თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის მეოთხე სართულზე, პალატაში ნომრით 439, 44 წლის თამარ სახელაშვილმა 15 დღე გაატარა. 20 აპრილს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული თამარი, ექიმებმა სახლში ტაშით გააცილეს.
თამარმა პოლიციის თანდასწრებით დადო პირობა, რომ ის, თამარ სახელაშვილი, აქა და აქ მცხოვრები, საავადმყოფოდან ეწერება და თვითიზოლაციაში გადაჰყავს სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ავტომობილსა და მძღოლს:
მიუხედავად ჯანდაცვის სისტემის პროტოკოლისა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, ყოფილი ინფიცირებული ორკვირიან მკაცრ თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს, როგორც თამარი ამბობს, საავადმყოფოდან გამოწერისას, აუხსნეს, რომ ქვეყანაში საკარანტინე ადგილები გადავსებულია და მას თვითიზოლაციის გავლა და რეკომენდაციების დაცვა სახლში მოუწევდა.
სახლში კი შვიდნი არიან, თამარი, ორი შვილი, ქმარი, მაზლი და 80 წელს გადაცილებული დედამთილ-მამამთილი.
უკვირს, სახლამდე სკაფანდრიანმა მძღოლმა მომაცილა, თვითიზოლაციის პირობა დამადებინეს და რა გამოდის, ოჯახის წევრებისთვის არ ვარ საშიშიო?
„ცალკე ოთახი ვერ გამოვყავით. ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ვცდილობ, დისტანცია დავიცვა, სადეზინფექციო ხსნარებითა და პირბადით დავდივარ. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ჩემი თვითიზოლაცია საკუთარი ოჯახის წევრებისგან. იმ დღეს ვერ მოვითმინე და შვილს ფეხზე ვაკოცე“, - ამბობს თამარი, რომლის კორონავირუსით ინფიცირების ამბავი ჯერ კიდევ მარტიდან დაიწყო.
სიმპტომები, რომლებსაც არავინ დაუჯერა
თამარის ინფიცირების წყარო დაუდგენელია. ის ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, სამსახურში დაინფიცირდა. თამარი „გალფის“ ქსელის ერთ-ერთი მარკეტის მოლარე-ოპერატორია. დღე-ღამის განმავლობაში არაერთ მომხმარებელთან უწევდა ახლო დისტანციაზე კონტაქტი, მათ შორის, უცხოელ კლიენტებთანაც. რაკიღა თამარს სახლში ხანდაზმული დედამთილ-მამამთილი ჰყავდა, უსაფრთხოების მიზნით, გადაწყვიტა ყოველ საღამოს ტემპერატურა შეემოწმებინა. 20 მარტის საღამოს მისმა თერმომეტრმა 37,4 აჩვენა, იგრძნო ყელის ტკივილიც. ეს ამბავი მაშინვე შეატყობინა უშუალო ხელმძღვანელს:
„სამწუხაროდ, მარტის შუა რიცხვებში, ნაკლებად იცავდნენ უსაფრთხოების წესებს და იყო შემთხვევები, როცა კლიენტები ხან თავზე მაცემინებდნენ და ხან მახველებდნენ. მართალია კომპანიამ დაგვირიგა სადეზინფექციო სითხეები, ხელთათმანები, პირბადეები, თუმცა, სამწუხაროდ, ის ე.წ. ტრენდული შავი პირბადეები, კორონავირუსისგან ვერ დაგვიცავდა. როგორც კი ტემპერატურის მატება დამიფიქსირდა, საქმის კურსში ჩავაყენე ხელმძღვანელები. მენეჯერს და ადმინისტრატორს სიცილად არ ეყოთ, ალბათ უბრალოდ შეგცივდაო და მომდევნო დღეებში ჩვეულებრივად გავაგრძელე მუშაობა. ოდნავ მტკიოდა ყელი და მქონდა დაბალი სიცხე. სხვა მხრივ, თავს ნორმალურად ვგრძნობდი, ზეგანაკვეთურ სამუშაოსაც კი ვასრულებდი“.
2 აპრილიდან მარკეტის თანამშრომლები 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადაიყვანეს. 3 აპრილს, გამთენიისას, თამარი სამსახურში შეუძლოდ გახდა. გულმკერდის არეში ტკივილი და ჰაერის უკმარისობა იგრძნო:
„ჩანთაში „ვალიდოლი“ მედო, ენის ქვეშ დავიდე და გარეთ, ჰაერზე გამოვედი. ტკივილი მომეხსნა და უჰაერობამაც გამიარა. დილით სახლში რომ მივედი, ცოტა ხანი დავიძინე და შუა დღისკენ სასწრაფო გამოვიძახეთ. სასწრაფომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადამიყვანა. დამაწვინეს კარდიოლოგიურ განყოფილებაში, სადაც კარდიოლოგიური პრობლემების მქონე ექვსი მძიმე პაციენტი იწვა. არადა მე კორონავირუსისათვის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნები მქონდა. კლინიკაში ტკივილმა გამიარა, ტემპერეატურაც მხოლოდ 37 მქონდა, თუმცა, არ მქონდა ყნოსვა. ექთანმა ისიც კი მითხრა, ნერვიული ფონის გამო გაქვს ეს სიმპტომებიო. კორონავირუსზე ეჭვი არ მიიტანეს“.
