1944 წლის 23 თებერვალს, ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიიდან ყაზახეთში. Настоящее Время აქვეყნებს ინგუშეთის მცხოვრებთა მოგონებებს იძულებითი გამოსახლების, ახლობლების სიკვდილის, გადასახლებაში ცხოვრებისა და სამშობლოში დაბრუნების შესახებ.
ისა კოძოევი: “ეს ხშირად მესიზმრება”
ისა კოძოევი 1944 წლის თებერვალში იყო 5 წლის.
გამოგვიცხადეს: “თქვენ ხართ ბანდიტები, მოღალატეები, აქ თქვენი ადგილი არაა. ასე გადაწყვიტა პარტიამ და ხელისუფლებამ”. თავიდან ყველა დუმდა… შემდეგ უკმაყოფილება გამოითქვა - ამას კი მოჰყვა სროლა. გაგვაგებინეს, რომ უკმაყოფილების გამოხატვა არ ღირდა.
ძაღლი გვყავდა, სახელად ხაგი. ჯერ კიდევ ლეკვი იყო, როცა ბიძაჩემმა მოგვიყვანა. ყეფდა და სამხედროებს ეზოში არ უშვებდა, ამიტომ ესროლეს.
კიდევ მახსოვს, 4 ოფიცერი ცხოვრობდა ჩვენთან. ოთახი გამოუყვეს. საღამოობით, ბებო ცხელ ვახშამს ამზადებდა. ამბობდა, “ეს ომები, საცოდავი კაცები…” და როგორც აღმოჩნდა, ეს ის ოფიცრები იყვნენ, ჩვენს გასახლებას რომ გეგმავდნენ.
პატარაობაში ხშირად ვთამაშობდი მათთან, ორცხობილებს მაძლევდნენ ხოლმე. გამოსახლების დღეს, ერთ-ერთმა ხელში ამიყვანა, მე კი გავარტყი. და შევაფურთხე. მამაჩემს ჰკითხა: “აიუბ, რა უნდა ჩემგან?” - “ვერ ხვდები? რას უშვებით ჩვენს ერს…” - უპასუხა მამამ.
“მე გადავრჩი”
თვრამეტი დღე მივდიოდით. მეზობელ ვაგონში მოხუცი ქალი სიკვდილის პირას იყო. ერთადერთი შვილი ჰყავდა. ეს ქალი სულ რძეს ითხოვდა. ერთ-ერთ გაჩერებაზე შვილმა მოახერხა რძის ყიდვა.
კარგად მახსოვს, კარი ჯერ კიდევ ღია იყო, თუმცა მატარებელი დაიძრა. კაცს რძე მარცხენა ხელში ეჭირა და ძალიან ცდილობდა ჩვენს ვაგონს დასწეოდა. ჯარისკაცის ფეხებ შორის ვხედავდი, როგორ მორბოდა. სამხედრო მიხვდა, რომ კაცი ვეღარ დაგვეწეოდა და ესროლა. მახსოვს, როგორ გაიფანტა რძის შხეფები. ეს სურათი ძალიან ხშირად მესიზმრება.
შემდეგ თოვლში გადმოგვიყვანეს. საშინელი სიცივე იყო. ჩვენ სამხრეთის ხალხი ვართ, ბევრს ჩუსტები ეცვა. იქ, ალბათ, მესამედი დაიღუპა. უმეტესობა ბავშვები. ჩვენს ოჯახში, მადლობა ღმერთს, ერთადერთი მცირეწლოვანი ვიყავი. მე გადავრჩი. ჩვენ გადავრჩით. მზე ამოვიდა, ავდექი, მიმოვიხედე და ბებიას ვკითხე: “მთები სად გაქრა?” მან კი მიპასუხა: “აქ, როგორც ამბობენ, მთები არაა. ასეთი ქვეყანაა, ბრტყელი".
კოლმეურნეობის თავმჯდომარეები ისეთ ოჯახებს არჩევდნენ, სადაც ბევრი მუშა ხელი იქნებოდა. სადაც ბევრი ბავშვი, ქალი, მოხუცი იყო, იმ ოჯახებმა 2-3 დღე გაატარეს თოვლზე. ჩვენ აგვიყვანეს, რადგან რამდენიმე მუშახელი იყო: მამა, ბაბუა, ბიცოლა და ბიძა.
პატარა “აბრაგი”
მოლოტოვის ბრძანება იყო, რომ სამუდამოდ გადაგვასახლეს. საბჭოელები ხალხს ეუბნებოდნენ: კაციჭამიები და მოძალადეები მოდიანო, თავს გაუფრთხილდით, ბავშვებს მიხედეთ, ბავშვებს ჭამენო.
შორიდან ყველა ბავშვის სახელი ვიცოდი. დარბოდნენ და ერთმანეთის სახელებს ყვიროდნენ. მათ შორის ერთი გოგო იყო, ტანია. მეც მინდოდა თამაში, მაგრამ როგორც კი მივუახლოვდებოდი, გარბოდნენ და ყვიროდნენ: "З’їсть, з’їсть!" რაც უკრაინულად ნიშნავს “შეჭამს”.
მე ხომ ინგუში ვარ, აბრაგი. იქვე იყო ორმო, სადაც დამალობანას თამაშის დროს იმალებოდნენ. იქ დავიმალე და დავიჭირე ტანია. ისეთი კაბა ეცვა, ძალიან ლამაზი მომეჩვენა. ღმერთო, რა არ მიქნა: იფურთხებოდა, მკაწრავდა, ყვიროდა, მირტყამდა. მე კი ერთ რამეს ვიმეორებდი: “არ გინდა, ტანია, არ გინდა, არ გინდა!”
ვისხედით, ვისხედით და როგორც იქნა ლაპარაკი დავიწყეთ. ის უკრაინულად საუბრობდა, მე ინგუშურად. ალბათ ვაგებინებდით ერთმანეთს. მერე წავიდა…
სკოლაში რომ შევედი ბავშვები მეუბნებოდნენ, რომ ეგონათ ადამიანებს ვჭამდით ინგუშები.
52 წელს გარდაიცვალა მამაჩემი. მე ობოლთა ინტერნატში მოვხვდი. შემდეგ ამ ინტერნატიდან გამომრიცხეს, როგორც სპეციალურად გადასახლებული. მეექვსე კლასში ვიყავი.
იყო ასეთი დასახლება - ლივანოვკა. ამბობდნენ, იქ ერთი ადგილიაო. მითხრეს: გზაში იცეკვე, არ გაჩერდეო. 50 კილომეტრი უნდა გვევლო ღია მანქანით. თუმცა ძლიერი ყინვა არ იყო, დაახლოებით 10 გრადუსი.
ეს იყო პატარა ბავშვთა სახლი. ჩვიდმეტი გოგო და ცამეტი ბიჭი. 56 წლამდე აქ ვიცხოვრე.
სკოლაში ბანდიტს მეძახდნენ. ჩემს გერმანელ მეგობარ არნოლდს ფაშისტს. თითქმის მივეჩვიეთ კიდეც ამას.
მეშვიდე კლასში გვქონდა საგანი “სსრკ-ს კონსტიტუცია”. მასწავლებელს ერქვა კიმ ივან ივანოვიჩი, ეროვნებით კორეელი იყო. ერთ გაკვეთილზე ხელი ავწიე და ვიკითხე: რატომ თქვით, რომ ყველა ერს თანაბარი უფლებები აქვს? რატომ არ აქვთ ინგუშებსა და გერმანელებს ის უფლებები, რაც სსრკ-ის სხვა მოქალაქეებს? თავში სათვალე ჩამიკაკუნა და მითხრა: “ბანდიტებისა და ფაშისტებისთვის კონსტიტუციას კი არ წერენ, ციხეებს აშენებენ!”
ტირილი გეოგრაფიის ნაცვლად
ზამთარი. გაუთბობელ კლუბში შეგვკრიბეს. “მსოფლიო პროლეტარიატის წინამძღოლი…” - მისი ჩვიდმეტივე ტიტული ჩამოთვალეს, - “იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინი გარდაიცვალა”.
იცით, მაშინ მიღებული იყო აპლოდისმენტები “იოსებ ბესარიონოვიჩის” შემდეგ. და წინა რიგში მსხდომმა ინგუშმა ბავშვებმა დაიყვირეს: “ურა!” და ტაში დაუკრეს. პანღურებით გამოყარეს გარეთ.
