ილია ჭავჭავაძის სახლში, საგურამოში, დღესაც ინახება ბაირაღი, რომელსაც ერთ მხარეს ოქრომკერდით ამოქარგული აქვს ილიას ინიციალები „ი.ჭ.“ და გვირგვინი, მეორე მხარეს კი - ილიასვე სიტყვები „მეფე დიმიტრი თავდადებულიდან“ ნათქვამი „ბრმა მეფანტურის“ პირით: „კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას კი გზას უნათვიდეს“. ვინ და რა ვითარებაში გადასცა ილიას ეს ბაირაღი? რა დანიშნულება ჰქონდა მას? ვინ იყო მჩუქებელი, რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლე სამშობლოდან შორს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა?
ბაირაღი ილიას კაბინეტში დგას, ვრცელი ოთახის ერთ-ერთ კუთხეში. არადა, იყო დრო, როცა ზ. ქუმარიტაშვილის ხელით ვერცხლისფერი ოქრომკერდით მოქარგულ ამ დროშას სახლის თავზე აღმართავდნენ ხოლმე.
ილიას ბაირაღის შესახებ საყურადღებო ცნობას გვაწვდის საგურამოელი გლეხი სოლკა ლაბაური, რომელიც საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლებს გასული საუკუნის 30-იანი წლებში ჩაუწერიათ საგურამოს სხვა მცხოვრებლებთან ერთად. ლაბაურის თქმით, ილიას ჰქონდა აბრეშუმის ბაირაღი, რომელსაც, როცა სახლში იყო, მაშინ ააფრიალებდნენ, თუ არა და ჩამოიღებდნენ ხოლმე.
და მართლაც, იმის მიხედვით, დროშა ფრიალებდა თუ არა სახლის თავზე, შესაძლებელი იყო განსაზღვრა, იყო თუ არა ილია საგურამოში და, შესაბამისად, მისულიყვნენ მასთან სხვადასხვა საკითხის გასარჩევად.
ილიას ეს ბაირაღი საგანგებოდ დაუმზადეს და აჩუქეს ილიაობის დღესასწაულზე, დროშაზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, 1896 წლის 20 ივლისს.
როგორც ირკვევა, ეკატერინე გაბაშვილი შესწრებია ამ ბაირაღის გადაცემის ამბავს.
„ილიას სახლი ახალი აშენებული ჰქონდა“, - იხსენებს მწერალი ქალი, - „ილიაობა-ჯვარობაზე“ განსაკუთრებულად ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. ახალი სახლის გასწვრივ რამდენიმე ალეა იყო გაყვანილი და ხალხი იმ განიერ გასუფთავებულ გზებზე ორპირად ჩამწკრივდა, შუაში ლურჯი სუფრები გაიშალა, პური, ყველი, მწვანილი, კიტრი და სხვა სანოვაგე მრავლად ეწყო და უშველებელი გოზაურებით ახლო-ახლო ღვინო იდგა. ყანწები, სტაქნები, ჯამები, ერთი სიტყვით, ყველაფერი დიდის წესიერებით და გულუხვობით იყო მომზადებული, ილია თანხლებით ინტელიგენციისა და რჩეული სტუმრობით, დადიოდა მოქეიფე გლეხობის გარშემო, ალაგ-ალაგ ჩადგებოდა მათ შუა, ელაპარაკებოდა და მათ სადღეგრძელოებს სვამდა. ისმოდა მრავალჟამიერი, სუფრული... მანამდე კი მოხდა აი რა: სანამ გლეხობა შეგროვდებოდა, რაღაც ხმაურობა ატყდა: მოსამსახურეები ოთახებში შემოცვივდნენ და არაგვის მხარეს დიდი ბალკონისკენ გაცვივდნენ. ქალებმა ყავის სმა