თამარს PCR ტესტი ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებმა 4 აპრილს, მას შემდეგ აუღეს, რაც თამარმა ექიმებს უთხრა, რომ ვერანაირ სუნს ვეღარ გრძნობდა:
„ძალიან მგრძნობიარე ყნოსვა მაქვს. 4 აპრილს, ჩემს პალატაში პაციენტს ფიზიოლოგიური პრობლემა შეექმნა. სხვა პაციენტები, ექთნები, ყველა შეწუხდა, ისეთი სუნი დადგა პალატაში. მე კი ვერაფერი ვიგრძენი. ექიმებმა მხოლოდ ამის შემდეგ მიიტანეს ეჭვი კორონავირუსზე და დარეკეს ლუგარის ლაბორატორიაში. ლაბორატორიის თანამშრომლები მალევე მოვიდნენ და ამიღეს ტესტი“.
თამარს 5 აპრილს, დილით შეატყობინებს, რომ ის კოვიდ-დადებითი პაციენტია და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
პლაქვენილი, რომელმაც თამარის თქმით, მისი მდგომარეობა გაართულა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანისთანავე თამარს არაერთი გამოკვლევა ჩაუტარდა. მათ შორის ორჯერ რენტგენი, ორჯერ მაგნიტორეზონანსული კვლევა, არაერთი ანალიზი. თამარის თქმით, გამოკვლევებს არც პნევმონია და არც სხვა რაიმე ტიპის პათოლოგია არ უჩვენებია. ჰქონდა მხოლოდ დაბალი სიცხე და თავს კარგად გრძნობდა. მიუხედავად მსუბუქი სიმპტომებისა, ექიმების გადაწყვეტილებით, თამარის მკურნალობის პროცესში, მედიკამენტი პლაქვენილი და ანტიბიოტიკი აზიტრომიცინი ჩართეს. თამარი ამბობს, რომ მკურნალობის მეხუთე დღეს მან თავი შეუძლოდ იგრძნო:
„შუა ღამისას, ოფლში გაწუწულს გამეღვიძა. მქონდა საშინელი ნერწყვდენა. მეორე დღესვე მომიხსნეს პლაქვენილი. პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ პლაქვენილს მასმევდნენ. გარკვეული პრეპარატების მიმართ ალერგიული ვარ, ამიტომ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი, რას ვიღებდი და რამდენს. ვერავის დავადანაშაულებ, როდესაც ამ ვირუსის სამკურნალოდ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი წამალი, ალბათ სხვადასხვა პრეპარატს ცდიან, თუმცა, რაღაც მომენტში, თავი, სამწუხაროდ, საცდელი ბაჭიასავით ვიგრძენი. შეიძლება ითქვას, რომ მეექვსე დღიდან აღარანაირი მკურნალობა აღარ მიტარდებოდა. ყველაფერი ჩემს იმუნიტეტზე იყო დამოკიდებული. საკუთარი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, მსუბუქი პაციენტები, სავარაუდოდ, ისე გადაიტანენ ამ დაავადებას, ალბათ ვერც გაიგებენ“.
პალატა #439 - 15 დღე და 15 ღამე
პალატაში ნომრით 439 თამარმა, სრულიად მარტომ, 12 დღე გაატარა. მეცამეტე დღეს, 17 აპრილს, მის პალატაში 20 წლის მედდა, რუზანა შეასახლეს. როდესაც შეიტყო, რომ მასთან კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი უნდა შეეყვანათ, გააპროტესტა. შეეშინდა, რომ თითქმის გამოჯანმრთელებულს, კვლავ საფრთხე ემუქრებოდა.
„საავადმყოფო გაივსო, ამიტომ თითქმის გამოჯანმრთელებული პაციენტები დაგვაწყვილეს. იქით რუზანა იბრძოდა, აქეთ მე. ბოლოს დაგვარწმუნეს, რომ ერთმანეთისათვის საფრთხეს არ წარმოვადგენდით. პალატა გადავაწყვეთ. გავაკეთეთ დეზინფექცია, საწოლები მაქსიმალურად შორს დავდგით ერთმანეთისგან. შუაში ჩავდგით შირმა და მოვითხოვეთ პირბადეები. არ ვეკარებოდით ერთმანეთის ნივთებს. რუზანა ექთანია და ზუსტად იცოდა, რა და როგორ გაეკეთებინა“.
