Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და მოსკოვში სინქრონულად გმობენ ე.წ. ლგბტ პროპაგანდას პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე


ფრანგი შემსრულებელი ღმერთ დიონისეს განასახიერებს.
ფრანგი შემსრულებელი ღმერთ დიონისეს განასახიერებს.

პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნაში დრეგ არტისტები მონაწილეობდნენ. გახსნის ცერემონია თბილისსა და მოსკოვში ერთნაირი სიტყვებით გააკრიტიკეს და დასავლეთი დაგმეს.

„საიდან მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” ეს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონი?! ესაა აქტუალური თემა და პრობლემაა დღეს?!“ - სარკასტულად დაწერა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 27 ივლისს, პარიზის ოლიმპიადის გახსნის მომდევნო დღეს.

რა მოხდა გახსნაზე?

26 ივლისს, პარიზის ცენტრში ოლიმპიური თამაშები თითქმის ოთხსაათიანი ცერემონიით გაიხსნა.

ცნობილი თეატრალური ექსპერიმენტალისტის თომას ჟოლის შოუში მონაწილეობდნენ მომღერლები სელინ დიონი და ლედი გაგა, ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ზინედინ ზიდანი და სპორტისა და შოუბიზნესის სხვა ბევრი ვარსკვლავი.

შოუს ნაწილი იყო დრეგ არტისების მონაწილეობით გამართული პერფორმანსიც.

დრეგ არტისტები, იგივე დრექ ქუინები, როგორც წესი, ბიოლოგიური კაცები არიან. იცვამენ ქალის სტერეოტიპულ ტანსაცმელს, იკეთებენ მაკიაჟს, მღერიან და ცეკვავენ. დღეს დრეგი გეიკულტურისა და ქვიარ-ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლის ნაწილია. ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ცერემონიის ტრანსლაციისას აჩვენეს ქალი, რომელიც გრძელ მაგიდასთან იდგა. თავზე ვერცხლისფერი გვირგვინი ედგა, მისგან მარცხნივ და მარჯვნივ კი დრეგ ქუინები იდგნენ. იქვე ლურჯად შეღებილი, თითქმის შიშველი კაცი ბერძნულ ღმერთ დიონისეს განასახიერებდა. შემდეგ კაცმა დაიწყო სიმღერა, დრეგ ქუინებმა კი ცეკვა.

ამ პერფორმანსმა კათოლიკე სასულიერო პირების დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ბევრმა ის ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ფრესკას, “საიდუმლო სერობას” მიამგვანა.

ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობა". მან დიდი ხანია პოპკულტურაში შეაღწია და მასზე ასობით (თუ არა ათასობით) პაროდია გაკეთდა.
ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობა". მან დიდი ხანია პოპკულტურაში შეაღწია და მასზე ასობით (თუ არა ათასობით) პაროდია გაკეთდა.

„ქრისტიანობის აბუჩად აგდება“ უწოდა პერფორმანსს საფრანგეთის კათოლიკურმა ეკლესიამ. ის გააკრიტიკეს ასევე მაღალი რანგის სასულიერო პირებმა იტალიასა და მალტაში.

პერფორმანსი დაგმეს მემარჯვენე პოლიტიკოსებმაც. ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

იტალიის მმართველი კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მატეო სალვანიმ თქვა, რომ გახსნის ცერემონიამ „მსოფლიოში მილიარდობით ქრისტიანი შეურაცხყო“. უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის შეფასებით კი, „დასავლეთს მორალი აღარ შერჩა“.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ გახსნის ცერემონია მოიცავდა „ქრისტიანობის აბუჩად აგდებისა“ და „საიდუმლო სერობის შეურაცხყოფის სცენებს“.

ოლიმპიადის ორგანიზატორებმა უკვე მოიბოდიშეს და თქვეს, რომ „არცერთი რელიგიური ჯგუფის შეურაცხყოფა არ უნდოდათ“.

რეჟისორმა თომას ჟოლიმ კი განმარტა, რომ პერფორმანსი არა საიდუმლო სერობას, არამედ ანტიკურ ღმერთებს განასახიერებდა.

„ყველაზე მეტად მინდოდა არა [ხალხის] გაყოფა, არამედ სიყვარულის და ინკლუზიურობის მესიჯის გაგზავნა“, - უთხრა ჟოლიმ ფრანგულ ტელევიზია „ფრანს 24“-ს.

დასავლეთის გმობა თბილისში

მაგრამ თბილისსა და მოსკოვში პერფორმანსი ოდნავ სხვა რამის გამო გააკრიტიკეს. კრიტიკოსები ცერემონიის შესაძლო ბიბლიურ ალუზიებზე მეტად, მასში ქვიარ ადამიანების მონაწილეობამ გააღიზიანა.

მათ ერთხმად გაიმეორეს კრემლის მიერ დიდი ხნის წინ დამკვიდრებული მესიჯი ე.წ. გარყვნილი და გადაგვარებული დასავლეთის შესახებ.

მამუკა მდინარაძის პოსტის კვალდაკვალ, ხელისუფლების აქტიურმა მხარდამჭერმა, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ოლიმპიადის გახსნას „სოდომური ვაქხანალია” უწოდა, პროდასავლურ ოპოზიციას კი - „გლობალური გარყვნილების შინაური მქადაგებლები“.

ჰომოფობიური განცხადებით შეაფასა ცერემონია ვატო შაქარაშვილმა, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელია.

ცოტა ხნის წინ ეს მოძრაობა დასაბუთების გარეშე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი საქართველოს აიძულებდა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას.

„ოლიმპიადის გახსნა იყო დემონსტირება, რომ ეშმაკი დაეპატრონა ევროპას! პირდაპირი დასტური იყო იმისა, რომ LGBT იდეოლოგიით ხდება ქრისტიანობის ჩანაცვლება!“ - დაპოსტა შაქარაშვილმა ფეისბუკზე.

სკანდალი დეტალურად გააშუქა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“. თავის საიტზე გამოქვეყნებულ რამდენიმე ამბავში „იმედი“ მტკიცებით ფორმაში წერს, რომ პერფორმანსი „საიდუმლო სერობის დაცინვა“ იყო.

დასავლეთის გმობა მოსკოვში

და მოსკოვი? კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა პერფორმანსს „ამაზრზენი“ უწოდა.

„ეს ამაზრზენია, და რაც მთავარია - ჩვენს ქვეყანაში კანონით აკრძალულია“, - თქვა მან, რითაც სავარაუდოდ რუსეთში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონზე მიუთითა.

ამ კანონის ძალით რუსეთში აკრძალულია ადამიანის (არაჰეტერო) სექსუალობის ნებისმიერი ფორმით ხსენება. დამრღვევები კი ჯარიმდებიან ან ციხეში ხვდებიან. ასევე კანონს იყენებენ ლგბტ-აქტივისტებისა და კრემლის კრიტიკოსების დასადუმებლად.

ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამაც“ შეიტანა პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც „დაიცავს არასრულწლოვნებსა და ოჯახურ ღირებულებებს“.

ცერემონია „ერთი გიგანტური გეიაღლუმი“ იყო, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„სამარცხვინო ფრიკ შოუ“ უწოდა პერფორმანსს რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი - „კულტურულ-ისტორიული თვითმკვლელობა“.

ოლიმპიადის გახსნა სამიზნეში ამოიღო კრემლის პროპაგანდამაც. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ მას „ეშმაკის მეჯლისი“ უწოდა.

ჰომოფობიური სათაურებით აჭრელდა პროკრემლისტური გაზეთებიც.

პროკრემლისტური "გაზეტა.რუს" სათაური: "წვერებიანი ქალი, შიშველი კაცი, ბავშვი: ოლიმპიადის გახსნაზე გამართულმა "საიდუმლო სერობამ" სკანდალი გამოიწვია". 2024 წლის 27 ივლისი
პროკრემლისტური "გაზეტა.რუს" სათაური: "წვერებიანი ქალი, შიშველი კაცი, ბავშვი: ოლიმპიადის გახსნაზე გამართულმა "საიდუმლო სერობამ" სკანდალი გამოიწვია". 2024 წლის 27 ივლისი

“უდიდესი მომენტი”

თუმცა პროპაგანდის მტკიცების მიუხედავად, მსოფლიოში იყო უამრავი ადამიანი, ვინც ოლიმპიადის გახსნამ ძალიან ააღელვა და გაახარა.

აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიამა ლგბტქ-გამოცემამ, „აუთმა“, ცერემონიას „უდიდესი მომენტი“ უწოდა.

„ამაზე უფრო ბედნიერები ვერ ვიქნებოდით. ეს უდიდესი მომენტია, დრეგ შემსრულებლები არღვევენ მეინსტრიმს და საკუთარ ნიჭს მთელ მსოფლიოს აჩვენებენ. ეს ისაა, რასაც იმსახურებენ!“ - დაწერა გამოცემამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG