Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძალიან მიჭირს ბევრნაირად, მაგრამ კიდევ შევძლებ ავიტანო ეს ყველაფერი, რადგან ვფიქრობ, გამარჯვება ჩემსკენ იქნება“


თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი
თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ გაასაჩივრა ახალგორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული თამარ მეარაყიშვილის გამამართლებელი გადაწყვეტილება. როგორც თამარ მეარაყიშვილმა 22 ივლისს რადიო თავისუფლების ეთერში თქვა, ბრალდების მხარემ დადგენილი ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ბრალდებულს ყველა ბრალდება და დაწესებული შეზღუდვა მოუხსნა. თამარ მეარაყიშვილი 22 ივლისს უნდა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს საჩივარი, რითაც გაიგებს ზუსტად რაში არ ეთანხმება ბრალდების მხარე მოსამართლის პოზიციას:

“გადაწყვეტილების გასაჩივრება ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დიდხანს მამყოფონ ასეთ პირობებში - ჯერჯერობით ვერ შევა ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომ დამიბრუნდეს პირადი დოკუმენტები და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მომეხსნას”.

მეორე ინსტანციის მიერ საქმის განხილვის ვადა ერთი თვეა, თუმცა, როგორც თამარ მეარაყიშვილი აღნიშნავს, თუკი მოისურვებენ, უმაღლეს ინსტანციაში გასაჩივრება 5 წლის განმავლობაში შეეძლებათ.

„2 წელი ხდება 16 აგვისტოს, რაც დამაპატიმრა აქაურმა პროკურატურამ და აღძრა პირველი სისხლის სამართლის საქმე. მას შემდეგ ჩამორთმეული მაქვს დოკუმენტები, რის გარეშეც აქ გადაადგილება შეუძლებელია. მოგვიანებით მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და სასამართლოს დონეზე მქონდა ტერიტორიის დატოვების უფლება: მქონდა საშუალება წავსულიყავი ცხინვალში, ან დაბის ტერიტორიაზე გადავადგილებულიყავი, თუმცა თბილისში რომ წამოვიდე, ან თუნდაც ვლადიკავკაზში, რისი შესაძლებლობაც ადრე მქონდა, არ შემიძლია“.

ბევრი სხვა პრობლემის გარდა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ართულებს ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობას.

აღნიშნული შეზღუდვა ბრალდების მხარემ გაამართლა იმით, რომ თამარ მეარაყიშვილი გამოძიებას დაემალებოდა ან ხელს შეუშლიდა:

„გამოძიება დასრულებულია და მე არც მაშინ და არც მერე დამალვას არსად ვაპირებდი“.

ერთადერთი, ვისთან ურთიერთობის საშუალებაც ეძლევა, მშობლები არიან:

„მეგობრები, კარგი ნაცნობები, ამხანაგები, ვინც ორი და თუნდაც ერთი წლით ადრე ურთიერთობდნენ ჩემთან, ყველას აუკრძალეს ჩემთან მოსვლა, მეგობრობა და ურთიერთობა, ოღონდ, ყველამ გამაფრთხილა, რომ ისინი შეაშინეს ზოგი სამსახურის დაკარგვით, ზოგი რით“.

ახალგორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ადგილობრივებიდან ბევრმა მიულოცა. თუმცა, მისი ძალაში შესვლაც ვერ მოესწრო, რომ გასაჩივრდა.

თამარ მეარაყიშვილი თვლის, რომ ბრალდებას ძალიან სუსტი არგუმენტები აქვს დავის გასარგძელებლად:

„ძალიან მიჭირს ბევრნაირად, მაგრამ კიდევ შევძლებ ავიტანო ეს ყველაფერი, რადგან ვფიქრობ, გამარჯვება ჩემსკენ იქნება“.

როგორც ამბობს, ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი საკითხი ერგნეთის შეხვედრებზე სულ სამჯერ დადგა:

„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ცოტა. შეიძლებოდა ყოველ ჯერზე. მესმის, რომ ცოცხალი ვარ, ჩემი უფლებებისთვის ცოცხალი ვიბრძვი. სხვა შეხვედრებზე ძირითადად გარდაცვლილების საკითხი დგებოდა ხოლმე და მე ხშირად ვწერდი „მაპატიეთ, რომ ცოცხალი ვარ“.

ერთხელ დადგა, როცა დამაპატიმრეს და მერე, როცა ვიშიმშილე - როცა ვთქვი, რომ ვარ უყურადღებოდ. დაპატიმრებიდან ზუსტად ერთი წლის მერე დადგა მეორედ. მესამედ დადგა მას შემდეგ, რაც ბევრჯერ მივმართე „ფეისბუკის“ მეშვეობით პრემიერმინისტრს. ვთვლი, რომ ჩემი საკითხის წამოწევა ყოველთვის იყო ჩემს აქტიურობასთან დაკავშირებული“.

თამარ მეარაყიშვილი განსაკურებით აღნიშნავს ადვოკატის ყოლის მნიშვნელობას:

„ბევრი გამოვიარე ამ ორ წელიწადში. ხშირად დაკითხვებზე მიბარებდნენ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ - შენობაში, სადაც არც ერთი სხვა თანამშრომელი იქნებოდა გამომძიებლების გარდა, 8-ზე, 9-ზე. მას შემდეგ, რაც ადვოკატი ავიყვანე, ყველაფერი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს“.

ფიქრობს, რომ ადვოკატისთვის გადასახდელი თანხა „ფეისბუკზე“ არ უნდა ეგროვებინა. მადლიერია ყველასი, ვინც ამ ხნის განმავლობაში მას ეხმარებოდა:

„დილეტანტი ვარ, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ შეიძლება ბიზნესმენებმა საპრეზიდენტო კამპანიაში ჩადონ ფული, მაგრამ ერთი ქალისთვის, რომელიც არის მარტო, ბიზნესს ენანებოდეს ფულის გაღება. ვერ წარმოიდგენთ, ვიდრე თანხა შეგროვდება, როგორ ცუდად ვარ, რომ შეიძლება დაცვის გარეშე დავრჩე“.

როცა ექიმის დახმარება სჭირდება, სასწრაფოს იძახებს, ან ამასაც არ აკეთებს:

„სასწრაფოსაც იშვითად ვიყენებდი - პატარა საზოგადოებაა, მაშინვე ვრცელდება, რომ მე ცუდად ვარ. ჩემი ცუდად ყოფნა ძირითადად თავი, გული, ნევროზული და ასეთი რამ არის. ამასაც ვერიდებოდი - მერე იმათ გაეხარდებათ მეთქი.

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც ორი წლის წინ იყო“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG