Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საარჩევნო პერიოდი, როგორც წესი, რუსეთისთვის არის ხოლმე ყველაზე „სასარგებლო“ პერიოდი, რომ საკუთარი გავლენის ოპერაციების სიხშირე გაზარდოს"


2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევის შესახებ 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოგვიანებით აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა დაადასტურა რუსეთის და კერძოდ მისი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაწილეობა ამ თავდასხმაში. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო:

„აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში კიდევ უფრო დაზუსტებულია ინფორმაცია:

„2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს:

„ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან“.

ორგანიზაციის - „სამოქალაქო იდეა“ - ხელმძღვანელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის კიბერშეტევის ავტორის ვინაობა მოულოდნელი არ ყოფილა, ამასთან აღნიშნავს, რომ ამ ფაქტზე ორგანიზებული, საერთაშორისო გამოხმაურება არის კარგი:

“იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ამ სფეროსთან დაკავშირებული ვართ, პირველი დღიდან დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ შეტევის უკან რუსეთი იდგა, სწორედ მისი ცინიკური ხასიათიდან გამომდინარე. ამიტომ, კარგია, რომ ეს საჯაროდ გამოცხადდა და დადასტურდა.

კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასე ღიად და კომპრომისის გარეშე ისაუბრა გუშინ ამ თემაზე და არ დაუწყიათ მორიგ ჯერზე იმ სასწაული ვერსიით მანიპულირება, რომელიც დასაწყისში გაავრცელეს თავიანთი მომხრეების საშუალებით, რომ „ნაცმოძრაობამ“ მოაწყო ეს ჰაკერული შეტევა. ასევე კარგია სწორედ ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს. კარგია არა მხოლოდ იმიტომ, რომ რეაგირება მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, არამედ იმიტომაც, რომ ეს იმედს გვაძლევს, ამას გაგრძელება ექნება - ანუ, საერთაშორისო თანამეგობრობის ეს მხარდაჭერა გადაითარგმნება უკვე ეფექტურ მხარდაჭერაში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.

თინათინ ხიდაშელი ლაპარაკობს მოახლოებულ არჩევნებზეც, როგორც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისთვის ხელსაყრელ ფაქტორზე:

„საქართველო ახლა ძალიან მძიმე პერიოდში შედის. საარჩევნო პერიოდი, როგორც წესი, რუსეთისთვის არის ხოლმე ყველაზე „სასარგებლო“ პერიოდი იმისათვის, რომ საკუთარი გავლენის ოპერაციების სიხშირე გაზარდოს და გავლენაზე იზრუნოს ამა თუ იმ ქვეყანაში.სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ესტონეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიში, სადაც ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ მათ აქვთ სრული მონაცემები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სწორედ წინასაარჩევნოდ საქართველოში იგეგმება მორიგი სერია რუსული ოპერაციების, რომელიც არჩევნებზე გავლენის მოხდენაზეა გათვლილი. კიბერსივრცე არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწყვლადი სფერო ამ თვალსაზრისით“.

„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი შენიშნავს, რომ ესტონეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშშიც ინტენსიურად ხვდება საქართველო:

„მაგალითად, იმავე ჩეხეთის ანალოგიურ ანგარიშში, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა, ასევე საკმაოდ ბევრჯერ არის მოხსენიებული საქართველო იმ ჩამონათვალებში, სადაც არა მხოლოდ რუსეთიდან, სხვათაშორის, ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც არის საუბარი და ამ ორი ქვეყნის საფრთხეების გავლენის ქვეშ შესაძლოდ მოსახვედრ ან მოხვედრილ ქვეყნეებზე როცაა საუბარი, საქართველო პრაქტიკულად ყველა პარაგრაფში გხვდებათ. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ანგარიში გამოქვეყნდა სულ რამდენიმე ხნის წინ და იქაც ასევე ძალიან ბევრჯერ არის საქართველო მოხსენიებული.

სამწუხაროდ, ჩვენ უკრაინასთან ერთად სწორედ ის ქვეყნები ვართ, რომლებიც ამ ღია და პირდაპირი საფრთხის ქვეშ რომ ვართ, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ამასობაში ჩვენთვის სამწუხაროდ, გამოყენებული ვართ, როგორც „კარგი“ ექსპერიმენტი იმისთვის - დაინახოს მსოფლიომ რა მასშტაბის, რა ფორმის, რა ხასიათის შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ოპერაცია - დაწყებული სამხედრო ოპერაციიდან, დამთავრებული ფსიქოლოგიური ოპერაციით, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოში მცხოვრებ მოსახლეობაზე შეიძლება განხორციელდეს.

მთელი ციკლი: სამხედრო ოპერაცია, საინფორმააციო ომი, ფსიქოლოგიური ოპერაციები, კიბერშეტევები - ორივე ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში სახეზეა, თვალსაჩინოა“.

სულ ახლახან "სამოქალაქო იდეამ" ელექტრონული სახით მოამზადა სხვადასხვა ავტორის ნაშრომთა კრებული - "ჰიბრიდული ომების ანატომია", რომელშიც ასახულია ჰიბრიდული ომების და კონკრეტულად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების პრაქტიკულად ყველა კომპონენტი.

რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს 28 ოქტომბრის კიბერშეტევის გამოძიებასა და საერთაშორისო გამოხმაურებას? თინა ხიდაშელის აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას:

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საზოგადოების ინფორმირება იმაზე, თუ რა ზიანი მიადგათ მოქალაქეებს, რას შეიძლება ველოდეთ ხვალ და ზეგ, როგორც რეაქციას, პასუხს რუსეთის მხრიდან წაღებულ ინფორმაციაზე, თუკი რაიმე ინფორმაციის წაღება მოხდა...

დღეს ითვლება, რომ ჩეხეთი და ესტონეთი, ორი პატარა ქვეყანა ევროპაში ყველაზე მედეგი ქვეყნები არიან გარე გავლენების მიმართ, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების სფეროში. ეს ორი პატარა სახელმწიფო პირველ ადგილზეა მთელ მსოფლიოში დაცულობის თვალსაზრისით, ზუსტად მოსახლეობასთან უკუკავშირის გამო, როცა ისინი მუდმივად აიარაღებენ საკუთარ მოქალაქეებს ყველა საჭირო ინფორმაციით იმისთვის, რომ უკვე ყველა რიგითმა წევრმა საზოგადოების თავის დაცვა თვითონ შეძლოს“.

ინტერვიუს დასასრულს თინათინ ხიდაშელმა ილაპარაკა პეტიციაზე - "ქართველი ხალხის წერილი თავისუფალ სამყაროს", რომელიც 20 თებერვალს გავრცელდა და რომელსაც თავადაც აწერს ხელს. პეტიცია ასე სრულდება:

"ჩვენი ურყევი მიზანია ქართული დემოკრატიის გაძლიერება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად გვჭირდება დასავლეთის მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა.

მოგმართავთ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დავიყოლიოთ კომპრომისზე - შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ჩაატაროს საარჩევნო რეფორმა, რაც შეამცირებს დაძაბულობას და ჩააცხრობს პოლიტიკურ მღელვარებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში".

"დილის საუბრების" სტუმარი არჩევნების მოახლოების კვალობაზე მთავარ საფრთხედ ხედავს მოქალაქეების უიმედობას და სწორედ ამ გამოწვევას უკავშირებს სამოქალაქო საზოგადოების მთავარ როლსაც:

„პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ვერ გადავიდნენ საარჩევნო დღის წესრიგზე. ასეთი განცდა მაქვს, ყოველ შემთხვევაში და იქნებ, ჩვენ მაინც გადავიდეთ საარჩევნო დღის წესრიგზე იმ თვალსაზრისით, რომ აქტიურობისკენ მოვუწოდოთ მოსახლეობას და რაც მთავარია, იმედი გავუღვივოთ. მთავარი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებს შეიძლება დაემუქროს, არის აბსოლუტური უიმედობა, ხელების ჩამოყრა, რომ მაინც არაფერი გამოვა.

ჩვენს ამოცანას სწორედ ამაში ვხედავ, რომ იმედი გავუღვივოთ ადამიანებს. მიუხედავად ყველა ობიექტური მიზეზისა, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს და საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ჰქონდეს, საკუთარ ქვეყანაზე ფიქრს და საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლას თავი არასდროს უნდა დაანებოს. ამაში ვხედავ ჩვენს მთავარ როლს".


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG