Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხომ გვაჩვენა ამ 30-მა წელმა, რომ „ვიღაც მოვა და გვიშველის“ არ მუშაობს"


თემურ ჯალიაშვილი, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" წარმომადგენელი
თემურ ჯალიაშვილი, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" წარმომადგენელი

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ხელშეწყობით, წამოიწყო სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია! (გაიზიარე პასუხისმგებლობა)“.

პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა და მისი მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

კამპანია არის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ნაწილი. ამ ინიციატივის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა შეისწავლეს საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო ღირებულებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ. ინიციატივის განხორციელებაში ჩართული ერთ-ერთი ორგანიზაციის „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” წარმომადგენელი, თემურ ჯალიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ სწორედ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების საფუძველზე შეიქმნა კომუნიკაციის სტრატეგია და ჩამოყალიბდა კამპანიის მიზნები. რატომ არის საჭირო მოქალაქეებისთვის იმის თქმა, ახსნა, რომ ეს ქვეყანა მათია?

„ეს არის თუნდაც ჩვენი წარსულის ბრალი, როცა ჩვენი არ იყო - არც ქვეყანა და არც არაფერი. ახლა გავდივართ იმ რთულ პერიოდს, როცა თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ანუ უფლება გვაქვს ამ ქვეყანაზე და მეორე მხრივ, ეს გულისხმობს პასუხისმგებლობას - თუ შენია, მაშინ შენც რაღაც უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ისეთი იყოს, როგორიც გინდა. მე მჯერა ამის!“.

თემურ ჯალიაშვილი აღნიშნავს, რომ მოქალაქეების აზრის შესწავლამ აჩვენა მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის სამოქალაქო საზოგადოება და აქტივიზმი გაიგივებულია ძირითადად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან, ვინც აქტიურად უწევს მეთვალყურეობას და აკრიტიკებს ხელისუფლებას, რაც მხოლოდ ნაწილია სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის:

„რაღაც მომენტში სამოქალაქო საზოგადოება და ეს ორგანიზაციები და აქტივიზმი ფართო მოსახლეობამ აღიქვა როგორც უცხო სხეული. გაჩნდა სტერეოტიპები - „ქართველობას გვართმევენ“, „გარყვნილებას ავრცელებენ“, „უცხოურ გრანტებს ჭამენ“ და ა.შ.. ისინი არ თვლიან, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ინსტრუმენტი ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომ რაღაც გააკეთოს თავისი ინტერესების დასაცავად. მოსახლეობამ მაინცდამაინც კარგად არ იცის რას აკეთებენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები თუ აქტივისტები. განსაზღრავენ იმით, რაც ტელევიზიით შუქდება“.

რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ კამპანიამ?

„რომ მოვიარეთ მთელი ქვეყანა, ვნახეთ უამრავი კარგი ადამიანი, ახალგაზრდა, აქტიური, რომელსაც აქვს სურვილი, აქვს უნარი რაღაც შეცვალოს. გვინდა ამ ადამიანების გამოყვანა ასპარეზზე, რათა ისინი სხვებისთვის მაგალითი გახდნენ და მეორე მხრივ, თავად ისინი გავაძლიეროთ ამ მხარდაჭერით“.

გადმოწერა


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG