1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია სოფელ ხიბულაში გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობით. ოჯახი ამ ვერსიას დღემდე არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს. რადიო თავისუფლებამ ზვიად გამსახურდიას განვლილი გზა რამდენიმე ფოტოთი შეაჯამა.
ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა, სწორედ იმ დროს როდესაც „დიდოსტატის მარჯვენა“ იწერებოდა. კონსტანტინე გამსახურდიამ ვაჟა და რომანის კუშტ პერსონაჟს ზვიად სპასალარს ერთი სახელი დაარქვა. ორი დის შემდეგ ზვიადი ოჯახში მესამე ბავშვი იყო.
ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ თითქმის ბავშვობიდან იწყება. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. ამ ფოტოზე გამსახურდია დედასთან, მირანდა ფალავანდიშვილთან ერთად არის გადაღებული.
ზვიადი ახალგაზრდობაში ხშირად ნადირობდა, მაგრამ ერთ დღეს ამ გატაცებაზე უარი თქვა. მისი ყოფილი მეუღლე დალი ლოლუა იხსენებს: „ზვიადმა მიხმო და გამანდო თავისი უგუნებობის ამბავი. „ეს ალბათ ჩემი ბოლო წასვლაა, რადგან ამგვარ საცოდაობას მე მეტი ვეღარ გავუძლებ“, - თქვა მან. ნადირობისას ზვიადს მოუკლავს დედალი ხოხობი... მამალს ისე შეუცხადებია,როგორც ადამიანს. თურმე საზარლად წიოდა და თავზე დაფარფატებდა უსულო დედალს“ (წიგნიდან: 13 წელიწადი კოლხურ კოშკში).
კოლხურ კოშკში რთული პერიოდი იდგა. გარდაიცვალა მირანდა ფალავანდაშვილი, თამარ გამსახურდია, კონსტანტინე გამსახურდია...
80-იანი წლების ბოლოს იწყება ეროვნული მოძრაობა, რომლის უპირობო ლიდერები ყოფილი დისიდენტები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ.
1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა მერაბ კოსტავა. დღემდე ბოლომდე გარკვეული არ არის ავტოავარია შემთხვევითი იყო თუ დაგეგმილი. მერაბ კოსტავას გარდაცვალებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ეროვნულ მოძრაობას.
მწერალი როსტომ ჩხეიძე წერს, რომ როდესაც ზვიად გამსახურდიას მერაბის სიკვდილის ამბავი შეატყობინეს, დაეცა და კარგა ხანს ვერ წამოდგა.
1991 წელს ზვიად გამსახურდია ხმების 87,03 პროცენტით აირჩიეს პრეზიდენტად. მასთან ერთად კენჭს იყრიდნენ: ვალერიან ადვაძე - 7,17%; ჯემალ მიქელაძე - 1,58%; ნოდარ ნათაძე -1,14%; ირაკლი შენგელაია - 0,88%, თამაზ კვაჭანტირაძე - 0,25%.
1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
გივი ნახუცრიშვილი, რომელიც ზვიად გამსახურდიასთან მუშაობდა იხსენებს: „ზვიად გამსახურდია ელოდებოდა მსოფლიოს ქვეყნებიდან საქართველოს აღიარებას. როცა 1992 წლის იანვრისთვის საქართველო 20-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, მან თქვა; „ახლა უკვე სიკვდილიც შეიძლება“ (წიგნიდან „79 ამბავი“).
სამოქალაქო ომს, რასაც ზვიად გამსახურდიას ჩეჩნეთში გახიზვნა მოჰყვა თან დაერთო აფხაზეთის კონფლიქტიც. გამსახურდია ამ დროს ისევ ჩამოვიდა საქართველოში, ამჯერად სამუდამოდ.
„დრო მოვიდა და დავბრუნდი. აღარსად წამსვლელი აღარ ვარ. მირჩევნია აქ თქვენს შორის ვიყო და თუ გარემოება მოიტანს, თქვენ შორის მოვკვდე“, - განაცხადა ზუგდიდში გამართულ მიტინგზე (წიგნიდან: „79 ამბავი“).
1993 წლის 31 დეკემბრის ღამეს სამეგრელოს მაღალმთიან სოფელ ძველ ხიბულაში ყველასგან მალულად შეფარებული პირველი პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვეს.
„ცუდად იყო. ავად რომ გახდება კაცი, როგორ იქნება? მოტეხილი, მოხრილი. დათრგუნვილი ჩანდა. ოთახში იყო და არ გამოსულა. იმ ამბის შემდეგ გავთავდი კაცი. მაგრად მიყვარდა. ასე რომ არ მომხდარიყო, დღემდე შევინახავდი სახლში“, - იხსენებს გამსახურდიას მაშინდელი მასპინძელი კარლო ღურწკაია.
ზვიად გამსახურდია თავდაპირველად იქვე სამეგრელოში დაკრძალეს, შემდეგ კი ჩეჩნეთში. 2007 წლის 28 მარტს მისი ნეშტი ისევ საქართველოში გადმოასვენეს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.