Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აპირებს თუ არა მთავრობა შემოუშვას რუსეთის დელეგაციის ის წევრები, რომლებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ?"


თამარ ხიდაშელი, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" გამგეობის წევრი
თამარ ხიდაშელი, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" გამგეობის წევრი

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გამგეობის წევრი, თამარ ხიდაშელი მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარებისა და მასში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც მათ საქართველოს მთავრობას მიმართეს:

„პირველ რიგში, ჩვენთვის საგანგაშო იყო ის, რომ რაღაც გამონაკლისი კეთდება და ეს გამონაკლისი კეთდება სწორედ იმ ქვეყნის დელეგაციის წევრების სასარგებლოდ, რომელთა სამხედრო აგრესიამაც შედეგად მოიტანა ამ ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია და მეორე - რა ტიპის გამონაკლისზეა ლაპარაკი: პრეზიდენტი მაღალი ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას და ქართულ საზოგადოებას ეუბნება, რომ როცა მმართველები საჭიროდ ჩათვლიან, კანონის მოთხოვნებიდან გადახვევა შეიძლება.

...პრეზიდენტის ამ განცხადების მერე გამოვიდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მოქმედებს, როგორც ჩანს, რუსი ტურისტებისთვის, სხვა ადამიანებისთვის, ბიზნესმენებისთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ვინც აფხაზეთში და ცხინვალში ჩადიან და არ მოქმედებს მთავარ პასუხისმგებელ პირებზე, რომლებსაც შეიძლება პირდაპირ დავაკისროთ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ოკუპაციასთან დაკავშირებით მოხდა, მათ შორის, სერგეი ლავროვზე, რომელიც არაერთხელ იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ის პირდაპირ არის ამ კანონის დამრღვევი. გარდა ამისა, ვიცით, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და ა.შ.“.

თამარ ხიდაშელის თქმით, პრეზიდენტის განცხადება იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანო:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განცხადება იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანო, ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, რადგან პრეზიდენტი - ყველაზე მაღალი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი აკეთებს მსგავ განცხადებას ძალიან მაღალი ტრიბუნიდან და მესამე ფაქტორი, რომელიც არ გვაქვს ასახული ჩვენს განცხადებაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია - საპროტესტო მუხტი, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვება. გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნას მოჰყვა ასეთი საზოგადოებრივი რეაქცია და დაახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა მოჰყვება ლავროვის ასეთი ტიპის ვიზიტს საქართველოში“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი მთავრობისგან ელოდება პასუხებს არაერთ კითხვაზე:

„მაშინ, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსაბჭოს სტრუქტურებისგან ჩაიბარა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა, იქ კონკრეტულ ღონისძიებებზე შეთანხმდნენ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს და მათ შორის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, იყო მაისში ჩასატარებელი ღონისძიება და საგარეო საქმეთა მინისტრს ალბათ გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა რა მოჰყვებოდა შედეგად მსგავსი ტიპის ღონისძიების საქართველოში ჩატარებას, იმის გათვალისწინებით, რომ რახან რუსეთი ევროსაბჭოს წევრია, მისი დელეგაციაც მიიღებდა ღონისძიებაში მონაწილეობას. რა გაკეთდა მაშინ? რატომ ვერ შევძელით ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება საზოგადოების დიდი უკმაყოფილების გათვალისწინებით? ახლა რას აპირებს ხელისუფლება? ჩვენი განცხადების მთავარი კითხვა ეს იყო. რას გვეტყვის პრემიერმინისტრი?“.

თამარ ხიდაშელი ეხმაურება პრემიერმინისტრის 29 იანვრის განცხადებასაც. გიორგი გახარიამ განაცხადა:

„ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვიქცევით და თუ ეს კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მივდივართ ჩვენს პარტნიორებთან და რაღაც სხვა გამოსავალს ვპოულობთ“.

თამარ ხიდაშელი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„კარგია, რომ ასეთი ტიპის განცხადება გაკეთდა, მაგრამ უფრო მკაფიო და ზუსტ პასუხს ველოდებით - აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა, რომელიც კანონის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, შემოუშვას რუსეთის დელეგაციის ის წევრები, რომლებსაც დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ?“:


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG