ბოლო თვეების განმავლობაში ათიათასობით ავღანელი მოექცა თალიბანის მმართველობის ქვეშ იმ ფონზე, როცა ექსტრემისტული ჯგუფი ქვეყნის ჩრდილოეთში არაერთ ტერიტორიას დაეპატრონა. ისლამისტურმა გაერთიანებამ აღადგინა ბევრი რეპრესიული კანონი, რომლებიც მოქმედებდა 1996-2001 წლებში, მათი მმართველობისას, და რომლებიც ძირითადად ქალებს და გოგონებს ეხება.
ქალებს ეკრძალებათ გარეთ მარტო გასვლა, გოგონებს ეკრძალებათ სკოლაში სიარული, ქორწინებაში არმყოფ ქალებს იძულებით აქორწინებენ მეომრებზე.
ასეთი იყო ცხოვრება ბევრი ავღანელისთვის თალიბანის სასტიკი რეჟიმის პირობებში, 1990-იან წლებში, როცა ამ ფუნდამენტალისტმა ჯგუფმა ავღანეთი დაიპყრო.
და ეს რეალობა ახლა დაბრუნდა ათიათასობით ავღანელი ქალისთვის, რომლებიც ცხოვრობენ თალიბანის მიერ ახლახან დაპყრობილ ადგილებში. მას შემდეგ, რაც 1 მაისს ავღანეთიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო ძალებმა, თალიბანმა ქვეყნის მასშტაბით დაიკავა ათობით რეგიონი, სადაც ძირითადად სოფლებია.
ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის სოფლების მცხოვრებნი ამბობენ, რომ ექსტრემისტულმა ჯგუფმა ბევრი შეზღუდვა და რეპრესიული კანონი აღადგინა. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი თალიბანის სამხედრო შეტევის ცენტრია.
უწინ, ქვეყნის მმართველის როლში, თალიბანი ქალებს აიძულებდა თავით ფეხამდე დაეფარათ სხეული, უკრძალავდა სახლის გარეთ მუშაობას, ძლიერ ზღუდავდა გოგონების განათლებას და ქალებს სახლიდან გასვლის უფლებას მხოლოდ მაშინ აძლევდა, თუ თან მამაკაცი ნათესავი ახლდათ.
ადგილობრივი მოსახლეების თქმით, ამ წესებიდან ბევრი კვლავ ამოქმედდა ადგილებში, რომლებიც თალიბანმა ახლახან დაიპყრო. და ეს ხდება მიუხედავად თალიბანის არაერთი განცხადებისა, რომ ის შეიცვალა და ამ წესებს აღარ აღადგენდა.
„უწინ მარტოს შემეძლო ბაზარში წასვლა პროდუქტების საყიდლად“, - ამბობს 26 წლის მონირა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ფარიაბის შირინ ტაგაბის ოლქში ცხოვრობს და დასძენს: „შემეძლო პარიკმახერთან მისვლა, შემეძლო თმა შეკრული მეტარებინა“.
მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა, როცა ორი კვირის წინ თალიბანმა მისი ოლქი დაიპყრო.
„ქალებს ჩაგრავენ“, - ამბობს მონირა. - „თალიბანი ამბობს, რომ სახლიდან გასვლის დროს თან მამაკაცი უნდა გვახლდეს და სხეული უნდა დავიფაროთ“.
ფარიაბის ზოგ ადგილას თალიბანმა მაღაზიებს აუკრძალა ივაჭრონ ქალებთან, რომლებიც იქ თანმხლები მამაკაცის გარეშე მივლენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ წესების დამრღვევთ ხშირად სჯიან - მათ შორის საჯაროდ ცემით, რაც თალიბანის უწინდელი მმართველობის კიდევ ერთი წესი იყო.
ექსტრემისტებმა ზოგან პლაკატები გააკრეს და მოსახლეობას ახალი წესების შესახებ ამ გზით ამცნეს. სხვაგან ისინი ხმის გამაძლიერებლებით გადაადგილდებიან მანქანებით, ან მეჩეთებიდან აცხადებენ ახალ წესებს.
17 წლის სარა ამბობს, რომ თალიბანმა მისი სკოლა დახურა აყჩის რეგიონში, ჩრდილოეთის პროვინცია ჯავზიანში, რომელიც ექსტრემისტებმა ორი კვირის წინ დაიკავეს.
„არ ვიცით, რა გველის ჩვენ ან ჩვენს განათლებას“, - ამბობს სარა, რომლის ოჯახიც მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი პროვინციის დედაქალაქ შებერღანში გაიქცა.
„ამდენი წელი ვსწავლობდით და ახლა ჩვენი ძალისხმევა დაიკარგა“, - დასძენს ის. „თალიბანის შიშით აყჩაში ვეღარ ჩავდივართ. ისინი ამბობენ, რომ გოგონებმა სკოლაში აღარ უნდა იარონ“.
სხვა ადგილებში, რომლებიც თალიბანმა დაიკავა, გოგონებს მხოლოდ მეოთხე კლასამდე აძლევენ განათლების უფლებას.
ჩრდილოეთის პროვინცია ბადახშანში მოქმედი ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი ცენტრის ხელმძღვანელი, არეფა ნავიდი, ამბობს, რომ თალიბანმა ქალებს სახლების გარეთ მუშაობაც აუკრძალა.
„თალიბანმა მთელ ბადახშანში ქალები გააფრთხილა, რომ ოფისებში წასვლა არც ერთ შემთხვევაში არ შეუძლიათ“, - ამბობს ნავიდი.
