებზე, რომლითაც ყველაზე ხშირად ინტერესდება მოსახლეობა და ასეთებს შორის ჩამოთვალა: უძრავი ქონების პრივატიზაცია, ე.წ. "ატსტუპნიკების" საკითხი, ჯანდაცვის სერვისების მიღებასთან დაკავშირებული დავები, მერიის სამსახურებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი დავები. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს თავიანთი უფლებების შესახებ მოქალაქეების ინფორმირების მნიშვნელობაზე.