2018 წელს თბილისში, სადაც ზოე ცხოვრობდა, სადაც მუშაობდა მისი კაფე და სადაც გაიგონებდით მოძახილს მის ანსამბლ „კიმელიასთან” ერთად, ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად გადავიღეთ მოკლე ფილმი ზოე პერეზე: „მონპელიელი ქალის მრავალხმიანი ქართული“.
ზოე ახლა გატაცებით ჰყვება საფრანგეთში, ტულუზაში ცხოვრებაზე, სადაც აგრძელებს იმ საქმეს, რასაც მრავალხმიანი სიმღერა და მისი სწავლება ჰქვია, მთავარი მუსიკა მასში კვლავ საქართველოა. არ წავსულვარ საქართველოდან, სულიერად საქართველოში დავრჩიო, მიყვება.
ჯერ იყო და საფრანგეთიდან საქართველოში გადაბარგდა და იქ 16 წელი იცხოვრა, ახლა უკან, კვლავ თავის პირველად სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა არა მშობლიურ ქალაქ მონპელიეში, არამედ ტულუზაში, რომელსაც ემიგრანტებით და უცხო კულტურების შერევით ვერ გააკვირვებ.
ზოე პერე ემიგრანტია, მაგრამ ეს ახლა არ დაწყებულა. ეს სისხლში მაქვს, ჩემი წინაპრებიც ასე იყვნენ, როგორც მე - ერთი კუთხიდან მეორეში გადადიოდნენო, მიამბობს და მიხსნის, საიდან აქვს ბასკური ფესვები.
ზოე პერემ სორბონის უნივერსიტეტში ისწავლა ლიტერატურა, ენები, ასევე მუსიკა, არის პედაგოგი - თბილისში ფრანგულს ასწავლიდა. ახლა საფრანგეთში ქართული ენის მოწაფეები ჰყავს და ასევე მასტერკლასებს ატარებს არა მხოლოდ ტულუზაში, სხვა კუთხეებშიც და ქართულ მრავალხმიან სიმღერებს ავრცელებს.
ზოე ბევრ პროექტშია ჩართული. ტულუზაში ერთი თეატრის შემოთავაზება დაეხმარა მას, ჯერ კიდევ საქართველოში გაჩენილი იდეა განეხორციელებინა - ძველი თბილისური მუსიკის შემსრულებელი ჯგუფი შეექმნა.
ჯგუფს ჰქვია დასტა „ავალა”, მასში ზოე მღერის და ვიოლინოზე უკრავს, მასთან ერთად არიან ნაზი ჭავჭავაძე (დოლი და ჩელო), ასევე მედუდუკე ივანე მკრტიჩიანი და დავით ხოსიტაშვილი (გიტარა და დაირა).
უცხოელებს, საქართველოში ვისაც უცხოვრია, შინ დაბრუნების მერე საქართველო ენატრებათ, ეძებენ ქართველებს და პოულობენ. როგორც ზოე ამბობს, იქ ბევრი ქართველია და მათთან ერთად სხვადასხვა აქციით თავის მეორე სამშობლოს აცნობს ფრანგებსა და ტულუზელებს.
ტულუზაში ბევრი უცხოელია. ზოე გიამბობთ მუსიკალურ პროექტებზე, ქალაქის ერთ უბანში შექმნილ საერთაშორისო „სახალხო ორკესტრზე“, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩართვა თავისი ეროვნული ინსტრუმენტით თუ მელოდიით.
ფორუმი