მიატოვეს, ილია თავის სტუმრებთან ერთად ზედა ეტაჟიდან დაეშვა და ყველანი ერთად გარეთ ბაღისკენ გაეჩქარნენ: მშვენიერი სურათი წარმოგვიდგა თვალწინ. ორმოცამდე ცხენოსანი, სულ ყმაწვილი კაცები, ქართულ ტანისამოსში გამოწყობილები, ხავერდის ქულაჯებით, ძვრიფასის იარაღით ასხმულნი, მშვენიერ დარახტულ ცხენებზედ. წყვილ-წყვილათ, ნელა-ნელა მოდიოდნენ და „მგზავრულს“ მწყობრათ მღეროდნენ. მალე მიუახლოვდნენ იმ გორას, რომელზედაც ილიას სახლი იყო აშენებული და თქარა-თქურით ამოიჭრნენ ზემოთ, წინ მოუძღოდათ გრიშა აბაშიძე თეთრ ტანისამოსში, თეთრ ცხენზე მჯდომი და ხელში ეჭირა უშველებელი ბაირაღი ალისფერი ატლასისა ოქრომკერდის ბაფთით მოვლებული და ზედ ამოკერილის ილიას ლექსით. არ მახსოვს რომელით...“
ილიას ლექსი, რომელიც ეკატერინე გაბაშვილმა ვერ გაიხსენა, „მეფე დიმიტრი თავდადებულია“, უფრო ზუსტად ფრაგმენტი ამ პოემიდან: „კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას კი გზას უნათვიდეს.“
ეკატერინე გაბაშვილის თქმით, ბაირაღის გადაცემას განსაკუთრებულად საზეიმო ელფერი შესძინა გრიშა (გრიგოლ) აბაშიძის ამაღელვებელმა სიტყვამ.
ეკატერინე გაბაშვილი: „მალე ყველანი ბალკონზედ შეიკრიბნენ და აბაშიძემ თავის ოქროპირულის ორატორული ნიჭით სიტყვა მოახსენა და მიულოცა ილიას ახალი სახლის აშენება და დღეობა. და როგორც ყოველთვის გრიშას სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: ქალები, მოსამსახურეები სიხარულით, თუ სიტყვის შინაარსით, ავტირდით. თითქო ლიასაც თვალები აევსო ცრემლებით, გადაეხვია აბაშიძეს, ჩამოართვა ბაირაღი და დიდის მადლობით რამდენიმე სიტყვა უთხრა მოსულებს. ბაირაღი ვიღაცამ საჩქაროთ გაიტაცა და მესამე ეტაჟით ამართულ ილიას კაბინეტის თავზე დაარჭო, და დიდებულად აფრიალდა წითელი დროშა მთელი გარემოს დასანახავათ“.
ეკატერინე გაბაშვილის თქმით, „გადამეტებულის გრძნობისგან ილია ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ ნათელი ედგა იმის ძვირფას სახეს და ნამდვილ კმაყოფილებას გამოსახავდა“.
სიკვდილი „სულით დაავადებულთა“ საავადმყოფოში
ვინ იყო გრიგოლ (გრიშა) აბაშიძე, ეკატერინე გაბაშვილის თქმით, „ოქროპირული ორატორული ნიჭით“ დაჯილდოვებული მხედარი, რომელმაც ილია ჭავჭავაძეს ბაირაღი გადასცა?
პოეტ გრიგოლ (გრიშა) აბაშიძესთან მეგობრობდა თავისი დროს ლამის ყველა ცნობილი ადამიანი საქართველოში. ილიას მსგავსად, მის ლიტერატურულ ნიჭს დიდად აფასებდა აკაკი წერეთელიც, რომელიც თითქმის ოთხი ათეული წლით უფროსი იყო გრიგოლ აბაშიძეზე. ისიც ვთქვათ, რომ ეს სწორედ ის გრიგოლ აბაშიძეა, რომელსაც ვალერიან გაფრინდაშვილი ახსენებს თავის ცნობილ ლექსში სათაურით „ბოჰემის მონოლოგი“:
„...მე ვესალმები დღენაკლულ პოეტებს.