ჰაბიბა დანეში, პარლამენტარი ჩრდილოეთის პროვინცია ტახარიდან, ამბობს, რომ თალიბანი დაუქორწინებელ ან ქვრივ ქალებს თავის მეომრებთან დაქორწინებას აიძულებს. ანალოგიური ცნობები ვრცელდება ისლამისტების კონტროლქვეშ მოქცეული სხვა ადგილებიდანაც.
პარალელურად, ჩრდილოეთ ბალხის პროვინციის მკვიდრი მამაკაცი ამბობს, რომ თალიბანმა კაცებს წვერის გაპარსვა და გაკრეჭა აუკრძალა. მისი თქმით, წესების დარღვევის შემთხვევაში დალაქებს დასჯით ემუქრებიან.
ამ მამაკაცმა, რომელმაც თალიბანის შიშით ვინაობა არ გაამხილა, დასძინა, რომ კაცები ახლა ვალდებულნი არიან დღეში ხუთჯერ ილოცონ.
ზოგიერთ ადგილას აიკრძალა მუსიკის მოსმენა და ტელევიზორის ყურება, როგორც ეს იყო თალიბანის მმართველობისას, მეოთხედი საუკუნის წინ.
„თალიბანმა ხალხს ბევრი შეზღუდვა დაუწესა“, - ამბობს ის და დასძენს: „ხალხი შეშფოთებულია“.
კიდევ ერთი ადგილობრივი მოსახლე ამბობს, რომ ექსტრემისტებმა ხალხს უბრძანეს მათი მეომრები დღეში სამჯერ გამოკვებონ, მიუხედავად რეგიონის ღრმა სიღარიბისა.
„ისინი ხალხს აიძულებენ მათ საჭმელი მოუმზადონ და დასაძინებელი ადგილი შესთავაზონ“, - ამბობს ის.
ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ თალიბანის ექსტრემისტებს ადანაშაულებს მოსახლეობის იძულებით განდევნაში და მათი სახლების დაწვაში, ავღანეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გამო შურისძიების სახით.
„მთავრობის მხარდამჭერებად მიჩნეული სამოქალაქო პირების წინააღმდეგ თალიბანის შურისძიების თავდასხმები წარმოადგენს შემზარავ გაფრთხილებას სამომავლო სისასტიკის საფრთხეზე“, - ამბობს „ჰიუმან რაიტს უოჩის“ აზიის პროგრამის ასოცირებული დირექტორი, პატრიცია გოსმანი.
თავად თალიბანი უარყოფს ბრალდებას, რომ ის ადგილობრივ მოსახლეებს ცუდად ეპყრობა და მკაცრ ახალ წესებს უდგენს.
„ამჟამად გვაქვს საომარი ვითარება და ყველაფერი ისევე დარჩება [როგორც ეს ავღანეთის მთავრობის კონტროლის დროს იყო]", - უთხრა თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა, რადიო თავისუფლებას. - „მაგრამ როცა კანონები დადგინდება, ხალხი მათ უნდა დამორჩილდეს“.
თალიბანი ირწმუნება, რომ ის აღარ წარმოადგენს იმ სასტიკ ჯგუფს, რომელიც ავღანეთს პირველად 1990-იან წლებში მართავდა. მაშინ მისი რეჟიმი იყო საერთაშორისო მარგინალი, ქალების ჩაგვრისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ხოცვა-ჟლეტის გამო.
ბოლო წლებში თალიბანი ამბობდა, რომ მხარს უჭერს ქალებისთვის უფლებების მინიჭებას, მათთვის მუშაობისა და განათლების საშუალების მიცემას, თუკი ეს წინააღმდეგობაში არ მოდის ისლამურ ან ავღანურ ღირებულებებთან. თუმცა ჯგუფი ასევე დასძენდა, რომ სურდა ქალების მიერ ახლახან მოპოვებული იმ თავისუფლებების შეზღუდვა, რომლებსაც ის „ამორალურად“ მიიჩნევდა.
ისლამის ულტრაკონსერვატიულ ვერსიასა და პაშტუნთა სათემო კოდების მიმართ თალიბანის ერთგულება გამოძახილს პოულობს ამ ჯგუფის კონტროლქვეშ მოქცეული ტერიტორიების მცხოვრებთა ნაწილში - განსაკუთრებით სამხრეთისა და აღმოსავლეთის სოფლებში, რომლებსაც ომმა დიდი დარტყმა მიაყენა, სადაც ძირითადად პაშტუნები ცხოვრობენ და სადაც ცხოვრების დონე პრაქტიკულად არ გაუმჯობესებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში.
მაგრამ ამ იდეებისგან დიდწილად გაუცხოებულია ჩრდილოეთისა და ავღანეთის მსხვილი ურბანული ცენტრების მოსახლეობა, სადაც ხელისუფლებიდან თალიბანის განდევნის შემდეგ, ბოლო 19 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიული ცვლილებები მოხდა.
სოფლებში თალიბანის ექსტრემისტული წესების აღდგენას ქალაქების მცხოვრები ბევრი ქალი ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალს.
„მეშინია, რომ ქალები შესაძლოა დააბრუნონ წარსულის ბნელ დღეებში, როცა ჩვენ მხოლოდ დიასახლისები ვიყავით და გვეკრძალებოდა მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კულტურაში, პოლიტიკაში, სპორტშიც კი“, - ამბობს სანამ სადათი, ფარიაბის პროვინციის დედაქალაქში, მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ მაიმანაში, მცხოვრები აქტივისტი.
„რა მოხდება, როცა თალიბანი ქალაქებს დაიკავებს?“ - კითხულობს ის. - „რა ელით ქალებს?“