14 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამთა მიქელაძე, EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა 12-13 მაისის მოვლენებზე და თვლის, რომ საზოგადოებრივი გაუცხოებისა და კონფლიქტების შექმნაში ისევ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იკვეთება: "პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ერთი მხრივ, აღიარებდა არსებული ნარკოპოლიტიკის ზიანს და მეორე მხრივ ის ქმედით ღონისძიებებს მიიღებდა ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით". თამთა მიქელაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრე ორგანიზაციები და აქტივისტები ერთმანეთისგან მიჯნავენ "ნარკოტიკების რეალიზაციას, დანაშაულს და წამალდამოკიდებულებას". EMC-ს წარმომადგენელი ლაპარაკობს ეკლესიის როლზეც: "ძალიან სამწუხაროა, რომ ვერც ერთმა ინსტიტუციამ და მათ შორის, ეკლესიამ ამ პროცესში მაკონსოლიდირებელი ფუნქცია ვერ შეასრულა და საუბარი იმაზე, რომ არსებობდა კონტრაქციის საფუძველი, რამაც შექმნა სერიოზული დაძაბულობის პრობლემა. ვფიქრობ, უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო და ამან კიდევ ერთხელ გამახსენა 2013 წლის 17 მაისი, როდესაც სწორედ ამგვარი რიტორიკით ეკლესიამ რეალურად ხელი შეუწყო მასშტაბური და კოლექტიური ძალადობის გამოვლენას", - ამბობს თამთა მიქელაძე.