„აღარ ვიცით ვინ რაზე აგებს პასუხს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში თამაზ დოლაბერიძე, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.
24 სექტემბერს ტყიბულელი მეშახტეების მიერ საპროტესტო აქციის ფონზე გავრცელდა კომპანია „საქნახშირის“ განცხადება:
„კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისთვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა. რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში.
ამ დროისთვის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისათვისაც. ამ დროისათვის კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან“.
თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს:
„კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით.
კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე.
ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა გერმანულმა კომპანიამ DMT შეისწავლა. გერმანელი სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ტყიბულის შახტებში ტექნიკურ და შრომითი უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობები გამოვლინდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით „საქნახშირს“ თითქმის ერთი წელია, რაც მიეცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც კომპანიას შახტებში სრულფასოვანი ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს“.
თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, DMT-ს დასკვნა, რომელიც გასული წლის დეკემბერში იყო მზად, დღემდე მიუწვდომელია დასაქმებულებისა და პროფკავშირებისთვის:
„შეიძლება ითქვას, თითქმის საიდუმლო გრიფი დაადეს ამ დასკვნას, რადგან უბრალოდ არ ვიცით იქ რა წერია. ვვარაუდობთ, რომ საკმაოდ კრიტიკული დასკვნაა“.
პროფესიული კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ DMT-ს მიერ მომზადებული დოკუმენტი არ განხილულა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე, რომლის მიერაც 2018 წლის სექტემბერში იყო შერჩეული ეს საექსპერტო კომპანია.
დასკვნა ვერ მიიღო, მაგრამ სამინისტროს განცხადებიდან თამაზ დოლაბერიძისთვის ნათელი ხდება, რომ ეკონომიკის მინისტრი იცნობს დასკვნას, რომ იცის როდი დასრულდა კვლევა, რომ კომპანიას რეკომენდაციებიც მიეცა. დოკუმენტის დაფარვის მიზეზებზე პროფკავშირების გაერთიანებამ არაერთი მცდელობის მიუხედავად პასუხი ვერ მიიღო. თამაზ დოლაბერიძეს ისღა დარჩენია ივარაუდოს, რომ DMT-ს მიერ მომზადებულ შეფასებითი ანალიზი ისეთივე კრიტიკულია, როგორიც თავის დროზე პროფკავშირების გაერთიანების მიერ მოწვეული უკრაინელი ექსპერტების დასკვნა იყო:
„მე ვვარაუდობ, რომ ჩვენს მიერ ჩამოყვანილი უკრაინელების დასკვნაში რაც ეწერა, გერმანული კომპანიისაშიც იგივე წერია. როგორც ჩანს, შახტაზე ნახშირმოპოვების ტექნოლოგიების 180 გრადუსით შეცვლაა საჭირო იმისთვის, რომ იქ რისკები და საფრთხეები შემცირდეს. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს შახტების მოწყობის ტექნოლოგიები.
ამას სჭირდება სერიოზული ინვესტირება. როგორც ჩანს „ჯი-აი-ჯი“ ამას ვერ უზრუნველყოფს. გაჭედილია გამოსავლის ძიებაში.
ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ იპოვოს ოპერატორი კომპანია, ვინც ამას შეძლებს“.
თამაზ დოლაბერიძე ხაზს უსვამს პროცესის გაუმჭვირვალობას:
„ვცხოვრობთ არასაჯარო პოლიტიკის პროცესში. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სოციალური დიალოგიც კი, რომელსაც პროფკავშირები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ცივილიზებული სამყარო აღიქვამს შრომის პროცესების წარმართვის ყველაზე ცივილიზებულ გზად, საქართველოში სოციალური დიალოგი გადის მხოლოდ იმ ზღვარზე, როცა სამ წელიწადში ერთხელ შეიკრიბება სოციალური პარტნიორობის კომისიის სხდომა უბრალოდ იმისთვის, რომ ოქმი შედგეს, თორემ რეალურად საკითხები წყდება სადღაც არასაჯაროდ, არაგამჭვირვალედ“.
მეშახტეები კი პროტესტს განაგრძობენ. მათ არ სჯერათ დაპირებების:
„მეშახტეები საკმაოდ პრაგმატული ხალხია. მათ იციან, რომ მოვა მომავალი თვის 15 რიცხვი, ისევ პრობლემა შეექმნებათ და იმისთვის, რომ კომპანიისა და ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ, გადაწყვიტეს ამ საკმაოდ ბუნდოვან წინადადებებს არ ენდონ და გააგრძელონ პროტესტი.
მუდმივად კომპანიის პასუხია - „მთავრობასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“. მეშახტეს ეს არ აინტერესებს, მეშახტეს აინტერესებს შახტამ იმუშაოს! მათ სულაც არ უნდათ ხელფასი აიღონ გაჩერებულ შახტაში და ეს გრძელდებოდეს წლები. ისინი მუდმივად ამბობენ: ჩვენ გვინდა მუშაობა! ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ქვანახშირი!“.
თამაზ დოლაბერიძე აღნიშნავს, რომ მეშახტეები ტყუილად არც აქამდე იღებდნენ ხელფასს. ქვანახშირის მოპოვების შეჩერების მიუხედავად, ისინი დადიოდნენ სამსახურში და ასრულებდნენ იმ ტიპის სამუშაოებს, რაც შახტების შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი:
„მიმდინარე პროტესტი გამოიწვია იმან, რომ 15 სექტემბერს არ დარიგდა ხელფასი. რამდენიმე დღე სრული ინფორმაციული ვაკუუმი იყო. არავინ ამბობდა როდის დარიგდებოდა ხელფასი. ემოციურად მძიმე იმიტომ იყო სექტემბრის თვე, რომ სასწავლო წლის დაწყების მომენტია და ფაქტორივად, ტყიბულელები ამას აბსოლუტურად მოუმზადებლები შეხვდნენ, რადგან არ ჰქონდათ საშუალება რამე ეყიდათ შვილებისთვის.
და მეორე მომენტიც არის: აუცილებელია გავიაზროთ ის ამბავი, რომ როცა მეშახტე ხელფასს აიღებს და გაისტუმრებს მიმდინარე ვალებს (მაღაზიისა თუ მეზობელ-ნათესავების), რჩება ნაწილი თანხის, რომელსაც მოახმარს ოჯახს. თუმცა, ახლა ის მომენტია, როცა იმ პატარა მორჩენილ თანხას უკვე ბანკი „უჭამს“ ჯარიმების სახით, რადგან ყველას აქვს კრედიტი და სექტემბრის ბოლოს იქნება თუ 1 ოქტომბერს, როცა დარიგდება ხელფასი, ფაქტობრივად ისინი თანხას ვერ აიღებენ, ის სულ ბანკის ჯარიმებში წავა. დიდი ალბათობაა, რომ კომუნალური გადასახადებიც ვერ დაფარონ“.