პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მემორიალთან ახალი ორგანიზაციის, “შმაქსის” პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც მისი თქმით შექმნის ახალ პროდუქტს - “ბორბლებზე მოძრავ უნივერსიტეტს”. ეს იქნება ავტომობილები, რომლებიც მგზავრებს სასურველ ადგილას მიყვანასთან ერთად მიაწოდებენ “საღ აზრს და სწორ მორალს” და დაეხმარებიან განათლების გაღრმავებაში.
"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, სიმბოლურ ადგილას, წიწამურში, სადაც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ მოკლეს ილია ჭავჭავაძე და მასთან ერთად, მოკლეს საღი აზრი. მას შემდეგ, საქართველოში, საღი აზრის პრობლემა მწვავედ დგას.
"გირჩის" შექმნის ერთ-ერთი მიზანი კი, დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში საღი აზრის, თავისუფლების იდეების გავრცელება იყო, რომელიც თავისი არსით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საბჭოთა საზოგადოებაა."- თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
“გირჩის” ინიციატივა არის პასუხი მერიის მიერ ინიცირებული და მიმდინარე “ტაქსების რეფორმის”, რომლის ახალი ტალღის ამოქმედების შემდეგაც თბილისში ტაქსის ფუნქციის მქონე ავტომობილები მხოლოდ თეთრი ფერის შეიძლება იყოს.
ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ ეს რეფორმა და სახელმწიფო რეგულაცია ათი ათასობით ადამიანს ტოვებს შემოსავლის გარეშე და მოუწოდა ტაქსის მძღოლებს, შეეშვან ტაქსაობას და “დაიწყონ შმაქსაობა.” შმაქსის პირველი კონტრაქტორი მძღოლები თავად პარტია გირჩის წევრები იქნებიან, იმ შემთხვევაში თუ ტაქსის მძღოლები, რომელბსაც თეთრი ფერის მანქანა არ ჰყავთ და “შმაქსში” მუშაობას გადაწყვეტენ, “გირჩი” მზად არის მიაწოდოს მათ სასწავლო რესურსები და მასალები, რომელიც ხალხში უნდა გაავრცელონ. "შმაქსის" თანამშრომლების ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგძლივობის შესაბამისად.
კომპანია “შმაქსი” იურიდიულად უკვე რეგისტიტრებულია საჯარო რეესტრში. მისი ერთადერთი დამფუძლებელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახლავთ. კომპანიის წესდების მიხედვით მისი ფუნქცია საღი აზრისა და საგანმათლებლო იდეების გავრცელებაა.