Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბანში თბოსადგურის დირექტორის მოადგილე გახდა


„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბანში, სახელმწიფოს კუთვნილი თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. რადიო თავისუფლებას ზაქარია ქუცნაშვილმა მისი ახალი სამსახურის შესახებ ინფორმაცია დააუდასტურა, თუმცა არ ისურვა პასუხის გაცემა კითხვებზე, როდის დაიწყო ამ თანამდებობაზე მუშაობა და რა იქნება მისი სამსახურებრივი მოვალეობები.

ყოფილი დეპუტატის თქმით ის უკვე აღარ არის საჯარო მოხელე, აღარ აქვს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება და პირადი საკითხებზე ინფორმაციას არ გასცემს.

შპს “გარდაბნის თბოსადგურის“ 49.092%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – „საპარტნიორო ფონდია“. 50.908%-იანი წილის კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. თავის მხრივ, კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ისევ „საპარტიორო ფონდია“. ზაქარია ქუცნაშვილის 2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი მამა, ომარ ქუცნაშვილი “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ზაქარია ქუცნაშვილი გამორიცხავს მამის გავლენას მის ახალ სამსახურში დანიშვნასთან დაკავშირებით და გვახსენებს, რომ მისთვის ენერგეტიკის სფერო ახალი არ არის.

ზაქარია ქუცნაშვილის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, 2005-2006 წლებში ის ელექტრო საბითუმო ბაზარში იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო.

სხვადასხვა დროს ზაქარია ქუცნაშვილი მუშაობდა ანტიკორუფციულ საბჭოში, საპატრიარქოს იურიდიულ სამსახურში, იყო თბილისის საკრებულოს წევრი და საგანმანათლებლო რადიო პროექტის "კანონი ხალხისათვის" ავტორი და წამყვანი.

ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭი პარლამენტმა 2019 წლის წლის 3 სექტემბერს უყარა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით პარლამენტს მან თავად მიმართა.

ქუცნაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილება მას შემდეგ დატოვა, რაც საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა, რასაც საზოგადოების პროტესტი და აქციები მოჰყვა. ღონისძიების და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი იყო.

XS
SM
MD
LG