მე ვიცოდი, რომ ტაში არ შეიძლებოდა. მე და არნოლდი ერთ მერხთან ვისხედით, რადგან ჩვენთან დაჯდომა არავის უნდოდა: მე ბანდიტი, ის ფაშისტი. “მოკვდა, ხომ?” - ამბობს არნოლდი. კი-მეთქი - ვპასუხობ და გვიხარია. სიცილისგან სული გვეხუთება, ისე გვიხარია ორივეს. გეოგრაფიის მასწავლებელს კი ეგონა ტირილისგან გავხდით ცუდად და არნოლდს ეფერებოდა: “არაუშავს, ბავშვებო, პარტია არ დაგვტოვებს, გადაგვარჩენს”.
ერთი რუსი კლასელი გოგო გვყავდა. შესვენებაზე დავიჭირეთ და დავემუქრეთ, როგორც კი გაკვეთილი დაიწყება ტირილი დაიწყე-მეთქი, თუ არადა!..” შესვენება დასრულდა და უცებ გოგო ამბობს: “ღმერთო, რა გვეშველება, მსოფლიო პროლეტარიატის წინამძღოლი გარდაიცვალა!” ჯერ გოგოები აყვნენ, შემდეგ ბიჭები და მთელი გაკვეთილი ჩაიშალა.
ორი კვირა გავაგრძელეთ ეს საქმე. შემდეგ გეოგრაფიის მასწავლებელი მიგვიხვდა.
“გამოაცხადეს, რომ არანაირი ბანდიტები არ ვიყავით”
ზამთრის არდადეგებზე ბიძასთან ჩავედი. ვიღაცები ხალხს აგროვებდნენ. უცებ განაცხადეს, ინგუშებს, ჩეჩნებს, ყაბარდინო-ბალყარელებს, ყარაჩაელებს უკანონოდ ავიწროებდნენო.
ასეთი ნათელი დღე ინგუშ ერს ცოტა ახსოვს. განაცხადეს, რომ არანაირი ბანდიტები არ ვიყავით, რომ ჩვეულებრივი, ნორმალური ხალხი ვიყავით, როგორც ყველა.
თითქოს ბედნიერების ზღვაში ჩამაგდეს! ბედნიერების ზღვაში. გულიდან ლოდი მომეხსნა. რთულია ამ განცდების გადმოცემა.
56 წელი იყო, შემოდგომა. ჩეჩნები და ინგუშები - ყველა მატარებელში! და ყველა სამხრეთისკენ. კავკასიაში პირველ სადგურზე ვიღაცამ ავარიული მუხრუჭი აამოქმედა. კარები გაიღო, ხალხი ჩაცვივდა და მიწაზე დაწვა. ტიროდნენ, მიწას კოცნიდნენ, თავს ურტყამდნენ. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ყვიროდნენ: “სამშობლო, სამშობლო!”
ისა კოძოევი - ცნობილი ინგუში მწერალი, პოეტი და პოლიტიკური მოღვაწეა. 1963 წელს, მოთხრობების ციკლის, “ყაზახური დღიურის” გავრცელებისთვის დააპატიმრეს და ოთხწლიანი კოლონია მიუსაჯეს.
იაკუბ მედოვი: “გვეშინოდა, რადგან მეორე მხარეს იყვნენ მკვდრები”
ჯარბიალ მედოვი 1937 წელს დააპატიმრეს, პატარა იაკობის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე. დაადანაშაულეს ბანდიტიზმში და 1938 წელს დახვრიტეს. როგორ დაიღუპა მედოვ-უფროსი, ოჯახმა 1961 წელს შეიტყო. 1944-ში მას ჯერ კიდევ ელოდნენ სახლში, ამიტომ 23 თებერვალს, როცა ეზოში სამხედროები გამოჩდნენ, დედას ეგონა, რომ მათ დააკავებდნენ, როგორც “ხალხის მტრის” ოჯახს. იაკობი მაშინ ექვსი წლის იყო.
დილით დედამ კვერცხის შეწვაც ვერ შეძლო - არ გვისაუზმია. ორი ჯარისკაცი მოვიდა, გვითხრეს, უნდა წაგიყვანოთო. დედამ იფიქრა, რომ ეს მამის გამო ხდებოდა.
