ანამ მერიის წერილი მიიღო - შენობა „ბიუჯეტში თანხების მობილიზაციის საშუალებად“ განიხილება, ახალმა მოიჯარემ ფული უნდა გადაიხადოსო. ამავე დროს, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ კაფეს სოციალური საწარმოს სტატუსიც შეუნარჩუნდება.
რვა წლის წინ, მზიურის პატარა კაფე, როგორც სოციალური საწარმო, მარტო მის მმართველს არ შეუქმნია - მაშინ ანა გოგუაძეს ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდა და დღესაც, მას და მის 18 თანამშრომელს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. დანებებას არავინ აპირებს.
კახა კალაძე ანა გოგუაძეს ურჩევს, აუქციონში მიიღოს მონაწილეობა.
ანას წერილი მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან 2024 წლის 15 ივნისს მიუვიდა. მასში ეწერა, რომ მერიას მიზანშეწონილად აღარ მიიაჩნია ამ უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით განკარგვა და, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს მან რაღაც სარგებელი უნდა მოუტანოს.
2015 წელს, როცა ანა გოგუაძემ მეგობრებთან ერთად სოციალური სტატუსის მქონე კაფეს გაკეთებდა გადაწყვიტა და მერიასთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, შეთანხმდნენ, რომ კაფე თავის მოგებას არაკომერციულ, საქველმოქმედო ღონისძიებებზე დახარჯავდა.
ასეც ხდებოდა ბოლო რვა წელი - მზიურის კაფემ ასობით ღონისძიებას, შეხვედრას, დისკუსიას, ფილმის ჩვენებასა თუ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. და როგორც ანა გოგუაძეც ამბობს, გახდა ყველას კაფე, სადაც მხოლოდ ყავის დასალევად არავინ მიდის.
ანა გოგუძესთან შესახვედრად მისულებს, კაფეში მწერალი არჩილ ქიქოძე დაგვხვდა - ერთი წლის წინ მივხვდი, რომ აუცილებლად „მოადგებოდნენ“ აქაურობასო.
„იმიტომ, რომ აქ სულ რაღაც ხდება, ფილმებს უშვებენ, ხალხი იკრიბება, ლაპარაკობს. ამას არ გაპატიებენ. მანდეთ წავიდა ყველაფერი, ზუსტად ისე, როგორც რუსეთში - სივრცეებს გისპობენ და გიჩენენ შეგრძნებას, რომ ყველაფერი შეუძლიათ. მოვლენ, წაიღებენ, რომ არაფრის გაპროტესტებას აზრი არა აქვს“, - გვითხრა არჩილ ქიქოძემ.
„მზიური“ არ არის მხოლოდ კაფე, - იმეორებს ანა გოგუაძე, რომელიც ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ არ დათმონ აქაურობა. მისი თქმით, ეს ადგილი სწორედ ისეთ ადგილად გადაიქცა, როგორადაც მას წარმოედგინა და, რაც მთავარია, რასაც ქმნიდა: სადაც ყველა შესაძლებლობის, ასაკის, ინტერესის ადამიანი მოიყრიდა თავს.
„მე სულ ვამბობ და ამას თანამშრომლებსაც ვეუბნები, რომ ეს არ არის მხოლოდ კაფე, სადაც შეგიძლია უბრალოდ ყავა მიირთვა. ეს არის ყველას კაფე. დაახლოებით ის არის, რაც ჯონ ლენონის Emagine“.
რატომ ახლა?
ხომ არ გახდა ამის მიზეზი ის, რაზეც არჩილ ქიქოძე ლაპარაკობს - სწორედ იქაური თავყრილობები, თემები, რაზეც იქ შეკრებილი ხალხი მსჯელობდა ან ფილმები, რომლებსაც აჩვენებდნენ?
„ფაქტი ის არის, რომ ჩვენ ყველა ვალდებულება პირნათლად გვაქვს შესრულებული. ქაღალდზე კი, რომელიც მივიღეთ, წერია, რომ უნდა ჩაატარონ აუქციონი და მოხდეს თანხების მობილიზება… მე აქაურობას საკუთარ შვილივით ვუყურებ და გული მტკივა, რომ ამ ადგილს ეს მიზანი უნდა ჰქონდეს. ეს ან გაუგებრობაა, ან სიღრმისეულად არ ესმით სოციალური მეწარმეობის არსი“, - ამბობს ანა და ამატებს:
„რა გამოდის, რომ ის, რაც ჩვენ შევქმენით წლების განმავლობაში, რაზეც გვეუბნებოდნენ, ერთ ზამთარსაც ვერ გაუძლებთო და ასე არ მოხდა, ის რაც ჩვენ მოვიფიქრეთ, უბრალოდ უნდა დავტოვოთ და გადავცეთ - ვის?“
ანა ამბობს, რომ მზიურის პატარა კაფეს ასე ადვილად და უბრძოლველად არ დათმობს - არც თავისი 18 თანამშრომლისთვის და არც იმ ადამიანების გამო, ვინც კაფე „მზიური“ ასეთ ადგილად აქცია.
„მე აქაურობა მარტო არ შემიქმნია“, - ამბობს ის.
„ანა გოგუაძესაც შეუძლია აუქციონში მონაწილეობის მიღება“ - დედაქალაქის მერის პასუხი
ჯერ უცნობია, შეხვდება თუ არა თბილისის მერი კახა კალაძე ანა გოგუაძეს.
მერიაში გვითხრეს, რომ აუქციონის გამოცხადება და ჩატარება დროს მოითხოვს და შესაძლოა, პროცესი ორი თვის მერეც დასრულდეს. მერიაში გვარწმუნებენ რომ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია „ყველას, ვინც სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს“, და როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემაც თქვა, აუქციონში მონაწილეობა შეეძლება თავად ანა გოგუაძესაც.
კალაძემ ასევე თქვა, რომ კაფეს შეუნარჩუნდება სოციალური საწარმოს სტატუსი.
თუმცა, მისივე სიტყვებით, რადგან ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, და თან კაფე „მზიური“ აქამდე უკვე რამდენჯერმე გადაეცა ერთ ადამიანს პირდაპირი წესით, რაშიც, როგორც კალაძე ამბობს, „მას ადანაშაულებდნენ“, აღარ უნდა, რომ „ეს თემა გახდეს სალაპარაკო“ და აუქციონს გამოაცხადებს.
„ალბათ, არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, მსგავსი პროექტები განახორციელონ. ამიტომ, რომ არ იყოს რაიმე ჩემ ან მერიის წინააღმდეგ, გამოცხადდება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა“, - ასეთი კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორ გაჩნდა მზიურის კაფე
ეს პატარა კაფე უკვე 8 წლისაა. ის 2015 წელს გაიხსნა და მაშინ, ფეისბუკში პროექტ „ახალი მზიურის“ მხარდამჭერი ვიდეომიმართვებიც კი გამოჩნდა, რომლებშიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჰყვებოდნენ თავიანთ სურვილებზე, როგორი უნდოდათ ყოფილიყო მზიური.
ვერეს ხეობაში მდებარე პარკის აღდგენის იდეა კი სწორედ ანა გოგუაძეს ეკუთვნოდა. ჯერ კიდევ 18 წლის იყო როცა ფორუმ.ჯი-ზე დაწერა, რა მოხდება, ერთი დღით მაინც გავაცოცხლოთ მზიურიო. მაშინ ეს პარკი ერთი ჩაბნელებული ადგილი იყო, დამტვრეული ინფრასტრუქტურით, სადაც მისვლას ყველა ერიდებოდა.
იდეას პროექტი მოჰყვა და მალევე ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი „მზის ზეიმიც“ გაჩნდა, რომელიც მალე მზის ფესტივალად გადაიქცა და ყოველ წელს, 1 ივნისს იმართებოდა.
იმ ერთ დღეს პარკი მართლა ცოცხლდებოდა ხოლმე. მაგრამ ანა გოგუაძეს უნდოდა, რომ ეს ერთი დღე მთელ წელს გაგრძელებულიყო. სწორედ იმ პერიოდში უამბო მეგობარმა სოციალურ მეწარმეობაზე. პარკში ძველი კაფეს შენობითაც მაშინ დაინტერესდა და ასე დაიბადა „მზიურის“ სოციალური კაფეს შექმნის იდეაც.
თბილისის მაშინდელ მერს დავით ნარმანიას იდეა მოეწონა და ანას ხელშეკრულება გაუფორმეს. პროექტს ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. 2015 წელს კაფე გაიხსნა და იქ დღემდე 800-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა.
პეტიცია გადასარჩენად
მზიურის პატარა კაფეს გადასარჩენად დღეს უკვე პეტიციაც შეიქმნა - სოციალური კაფეს გულშემატკივრები წერენ, რომ არ შეიძლება გაქრეს სივრცე, რომლის საქმიანობის დადებითი სოციალური გავლენა საზოგადოებაზე, მეტია, ვიდრე ეკონომიკური შედეგები.
„მზიურის“ ამბავს ფეისბუკპოსტით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა: „ცოცხალი ადგილი ასე ადვილად არ გაქრებაო“.
18 ივნისს ანა გოგუაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ ახლა ის მერიისგან ელის მის წერილზე პასუხს და ითხოვს კახა კალაძესთან შეხვედრას.
მანამდე კი ანამ ყველას მოუწოდა, საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს მზიურიდან უგულშემატკივრონ.