22 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარლამენტის წევრი, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში. მან ილაპარაკა საქართველო-რუსეთის 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებაზე "საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ". გასული კვირის ბოლოს, 18 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-თან, რომელიც 2011 წლის შეთანხმების შესაბამისად, მონიტორინგს გაუწევს საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების მოძრაობას. SGS-თან კონტრაქტი საქართველომ 2017 წლის დეკემბერში გააფორმა. ზურაბ ჭიაბერაშვილი მონაწილეა 2011 წელს რუსეთთან შეთანხმებაზე მუშაობის პროცესის, რომელშიც შუამავლის როლში იყო შვეიცარია. პროცესში ჩართულები დასავლელი პარტნიორები. საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) 2000 წელს გაწევრიანდა. რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა WTO-ში შესვლას და ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2012 წელს, უკვე საქართველოსთან ორმხრივი შეთანხმების მიღწევის კონტექსტში. ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერით რუსეთს პრაქტიკულად მოუწია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. დოკუმენტი ხომ გულისხმობს რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთების მიმოსვლის მონიტორინგს, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით. ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ საკმაო ძალისხმევა დასჭირდა რუსეთის პოზიციის დაძლევას - ოკუპანტ სახელმწიფოს სურდა დოკუმენტს მხოლოდ ორი სავაჭრო დერეფანი მოეცვა - ისინი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადის. ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ WTO-ში რუსეთის შესვლა შედიოდა ყველას ინტერესებში. მისი თქმით, იდეაში, საქართველოს შეეძლო უარი ეთქვა რუსეთთან მოლაპარაკებებზე, თუმცა, ეს იქნებოდა წინააღმდეგობაში ყველას (მათ შორის, საქართველოს) ინტერესშიც, რომ რუსეთი მოქცეულიყო სავაჭრო ურთიერთობების საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში. ყოფილი დიპლომატი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმების გაჭიანურების გამო და თვლის, რომ საქართველოს ეს პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა გაეკეთებინა, ვიდრე რუსეთი ჯერ კიდევ ახალბედა წევრი იყო WTO-სი. "დილის საუბრების" სტუმარი განმარტავს იმ მექანიზმს, რასაც ტვირთების მონიტორინგი გულისხმობს და რასაც, მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ გააფორმა SGS-სთან კონტრაქტები, ლეგალური ხელისშემშლელი ფაქტორი წინ აღარ უდგას.