აღმოჩნდა, რომ რუზანა სწორედ იმ კლინიკაში (თბილისის ზღვის ჰოსპიტალი) მუშაობდა ექთნის დამხმარედ, სადაც 3 აპრილს, თამარი გულ-მკერდის არეში ტკივილით შეიყვანეს:
„რუზანამ მაშინვე მიცნო. მოგვიანებით მეც გავიხსენე, რუზანა ჩაიდანს ადუღებდა და ვთხოვე, 30 საათია უძილო ვარ და ძალიან გთხოვ, იქნებ ჩაიდანი აქ აღარ აადუღო-მეთქი“, - ამ კადრით გაიხსენა თამარმა რუზანა, რომელთანაც მალევე დამეგობრდა და გასახალისებლად და ახლობლების დასამშვიდებლად, რომ თავს კარგად გრძნობდა, პალატაში ვიდეოების გადაღებაც დაიწყო. თამარი და რუზანა ტესტის პასუხების მოლოდინში დროს ცეკვით კლავენ:
„მთელი ჩემი ცხოვრების კურიოზი ის არის, რომ მსგავს ვიდეოებს არასდროს ვიღებდი, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანი გამოკეტილ სივრცეში სხვანაირი ხდება და ამით თავს იცავ სტრესისგან. ჩემი გულგახეთქილი შვილებისთვისაც შვება იყო ასეთი ვიდეოების ყურება“.
თამარმა კლინიკაში გატარებული 15 დღე დასასვენებლად გამოიყენა. მისი რუტინული შრომა, ღამის მორიგეობა, ერთმა პალატამ და მარტოობამ ჩაანაცვლა. ელექტრონული ბიბლიოთეკიდან წიგნი გადმოწერა, უყურა ბევრ ფილმს:
„ყველასგან დავისვენე. ვცდილობ ხოლმე, რომ ყველა სიტუაციაში დადებითი მხარე ვიპოვო. ვისარგებლე ამ სიტუაციით. დიდი ხნის გადაღლილი ვიყავი, პირიქით, ვისიამოვნე, მივხვდი, რომ ეს ჩემი აღდგენისთვის იყო საჭირო. „საბადან“ გამოვიწერე წიგნი, „ბედუინი“ და მისი წყალობით, პალატის თეთრი კედლებიდან უდაბნოს ოქროსფერ ქვიშებში ვიმოგზაურე“.
სტიგმა და ბულინგი, რომელსაც თამარის ოჯახი ვერ გადაურჩა
თამარს არც ოჯახის წევრები და არც თანამშრომლები არ დაუინფიცირებია. მისმა ოჯახმა და სხვა ახლო კონტაქტებმა თვითიზოლაციის 14 დღიანი პერიოდი კარგა ხანია გაიარეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თამარის ოჯახის წევრები დღემდე აწყდებიან პრობლემას ქუჩაში გასვლისას.
ყველაფერი კი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც თამარი საავადმყოფოში იწვა. თამარის ოჯახს საპატრულო პოლიციამ მეზობლების მოთხოვნითა და კარანტინის წესების დარღვევის ბრალდებით, ორჯერ მიაკითხა:
„საავადმყოფოდან ტელეფონით ველაპარაკებოდი 82 წლის დედამთილს, როდესაც პოლიციელები მივიდნენ ჩემს ოჯახში. მესმოდა, როგორ უხსნიდა ჩემი მოხუცი დედამთილი პოლიციელებს, რომ ოჯახის არცერთ წევრს არ დაურღვევია კარანტინი და ემუდარებოდა, ტყუილად არ დაგვაჯარიმოთო. კიდევ კარგი, პოლიციელები შეგნებულები აღმოჩნდნენ და არ გამოწერეს ჯარიმა. იმ დღეს ნერვიულობისგან წნევამ ამიწია და ცუდად გავხდი. მსგავსი ზარი, რომ თითქოს ჩემი ოჯახის წევრები კარანტინის წესებს არღვევდნენ, მეზობლებისგან ორჯერ განხორციელდა“.
დღეს თამარის საკარანტინე ვადის მეათე დღეა. ის გარეთ არ გადის და შესაბამისად, პროდუქტის შესაძენად ოჯახის წევრები დადიან. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამარი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია, მისი ოჯახის წევრები, კვლავ ბულინგის მსხვერპლნი არიან:
„რამდენიმე დღის წინ, მამამთილი გავიდა პროდუქტის საყიდლად. მაღაზიის მენეჯერმა მაღაზიაში არ შეუშვა. მოიტანეთ ცნობა, რომ ოჯახის წევრები ჯანმრთელები ხართ და შემოგიშვებთო, ეს რომ ერთ-ერთმა კლიენტმა გაიგო, ახლა ის მიუბრუნდა ყვირილით ჩემ მამამთილს, რას დადიხართ აქეთ-იქით, დასხედით სახლშიო. განადგურებული ამობრუნდა კაცი სახლში“.
როგორც თამარი გვიხსნის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მან ინფორმაცია საკუთარი ინფიცირების შესახებ საჯარო გახადა და არ დაიმალა, არის ის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ კორონავირუსით ინფიცირება საგანგაშო არ არის და ვირუსზე მეტ საფრთხეს პანიკა და შიშისგან გაუცხოებული ადამიანები ქმნიან: „მე ეს ვიგრძენი. ვიგრძენი აგრესია ჩემი ოჯახის წევრების მიმართ და ძალიან მწყდება გული. მაგრამ ამასთანავე, მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ძალიან შეგნებული აღმოჩნდა და გვერდში დგომა გვაგრძნობინა“.
ოთხ დღეში თამარის პირადი კარანტინი იწურება.