საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 4 სექტემბრიდან, უკვე 113-ე დღეა ჩაკეტილია ახალგორის რაიონთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი. ყოველდღიურად მწვავდება ადგილობრივების პრობლემები, იმათიც, ვინც პუნქტის ჩაკეტვისას იქიდან გამოსული იყო და ოჯახში დაბრუნება ვერ მოახერხა. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ყვება, რომ სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა ისედაც რთულია და სრულ იზოლაციაში ყოფნა მას ბევრად ამძიმებს:
„ცხინვალი კი ამბობს, რომ არ არიან სრულ იზოლაციაში და შეუძლიათ ვლადიკავკაზში ჩასვლაო, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, რადგან საბუთების არმქონე ადამიანები და მითუმეტეს ფულის არმქონე ადამიანები (ხშირად ვამბობ, აქ პურსაც კი ნისიად ყიდულობენ მოხუცები), ბუნებრივია, ვერსად წავლენ. ამას ემატება ის, რომ დუმილია ორივე მხრიდან, ვინც უნდა გადაწყვიტოს ეს. ჩვენი გზის ჩაკეტვა პოლიტიკური საკითხია. ბუნებრივია, ხელისუფლებებმა უნდა გადაწყვიტონ. დუმილია მათგან. ამიტომ არანაირი იმედი არ გვაქვს და მოლოდინი, რომ მალე შეიცვლება ჩვენი მდგომარეობა”.
თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს ივარაუდა, რომ წნელისთან დაკავშირებული ხმაური ახალგორის ჩაკეტვას მოიტანდა შედეგად:
„მაშინ ვთქვი, ვაიმე, ახლა ჩვენ ჩაგვკეტავენ, რადგან ისეთი ფორმის და ისეთი დონის ხმაური იყო ბიბილოვის ოპონენტებისგან, რომ, ბუნებრივია, ბიბილოვს, ომის გარდა რაც შეეძლო, ის იყო, რომ მთელი რაიონი აეყვანა მძევლად და გამართლდა კიდეც“.
მისი მეორე ვარაუდი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას უკავშირდებოდა და იმას, რომ ამ ამბავსაც ცხინვალი წნელისის საგუშაგოს საკითს მიაბამდა:
„აქ როცა ცხოვრობ და პროცესებში ხარ ჩართული, ყოველთვის იცი, რას მოითხოვენ. რა თქმა უნდა, ბიბილოვმა რაღაც ხნის მერე ღიად განაცხადა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, რომ წნელისსა და ჩვენს ჩაკეტვას ერთ საკითხად განიხილავდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს კიდევ უფრო გაგრძელდება. ძალიან მშვიდად არის“.
არც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე რომელიმე განცხადებასა და დაპირებას დაუიმედებია.
ერთადერთ გამოსავლად თამარ მეარაყიშვილი საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას თვლის და კერძოდ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას, რა ინიციატივითაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის კიდეც.
ახალგორელი აქტივისტი აღწერს იმ ეფექტს, რაც ახალგორის ჩაკეტვამ გამოიწვია:
„ყველამ იცის, რომ ხილი და ბოსტნეული შედიოდა თბილისიდან. ეს არ არის დაფარული ამბავი. საბაჟოც კი დადგა ცხინვალმა სოფელ მოსაბრუნში და ამ გზით მხოლოდ ჩვენი რაიონი არ მარაგდებოდა, ცხინვალსა და ვლადიკავკაზშიც კი გაჰქონდათ. ძალიან დიდი რაოდენობით შემოდიოდა. სახლის ცოცხიდან დაწყებული, რაც თბილისში იაფი იყო, ყველაფერი აქედან შემოდიოდა: ავეჯი, საოჯახო ტექნიკა. ფქვილი ადგილზე იყიდებოდა და პური მაშინაც ცხინვალიდან გვქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გაძვირდა, რადგან რუსეთიდან შემოდის და თითქმის სამმაგი ფასებია ხილსა და ბოსტნეულზე. მოსახლეობას ამოეწურა ფულის ნიშნები. ვინც აქ არ იღებს პენსიას და ხელფასს, ბევრნი არ არიან. ვისაც ოსური პენსია და ხელფასი აქვთ, ისინიც ჩივიან, რაომ არ ჰყოფნით ფული, რადგან ყველაფერი გაძვირდა. თავიანთ შემოსავალს ისინი ადრე თბილისში ხარჯავდნენ. ნებისმიერი რომ გაგეჩერებინათ აქ, სამედიცინო მომსახურებაზე ყველა შეღავათის შესახებ იცოდნენ. აქაური ხანშიშესულები სულ დადიოდნენ თბილისში, იკეთებდნენ ოპერაციებს, გამოკვლევებს, ანალიზებს, წამლებზე შეღავათებით სარგებლობდნენ. ახლა ეს აღარ არის და რაც შეიძლება თვალში მოგხვდეს,მუდმივად ჩივიან, რომ რაღაც სტკივათ და ვერ იგებენ რა სჭირთ. ადგილზე სოფლის ამბულატორიის შესაბამისი მომსახურებაა მხოლოდ“.
2 დეკემბერს ცხინვალმა მიიღო გადაწყვეტილება ორი კატეგორიის ადამიანებისთვის - პენსიონერებისა და მძიმე ავადმყოფებისთვის რეჟიმის შემსუბუქებაზე, თუმცა, რიგ შემთხვევაში ეს დაგვიანებული აღმოჩნდა - რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. შემდეგ გავრცელდა ხმა, 25 დეკემბრიდან გამშვები პუნქტის შესაძლო გახსნაზე, რაც ასევე მცდარი აღმოჩნდა. ადამიანები ახალგორში შორეული სოფლებიდანაც ჩავიდნენ, საშვების მიღების მოლოდინით:
„სრული ქაოსია. ეს ქაოსი ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი გაამწარონ. მოწოდებები აქვთ, რომ მიმართეთ ვიდეომიმართვით გიორგი გახარიას აიღოს წნელისის საგუშაგო და მოგეხსნებათ შეზღუდვებიო.
...საქართველოს ხელისუფლებას არც გული სტკივა და წუხილსაც აღარ გამოხატავენ, არათუ რამე ნაბიჯებს რომ მიმართონ. ყველა ტრიბუნას ვიყენებთო, - უკაცრავად, მე რომ მქონდეს დღეს აქედან გასვლის საშუალება, შეიძლება მეც მოვხვედრილიყავი იმ კონფერენციაზე და შეიძლება ჩემს ემოციურ გამოსვლას მეტი ფასი ჰქონოდა.
დავინახეთ ეს 4 თვე და მთელი ეს ორი-სამი წელი, რომ მათ კონფერენციებზე გამოსვლებს ერთადერთი დანიშნულება აქვს - ტურისტებივით დადიან უცხოეთში და სხვა შეღავათი არ არის“.
თამარ მეარაყიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის მორიგ სხდომას ახალი წლის დღეების შემდეგ ელოდება. ის სამჯერ გაამართლა ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ და ეს გადაწყვეტილებები დე ფაქტო პროკურატურამ სამჯერვე გაასაჩივრა:
„დღეს ისევ ვარ ბრალდებული სისხლის სამართლის სამ დანაშაულში. ბოლო გამარჯვება 16 ოქტომბერს მქონდა. ცხინვალში სასამართლომ სამჯერ სრულად გამამართლა. სამივეჯერ გაასაჩივრა პროკურატურამ მიუხედავად იმისა, რომ უსუსური მტკიცებულებები აქვთ და თვითონ გენპროკურორის მოადგილემ აღიარა არაოფიციალურად, რომ მათი მთავარი მოლოდინი იყო, რომ ვერ გავუძლებდი, გავიქცეოდი, ბოდიშს მოვიხდიდი. არ ჰქონდათ იმედი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდი“,
მორიგ პროცესსაც იმედიანად ელის: “გამარჯვების იმედი მაქვს!“.