ბიძაჩემს ორი ვაჟი ჰყავდა, ჩვენ სამნი ვიყავით - მე და ჩემი ორი და. ხუთივე ბავშვი ურემზე დაგვსვეს, დედა, მამაჩემის დედა და ბიძაჩემის ცოლი ფეხით მოგვყვებოდნენ. მეჩეთთან ახლოს, დიდ ეზოიან სახლში ცხოვრობდა აუშევ ისრაილი. დაბინდებამდე ამ ეზოში ვისხედით. იმ ნივთებზე დაგვსვეს, რომელთა წამოღებაც დედამ და ბებიამ მოახერხეს, პლედებში გაგვახვიეს - ზამთარი იყო. ძლიერად თოვდა.
ბრეზენტით გადახურული დიდი მანქანები გამოჩდნენ. ამ მანქანებზე დაგსვეს და რკინიგზის სადგურზე გაგვიყვანეს. მატარებელში ჩაგვსვეს და მაშინვე დაკეტეს ვაგონები.
მომწონდა მგზავრობა მანქანით, მატარებლით. თუმცა ვიცოდი, რომ ტრაგედია იყო, რადგან ირგვლივ ცრემლებს ვხედავდი, ყვირილი მესმოდა. ქალები ნივთების მანქანაში ატანას ცდილობდნენ, სამხედროები კი ამის უფლებას არ აძლევდნენ. ბალიშის პირები იხევა, ყველგან ბუმბულები დაფრინავს.
“ის მატარებელს ჩამორჩა და დახვრიტეს”
ვაგონში ღუმელი იდგა. ტუალეტი არ იყო, ძალიან პატარა ადგილი იყო. დაწოლა კი არა - დგომაც რთული იყო. მთელი დღე და მთელი ღამე ენთო ღუმელი, თუმცა ასეთი უზარმაზარი ვაგონისთვის ძალიან პატარა იყო. ციოდა.
გაჩერებებზე ერთი სათლი მარცვლეულის ფაფა მოჰქონდათ. უფროსები ამ ფაფას არ ჭამდნენ და ბავშვებს აძლევდნენ.
დაგვიანება არ შეიძლებოდა. თუ მატარებელი დაიძვრებოდა, შენ კი დარჩებოდი, ასვლა ვეღარ ახერხებდი - შესაძლოა დაეხვრიტე. მახსოვს ერთი ასეთი შემთხვევა. კაცი მატარებელს ჩამორჩა, მოსდევდა, მაგრამ ვერ დაეწეოდა… და ესროლეს.
ხალხი ცდილობდა გარდაცვლილი დაემალათ და მასზე ნივთებს ალაგებდნენ. მაგრამ ჯარისკაცები მოდიოდნენ, ჩხრეკდნენ, ცხედარი გაჰქონდათ და თოვლზე ტოვებდნენ. დასაფლავება შეუძლებელი იყო: მატარებელი არ ჩერდებოდა, რომ საფლავის გათხრა ყოფილიყო შესაძლებელი.
დედა ამბობდა, რომ ორი კვირა გავატარეთ გზაში. საბოლოოდ, ეშელონი გაჩერდა. ირგვლივ შენობები არ იყო, არც წინ, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. არც სახლები, არც ყაზარმები, არც ხეები - არაფერი. მხოლოდ მარხილები იდგა, უამრავი მარხილი. ამ მარხილებით ჩავედით სოფელში, საღამოს. ნოვოჩერკასკი ერქვა.
გვამები კედლის უკან
ჩვენი ოჯახი - ხუთი ბავშვი, დედა, ბიცოლა და ბებია - უკრაინელ მოხუც ქალთან შეგვასახლეს. მარტიდან შემოდგომამდე მასთან ვიყავით, შემდეგ კი გვითხრა: ჩემი ქალიშვილები ბრუნდებიან სამსახურიდან და სადმე უნდა გადახვიდეთო.
ჩვენს მეზობლად ალბოგაჩიევები ცხოვრობდნენ. საერთო კედელი გვქონდა. დიდი ოჯახი იყო. შვიდი ადამიანი დაეღუპათ და მათ გვამებს კედლის უკან აწყობდნენ, რადგან უხეში ზამთრის გამო, დასაფლავება შეუძლებელი იყო. ამ კედელთან ბავშვებს გვეშინოდა დაწოლა, რადგან ვიცოდით, რომ მეორე მხარეს გარდაცვლილები იწვნენ. ამიტომ აქ ბებია იძინებდა, ჩვენ - იატაკზე.
