აგვისტოს ომის შეფასების, რუსეთის მიმართ კოორდინირებული პოლიტიკის წარმართვისა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებში კომპეტენციის პრობლემაზე ლაპარაკობს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" თანადამფუძნებელი, თეონა აქუბარდია. ეს დეფიციტი მოჩანს ყველა პოლიტიკურ ფლანგსა და საზოგადოებაში ზოგადად.
როგორ შეიძლება დაშორდეს აგვისტოს ომზე დისკუსია პოლიტიკურ კონიუნქტურას და რეალურად, ობიექტურად გაანალიზდეს? თეონა აქუბარდია თვლის, რომ ამის რესურსი ქვეყანაში არის და მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება, რომ ეს გაკეთდეს და ქვეყანამ შეძლოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, კომპლექსური გაგებით, სწორედ იმისთვის, რომ უზრუნველყოს მშვიდობა.
"შევხედოთ როგორი შეფასებები ჰქონდა ამ ომს სააკაშვილის დროს და ახლა, 11 წლის თავზე:
ჯერ იყო ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს ომი მოვიგეთ და ამას გვაჯერებდნენ. თუმცა, ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ეს ომი საქართველომ მოიგო. მან დაკარგა ტერიტორიები, დგას რუსული ოკუპაციის წინაშე, მცოცავი ანექსიის წინაშე და იმ საფრთხის წინაშე, რასაც ჰქვია რუსეთის იმპერიალისტუური ზრახვები საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით: სამხედრო იქნება, პოლიტიკური იქნება, საინფორმაციო თუ ეკონომიკური ბერკეტები. ამ ყველაფრის ყოველდღიური შემსწრეები ვართ რუსეთის მხრიდან.
მეორე ეს არის ერთიანი იდეის დაქსაქსვა, რასაც ქვეყნის ეროვნული ინტერესი ჰქვია და ამის შიდა დაპირისპირებასა და კინკლაობებზე ქვეყნის ინტერესების გადაყოლება.
როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ეს ომი მოვიგეთ, არ იყო ეს მართალი, მაგრამ როდესაც დღეს ჩვენ არსებული ხელისუფლება გვეუბნება არა იმას, რომ რუსეთია სწორედ აგრესორი და რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია, არამედ იმას, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ბრალი და რომ არ ყოფილიყო "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია, ამ ომს რუსეთი არ დაიწყებდა, ესეც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს".
თეონა აქუბარდია ლაპარაკობს მოვლენათა თანმიმდევრობაზე, რომელიც ნათლად აჩვენებს რუსეთის ზრახვებს, მოქმედებასა და შედეგების ლოგიკურობას. "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს მისი ადგილი, მისი როლი ქვეყნია სამშვიდობოზე გაყვანის საქმეში, რასაც დღეს სამწუხაროდ ვერ ვხედავთ:
"ერთეულების გმირობის ხარჯზე ვართ, ალბათ, დღემდე მოსულები და კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი გმირობის და მათი ოჯახების წინაშე. ყველაზე მძიმე მათთვის იქნება იმის მოსმენა, როცა ამას უაზრო ომს და ვიღაცის პროვოკაციას უძახიან. სწორედ მათ წინაშეა ბოდიში მოსახდელი ამ ხალხის მხრიდან".
თეონა აქუბარდიას თქმით, "ამ გამოწვევებს მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით შეიძლება დავუპირისპირდეთ".