და მინდა კიდევ ჩამოვთვალო ეს სახელები:
ჟერარ დე-ნერვალ, მორის როლლინა, ტომას ჩატერტონ,
ჟიულ ლაფორგ, ლოტრეამონ, კრისტოფორ მარლო,
გრიშა აბაშიძე!
კარიერა მარტოობის და ლოთობის;
გიჟი ედგარი ნახეს ქუჩაში
მთვრალი და მომაკვდავი
და ესეც იყო -ხარაკირი.
მე მეჯავრება პოეტისთვის რამე ხელობა.
მისთვის ვიწამე სამუდამოთ ეს კარიერა
სიგიჟე, ჭლექი, ალკოგოლი და თვითმკვლელობა!
სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად!“
გრიგოლ აბაშიძე მართლაც ახალგაზრდა, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, მდაბიურად რომ ვთქვათ, შეიშალა... თუმცა ვიდრე მის ტრაგიკულ აღსასრულს შევეხებით, ვთქვათ, რომ ძალიან ადრეული ასაკიდან თხზავდა ლექსებს და იყო გამორჩეულად კარგი მოწაფე ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც მასთან ერთად სწავლობდნენ „სასახელო და დამამშვენებელი მოწაფეები“ ნიკო მარი, გიორგი ლასხიშვილი და დიმიტრი ხოშტარია, მომავალი მწერალი დუტუ მეგრელი. ამ უკანასკნელის მოგონებების მიხედვით, უთუოდ სხვაგვარად წარიმართებოდა გრიგოლ აბაშიძის ცხოვრება, რომ არა მისი მშობლების საბედისწერო შეცდომა, როცა უსახსრობის გამო ვერ გადაიხადეს პანსიონში შესატანი ფული და ახალი სადგომის ძებნისას შეარჩიეს ერთი დაბალი ხარისხის სასტუმრო („Кавказъ“), რომელიც „უბრალო სამიკიტნოს ბევრად არ აჯობებდა“. დიმიტრი ხოშტარიას თქმით, სასტუმრო-სამიკიტნოს ატმოსფერომ ცუდად იმოქმედა ყმაწვილ გრიგოლ აბაშიძეზე:
„რა დღესაც გრიშა სასწავლებელში არ მოვიდოდა, გავიქცეოდი ხოლმე მასთან სასტუმროში. - გრიშა სად არის? ავად ხომ არ არის? - მივაძახებდი კიბეზე შესვლისთანავე მსახურს, - „ავად კი არა, ამ დილითვე იების საკრებად წაჰყვა კნიაჟნა X-ს და კნიაჟნა Y-ს მინდორში“, - მეტყოდა მსახური ღიმილით“.
მოკლედ, ნიჭიერი ყმაწვილი, როგორც იტყვიან, გზას ასცდა. თავდაპირველად იდილიური ყვავილების კრეფა „ნაცნობ კნიაჟნებთან“ ზნეობრივად საეჭვო, ქუჩის და სასტუმროს ქალებთან დროს გატარებით შეიცვალა. ჯერ კლასში ჩატოვეს, შემდეგ კი საერთოდ გავიდა სასწავლებლიდან და ვექილობას მიჰყო ხელი.
„განსვენებული გრიგოლ აბაშიძე პოეზიის მოციქული იყო და ამიტომ შეიყვარა იგი ჩვენმა საზოგადოებამ, ამიტომ შეუნდო მას პირადი ცხოვრების ცოდვანი... ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მწუხარებით გავიხსენოთ განსვენებული პოეტის ცხოვრება. გავიხსენოთ, რომ მას აკლდა ხასიათის სიმტკიცე და თავი ამ სოფლიურ წუთიერ ვნებათ დააჩაგვრინა... რად უნდა მოვიხსენოთ ჩვენ ავად განსვენებული ახალგაზრდა პოეტი? ნუთუ იმიტომ, რომ იმიტომ, რომ მისმა უბედურმა ცხოვრებამ თავად დაჩაგრა იგი, ყველაზე მეტი თვითონ მას ავნო“, - წერდა გაზეთი „ივერია“ თავის ყოფილ თანამშრომელზე.
გრიგოლ აბაშიძემ მართლაც შეძლო ლიტერატურაში დაბრუნება და მუდმივ თანამშრომლადაც კი ირიცხებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“, სადაც „შროშანას“ „მენავეს“ და „ვინმეს“ ფსევდონმით წერდა.
იყო დრო, ისეთი პოპულარობით სარგებლობდა, რომ მუდამ შავი ჩოხით მოსიარულეს საზოგადოება ოვაციით და ვაშას ძახილით ხვდებოდა ხოლმე, თუმცა საზოგადოებაზე ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა გრიგოლ აბაშიძის ფენომენალური მეხსიერება.
კოკი აბაშიძის მოგონება: „ერთხელ საჩხერეში, ბეჟან წერეთელთან სტუმრობისას აკაკის სთხოვეს წაეკითხა რამე ლექსი. აკაკიმაც წაიკითხა რამდენიმე სტროფიანი ლექსი, რომელიც იმ დილით დაეწერა. როცა მორჩა ლექსის კითხვას, სწორედ იმ დროს დარბაზში შესულა გრიგოლ აბაშიძე და სტუმრებს მისთვისაც უთხოვიათ ლექსის წაკითხვა. გრიშა აბაშიძემ ზეპირად წაიკითხა ზუსტად იგივე ლექსი, რომლითაც წუთის წინ თავი მოიწონა აკაკიმ.
აკაკი გაოცებული მივარდნია აბაშიძეს და აღელვებულს უკითხავს:
- ეს შენი ლექსია?
- დიახ, ბატონო, სწორედ დღეს დილით დავწერე.
- როგორ თუ შენ დაწერე, როდესაც ეს ლექსი მე დავწერე დღეს და ეს-ეს არის მისი კითხვა დავასრულე.
გრიშა აბაშიძის მხიარულ სიცილს დაუსრულებია ეს ინციდენტი. კართან მდგომს ყურადღებით მოუსმენია ლექსი და მთლიანად აღუბეჭდავს თავის მეხსიერებაში“.
იპოლიტე ვართაგავას თქმით („ქართველ მწერალთა სილუეტები“), გრიგოლ აბაშიძის არაჩვეულებრივი მეხსიერების ამბავს ადასტურებს შალვა დადაიანისგან გადმოცემული ამბავიც:
„ქუთაისის დასი დგამდა „მარგარიტა გოტიეს“. გრიგოლ აბაშიძე დაესწრო პიესის წინასწარ კითხვას, რომლის დასრულების შემდეგ მთავარი როლის შემსრულებელმა ეფემია მესხმა დაიჩივლა, ვერ შევძლებ ამხელა როლის შესწავლასო. გრიგოლ აბაშიძეს მაშინვე გამოუთქვამს თავისი გაკვირვება ასეთი განცხადების გამო და ზეპირად წაუკითხავს მარგარიტას ვრცელი მონოლოგი“.გრიგოლ (გრიშა) აბაშიძე 1903 წელს, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა სამშობლოდან შორს, ქალაქ პეტერბურგში, სადაც ის სამკურნალოდ გაგზავნა ქართულმა საზოგადოებამ.
„პოეტს ავადმყოფობის გაძლიერების ნიშნები შეეტყო და უკვე საშიში ხდებოდა მისი ჩვეულებრივ მდგომარეობაში დატოვება. ქართულმა საზოგადოებამ სულით ავადმყოფი პოეტი პეტერბურგში საექიმოდ გააგზავნა. ფსიქიატრიული საავადმყოფო შეიქმნა მისი უკანასკნელი თავშესაფარი“, - წერდა იპოლიტე ვართაგავა, რომლის თქმითაც, შეშლილი პოეტი სიცოცხლესაც ლექსით გამოემშვიდობა:
ჩემის სიჭაბუკისა
ვარდი უკვე დამჭკნარა,
ვჭვრეტ მომავალ სიკვდილსა,
მესმის მისი ნაღარა.
ვერ მიშველის წამალი,
ვერ მიხსნიან ლოცვები,
ჩემსკენ გრგვინვით მოგორავენ
სასამარო ლოდები.
მაშ, სიმებო, სულ-მობრძავს
დაახვალეთ მწუხარეს:
ცრემლიანის ქვითინით
მიმაბარეთ სამარეს.
ამცნეთ ყველას სიკვდილი
ჩემი ნორჩი გულისა,
უთხარით, რომ მსხვერპლი ვარ
უღვთო სიყვარულისა.
მართლაც „ცრემლიანის ქვითინით“ მიაბარეს გრიგოლ აბაშიძე მიწას, თუმცა მიაბარეს არა მშობლიურ მიწას, არამედ უცხო ქვეყნისას. იმის გამო, რომ არც ნათესაობამ და არც საზოგადოებამ არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება, პოეტის დაკრძალვაზე იზრუნეს პეტერბურგის ქართველმა სტუდენტებმა, რომლებმაც დროებით განსასვენებლად შეარჩიეს „ვოლკოვოს“ სასაფლაო.
„სამარცხვინო გულგრილობა გამოიჩინეს პოეტის ხსოვნის მიმართ ახლობელმა ნათესავებმა - მეფის კარის კამერგერმა ს. წერეთელმა და შავი ქვის მრეწველობის საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგმა (მოადგილემ) კიტა აბაშიძემ, რომლებიც აცხადებდნენ განსვენებული პოეტის დროებით გარეთ დასაფლავების შესახებ, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ მისი გადმოსვენებისთვის. გულგრილობა გამოიჩინეს სხვა სხვა ამხანაგებმაც“, - წერდა იპოლიტე ვართაგავა.
მალევე გაირკვა, რომ „დროებითი დასაფლავება“ სულაც არ აღმოჩნდა დროებითი. ფუჭი გამოდგა ქართული საზოგადოების ქადილი, ფულს ვაგროვებთ, რათა მგოსნის ნეშტი ჩამოვასვენოთ სამშობლოშიო.
„განვლო ათმა წელიწადმა და გრ. აბაშიძე დღესაც იქ განისვენებს, სადაც ქართველმა ახალგაზრდობამ დროებით დაასაფლავა. განზრახვა განზრახვად დარჩა, საქმე მიყუჩდა, როგორც ჩვენდა სავალალოდ ბევრი რამ მიყუჩებულა და მივიწყებულა ჩვენში. დღემდე მის საფლავს, რომელსაც ერთი მტკაველი მიწა უჭირავს რუს მწერალთა და მოღვაწეთა შორის, დამპალი ხის ჯვარი ამშვენებს. წელს მოსწავლე ახალგაზრდობამ მოიწადინა ათი წლის გულგრილობის შედეგი გაესწორებინა: განსვენებულის საფლავზე ახალი ჯვარი დაადგა, საფლავს მოაჯირი შემოავლო და განსვენებულ მგოსანს მრავალი ქართველის თანდასწრებით პანაშვიდი გადაუხადა. შექმნეს კომიტეტი, რომელსაც უნდა ეზრუნა მგოსნის ნეშტის სამშობლოში გადასვენება. ეს ვალად აწევს არა მარტო ახალგაზრდობას, არამედ მთელ ქართველ საზოგადოებას. მივმართავთ ქართველ საზოგადოებას და მოვუწოდებთ მას - დაგვეხმაროს ამ საქმეში“, - წერდნენ ქართველი სტუდენტები 1912 წელს გაზეთ „ქუთაისში“, თუმცა მათი ეს მოწოდება, სამწუხაროდ, მოწოდებადვე დარჩა.