ჩვენი კომენდანტი ძალიან მკაცრი იყო. ყველა ეზოში შედიოდა, ახალგაზრდა ინგუში ქალები გამოჰყავდა, მათ შორის, დედაჩემი. შემოდგომასა და გაზაფხულზე მდინარის ზედაპირი იყინებოდა - და ეს ქალები ვალდებულნი იყვნენ გადასულიყვნენ მეორე ნაპირზე და ძალიან შორს, აგურისთვის თიხის საძერწად წასულიყვნენ. ერთხელ დედას ვთხოვე არ წასულიყო. თუ არ წავალ, მათრახით მცემენო - მიპასუხა.
“გერმანელები, ჩეჩნები, ინგუშები - ხალხის მტრები!”
სკოლაში 10 წლის შემიყვანეს. ბებერი წავედი სკოლაში…
მეშვიდე კლასში ერთი მასწავლებელი გვყავდა, უკვე ასაკში იყო, ალბათ 50 წლამდე. კონსტიტუციასა და გეოგრაფიას ასწავლიდა. გაკვეთილზე, როცა ჩრდილოეთ კავკასიაზე დაიწყო საუბარი: ეს დაღესტანია, ეს ყაბარდო-ბალყარეთი, ეს ჩრდილოეთ ოსეთი - ცხარედ ვიტირე. მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა: “არაუშავს, არაუშავს, ყველაფერი გამოსწორდება”. მე კიდევ უფრო ძლიერად ავტირდი. მწყინდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის, ჩვენს რესპუბლიკას არ ასახელებდნენ.
სკოლის დირექტორი მაგიდაზე აკაკუნებდა: “გერმანელები, ჩეჩნები, ინგუშები - ხალხის მტრები! და თქვენ სწავლის უფლებას გაძლევენ! მოღალატეები, არამზადები!” რას ეტყოდი დირექტორს? შეეძლო ნებისმიერი მიზეზი მოეგონებინა და სკოლიდან გაერიცხე. გვეშინოდა და არ ვეპასუხებოდით. უბრალოდ, სახლში მივდიოდით და იქ ვყვებოდით მომხდარზე. გადასახლებულები ვიყავით, უნდა მოგვეთმინა. ვითმენდით…
47 წლამდე დედა მამას ელოდა. იქნებ, 10 წელი მიუსაჯეს? რადგან 37-ში დააპატიმრეს, 47-ში უნდა ჩამოვიდეს. მაგრამ არ ჩამოსულა. მერე ფიქრობდა, იქნებ, იქ დაქორწინდაო, იქნებ, არ უნდა აქ ჩამოსვლა, იქნებ მოკვდა?
სტალინის სიკვდილი და სახლში დაბრუნება
სკოლაში რომ გამოაცხადეს გარდაიცვალაო, ყველამ ტირილი დაიწყო. მე ვერაფრით ვიტირე და თვალებზე ნერწყვს ვისვამდი, თითქოს მეც ვტიროდი. ვფიქრობდი: მორჩა, ჩვენი ტრაგედია ასე დასრულდება, სტალინის სიკვდილით.
…მოვიდნენ და თქვეს: ყრილობა იყო, ყველა ცოდვაში სტალინი დაადანაშაულეს, მალე გამოჩნდება ასეთი დოკუმენტიო. დოკუმენტი მართლაც გამოჩნდა - ხრუშჩოვის მოხსენება. თავიდან ის საიდუმლო იყო, შემდეგ ხელიდან ხელში გადადიოდა.
როცა სახლში ვბრუნდებოდი, მატარებლის ფანჯარას ვერ ვწყდებოდი. ვხედავდი ამ მთებს და მიხაროდა. განადგურებულ სოფლების დანახვა ძალიან მტკიოდა. საფლავების ფილებიც კი გაუძარცვავთ. ამის ნახვა მტკივნეული იყო, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რადგან ყველაფრის აღდგენა შეიძლებოდა.
ისა კოსტოევი: “ერთ თვეში, ჩვენი ოჯახის სამი წევრი მოკვდა”
ისა კოსტოევი 1944 წელს ორი წლის იყო. თებერვლის მოვლენებზე მას ესაუბრებოდნენ დედა და მარია ივანოვა, მამის მეორე ცოლი, რომელიც თავის ქმართან და შვილებთან ერთად გადაასახლეს.
1941 წლის ბოლოს, მამა ჯარში წაიყვანეს. მაგრამ არა მოქმედ, არამედ ე.წ. შრომით ჯარში და როსტოვში გაამწესეს. 42-ში მამა მეორედ დაქორწინდა რუს ქალზე. 43-ში მარია ივანოვასთან ქალიშვილი შეეძინათ.
1944 წლის თებერვალი დადგა. მამა დილით ადრე სადღაც წაიყვანეს, თითქოს რაღაც შეკრებაზე. როგორც აღმოჩნდა კაცები მთელი დასახლებიდან სკოლის შენობაში შეიყვანეს და ალყაში მოაქციეს.
და ეს რუსი ქალი… ის მოვიდა ჩვენთან ქოხში, სადაც მე და დედაჩემი ვიყავით. სამხედროებმა იეჭვეს: რუსულად კარგად საუბრობს, ახალგაზრდა ქალია. დაინტერესდნენ ეროვნებით ვინ იყო. უთხრეს: “შენ შეგიძლია დარჩე, ეს ორი კი უნდა წავიყვანოთ”. მან იკითხა: “და მამა?” - “მამა მათთან ერთად წავა”. “მაშინ მეც მათთან ერთად წავალო”, - თქვა ქალმა.
ყველა მანქანაში ჩაგვსვეს და რკინიგზის სადგურზე მიგვიყვანეს. ჩემი დედინაცვალი დეტალურად მომიყვა, რაც ხდებოდა. რკინიგზის სადგურთან ახლოს ოთხი ალვის ხე იყო. აქ დაგსვით ოთხივე და ვაგონში ადგილის საძებრად წავედიო.
“მახსოვს ეს სარდაფი”
ჩრდილოეთ ყაზახეთში, ჯალტირის სადგურზე ჩაგვიყვანეს. ჩვენმა ოჯახმა ბოსტნეულის მაღაზიაში, სარდაფში დაიწყო ცხოვრება. მახსოვს ეს სარდაფი. უფროსებთან ერთად ქვანახშირს ვიპარავდით, სახლში მოგვქონდა და ღუმელს ვანთებდით.
49 წელს ამ სადგურიდან სხვა ადგილას გადაგვიყვანეს, სადაც შახტები იყო. ყველა სრულწლოვანი შახტში წავიდა სამუშაოდ.
სკოლაში ვერ მოვხვდი, რადგან წითელათი დავვაადდით ყველანი. ერთ თვეში სამი ოჯახის წევრი დაგვეღუპა: ორი ძმა და ერთი და. სამი დაიღუპა, ოთხნი გადავრჩით. ამის შემდეგ მამაჩემი გაჭაღარავდა. მთლიანად გათეთრდა.
თოვლი რომ დადნებოდა, ძლიერი ქალები ჩანთებით მიდიოდნენ და მარცვლეულს აგროვებდნენ. დედაჩემი და დედინაცვალიც დადიოდნენ. ხანდახან გამოჩნდებოდა ხოლმე მხედარი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე. დასდევდა ქალებს და მათრახს იქნევდა. ქალები წყევლიდნენ მასაც, და საერთოდ ცხოვრებას. ზოგი ტიროდა. მაგრამ როგორც კი წავიდოდა, ქალები ისევ თავის საქმეს უბრუნდებოდნენ.
გაზეთი თუ ჩაგივარდებოდა ხელში, მოხუცები გვეკითხებოდნენ, რადგან ვერ თვითონ ვერ კითხულობდნენ, თუ ეწერა, როდის გვაბრუნებდნენ სახლში. სადაც მთებს სურათს ვნახავდი, მამაჩემთან გავრბოდი და ვეკითხებოდი: “მამა ეს ჩვენი სამშობლოა?” ეწერა, ვთქვათ, "მახაჩყალა". მამა მპასუხობდა: “არა, მაგრამ ჩვენს სამშობლოსთან ძალიან ახლოსაა”.
ჩხუბი თოვლზე
ერთ დღესაც სკოლაში მივედით. ყველა დერეფანში დაგვაყენეს. წინ დირექტორი იდგა, რუსი ქალი, მასწავლებლებთან ერთად. “ბავშვებო, დაიღუპა ჩვენი წინამძღოლი, ჩვენი მასწავლებელი იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინი”, - და მასწავლებლებმა ტირილი დაიწყეს. ზოგი ბავშვიც ტიროდა. “დღეს კლასი არ იქნება, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ”. ჩემ გვერდზე ერთმა ბიჭმა იტირა, სატაროვი იყო გვარად.
ყველა რომ სახლებში გაიქცნენ, ამ ბიჭს ვეჩხუბე, რატომ იტირე-მეთქი. უცებ ჩვენი კომენდანტი მოვიდა, ჰაერში ამწია, მიწაზე დამაგდო და მითხრა წინ გამიძეხიო.
იმ შენობაში მივყავდით, სადაც ჩემი მშობლები და სხვა გადასახლებულები დადიოდნენ ყოველ თვეში სამჯერ. მახსოვს, კომენდანტმა ჩვენკენ მომავალ წყვილთან გააბა საუბარი. შედით შენობაში და მეც მოვალო გვიყვირა. გაქცევა მოვახერხე და თან მეგონა მესროდნენ.
მეწყინა, რომ სტალინის სიკვდილის გამო ტიროდა ბიჭი, რომელიც ჩემ გვერდზე იდგა. ჩემს გულსა და სულში ცხოვრობდა ეს ზიზღი სტალინისადმი. ვაცნობიერებდი, რომ უსამართლოდ მექცეოდნენ, რომ ყველა ეს ტანჯვა ერთი ადამიანის ბრალია.
“საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს უსამართლობა”
დადგა 57 წელი. სხვების მსგავსად, ჩვენც გადავწყვიტეთ კავკასიაში დაბრუნება. უახლოეს სადგურამდე 200 კილომეტრი იყო. რომ ჩავედით, შეგვატყობინეს, ყველა რეპრესირებულის, დეპორტირებულის მგზავრობა აკრძალულიაო. მოიმიზეზეს, თითქოს ჩეჩნეთ-ინგუშეთი ამდენ ადამიანს ვერ მიიღებსო. რა გვექნა, სადგურში დავრჩით რამდენიმე დღე, შემდეგ ბინა ვიქირავეთ.
საბოლოოდ, უფროს ძმასთან ერთად გავემგზავრე კავკასიაში, მოსკოვის გავლით, არალეგალურად.
ყველაზე მეტად მინდოდა სტალინი მენახა. ძმა მეჩხუბებოდა, არ გვაქვს დრო, გადაჯდომა უნდა მოვასწროთო. მე კი გავიქეცი, წითელ მოედანზე წავედი, რიგში ჩავდექი, შევხედე მას და მივხვდი, რამდენად განსხვავდებოდა ის სტალინი, რომელიც სურათებზე აღბეჭდილი მახსოვდა და სიმახინჯე, რომელიც მავზოლეუმში ვნახე.
ჩავედი კავკასიაში. ჩვენი სახლი აღარ არსებობდა. მხოლოდ ნანგრევები იყო. ვიპოვეთ ნათესავები. დავბრუნდით უკან, მაგრამ უკვე არანაირი რესურსი აღარ გვქონდა. ფულის მოგროვება დავიწყეთ, მშენებლობაზე ვმუშაობდით…
ვფიქრობდი: თუ მოვახერხებ ყველა ამ უსამართლობისგან გათავისუფლებას, მე სამართლიანად ვიცხოვრებ, იურისტი გავხდები-მეთქი, იმიტომ რომ საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს უსამართლობა.
ისა კოსტოევმა ყაზახეთის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა პროკურატურაში. ხელმძღვანელობდა რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებულ საქმეს მანიაკების წინააღმდეგ. 2009 წლამდე რუსეთის ფედერაციის საბჭოში ინგუშეთის სენატორი იყო.
ამ პუბლიკაციისთვის მასალები მოამზადა “გულაგის ისტორიის მუზეუმმა”.