1939 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით ნახევარი მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი შეიჭრა ფინეთში. შემდგომში ამ თავდასხმას „ზამთრის ომის“ დასაწყისი უწოდეს. მოულოდნელი თავდასხმა კრემლის შიშმა გამოიწვია.
საბჭოთა მთავრობას ფინეთის გზით ნაცისტების თავდასხმის ეშინოდა, ამიტომ ისინი ფინეთისგან დაჟინებით მოითხოვდნენ მიწის გაცვლას, რომელიც ფინეთის საზღვარს ლენინგრადისგან (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) შორს გადაწევდა. საბჭოთა კავშირის ამ მოთხოვნაზე ფინეთის მთავრობამ უარი განაცხადა.
საბჭოთა სპეციალისტები იოლ გამარჯვებას ვარაუდობდნენ 21 დეკემბრისთვის, იოსებ სტალინის 60 წლის იუბილესთვის. მაგრამ ამ გეგმას ასრულება არ ეწერა.
იმის მიუხედავად, რომ წითელმა არმიამ საბოლოოდ ომი მოიგო, მხოლოდ თვეების შემდეგ მოახერხა 3,7-მილიონიანი ქვეყნის დამარცხება, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა.
ამ ფოტოებიდან დაახლოებით 7 000 ფინეთის თავდაცვის ძალების არქივიდანაა. ისინი გააციფრულეს და 2013 წელს გამოაქვეყნეს.
ფინეთზე გაფრთხილების გარეშე თავდასხმას საერთაშორისო პროტესტი მოჰყვა. ამის საპასუხოდ, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა რადიოში განაცხადა, რომ თვითმფრინავები მშიერი ფინელი ხალხისთვის საკვების მარაგს ყრიდნენ და არა ბომბებს.
მათი სიტყვებით, ეს იყო იმ საკვებზე დასაყოლებელი სასმელი, რომელსაც, მოლოტოვის თქმით, უყრიდნენ ფინელებს. შავი იუმორის საჩვენებლად, ფინელმა მებრძოლებმა ამ ხელნაკეთ აალებად ბომბებს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელი უწოდეს. ასე დაიბადა მომდევნო ათწლეულებში კონფლიქტების დროს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული იარაღი.
შეიარაღების უმეტესობა, რომელსაც ფინელი სამხედროები იყენებდნენ, საბჭოთა ჯარებისგან ჩაიგდეს ხელში.
წითელარმიელები მუქი ფერის ფორმებში იყვნენ გამოწყობილი, რაც მათ ფინელი სნაიპერების ადვილ სამიზნედ აქცევდა.
პროფესიონალმა ფერმერმა და მონადირემ, სიმო ჰაიჰამ, „ზამთრის ომის“ დროს 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცის მოკვლა მოახერხა, სანამ მას საბჭოთა სნაიპერი სახეში ესროდა. ის მძიმედ დაიჭრა, თუმცა გადარჩა. წლების შემდეგ, როცა ჰკითხეს, ნანობდა თუ არა ამდენი ახალგაზრდა ადამიანის მოკვლას, მან უპასუხა: „მე მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რაც მითხრეს, როგორც შემეძლო, ისე ვაკეთებდი“. ჰაიჰა 2002 წელს გარდაიცვალა. მისი საფლავის ქვაზე წერია: „სახლი - რელიგია - სამშობლო“.
საბჭოთა ჯავშანტექნიკა კი, რომლის გადაადგილების ხმა კილომეტრებზე ისმოდა, ძირითადად დამოკიდებული იყო ფინეთში არსებულ მცირერიცხოვან გზებზე.
საბჭოთა ჯარისკაცების კოლონა და მძიმე ტექნიკა ტყის გავლით მიდიოდა. ფინელთა სათხილამურო რაზმებმა შეძლეს შეუმჩნევლად დაეკავებინათ პოზიცია და ტექნიკა გაენადგურებინათ კოლონის თავსა და ბოლოში. მას მერე, რაც გზა ჩაიხერგა, ფინელებმა შეძლეს წითელარმიელთა ალყაშემორტყმული კოლონის განადგურება.
ფინეთში შეჭრის წინა წლებში სსრკ-ის არმიაში ჩატარებული წმენდის შედეგად მოიშალა არმიის სარდლობის სტრუქტურა.
1940 წლის იანვარში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა მიმდინარე „ზამთრის ომზე“ თქვა: „ფინელებმა გვაჩვენეს, რის გაკეთება შეუძლიათ თავისუფალ ადამიანებს... ყველას შეუძლია დაინახოს, როგორ ალპობს კომუნიზმი ერის სულს; როგორ აქცევს ის მათ მშვიდობის დროს დამცირებულ და მშიერ არსებებად, რომლებიც ომში უბადრუკად საზიზღრად გამოიყურებიან. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, როგორი იქნება ფინეთის ბედი, მაგრამ შეუძლებელია ამაზე უფრო სამწუხარო სანახაობის წარმოდგენა... ვიდრე იმის, რომ ამ შესანიშნავ ჩრდილოეთის რასას ძალა გამოეცლება და სიკვდილზე უარეს მონობაში აღმოჩნდება უხეშ და მრავალრიცხოვან ძალასთან ჭიდილში“.
ომის დროს ფინეთში ჰაერის ტემპერატურა -40 გრადუსზე დაბლა დაეცა. ამ პერიოდში წითელარმიელების წესდებით, ისინი -15 გრადუსზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე წვრთნებს არ გადიოდნენ.
ალყაში მოქცეული საბჭოთა ჯარისკაცების ერთ-ერთმა ჯგუფმა ზემდგომებს შეტყობინება გაუგზავნა: „ჩვენ ვკვდებით, გთხოვთ, გადაუხადეთ ჩვენს ოჯახებს მარტის თვის ხელფასები. უთხარით ყველას, რომ გმირებად მოვკვდით... ჩვენ არ დავნებებულვართ“.
როგორც დაკითხვის დროს თქვა ერთ-ერთმა ტყვემ, მას უთხრეს, რომ ფინელი თანამოძმე მუშები კაპიტალიზმისგან უნდა დაეხსნა. ჯარისკაცი მალევე მიხვდა, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს; „საკუთარ ტყავზე ვგრძნობ, როგორი მასპინძლობა გაგვიწიეს იმ ადამიანებმა, ვის ‘გასათავისუფლებლადაც’ მოვედით“.
კვირების განმავლობაში ფინეთის აღმოსავლეთში განცდილი უდიდესი დანაკარგის შემდეგ საბჭოთა არმიამ კურსი აიღო ჰელსინკის აღებაზე ქვეყნის კარგად გამაგრებულ სამხრეთში.
ფინური ხის სახლების დასაწვავად საბჭოთა ჯარები სპეციალურ აალებად ბომბებს იყენებდნენ.
რიცხობრივი უპირატესობის მქონე საბჭოთა ჯარებმა დაქანცულ ფინელებს უკან დაახევინეს. 1940 წლის მარტში საბჭოთა ჯარისკაცები ვიბორგის გარეუბნებში შევიდნენ. ფინელებს არჩევანი აღარ ჰქონდათ, ისინი იძულებული გახდნენ, მიეღოთ საბჭოთა კავშირის მიერ შეთავაზებული ზავის მკაცრი პირობები.
საზავო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ფინეთს ტერიტორიების 11% დაუჯდა, მასში შედიოდა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი ვიბორგიც. „ზამთრის ომის“ დროს 25 904 ფინელი დაიღუპა. საბჭოთა კავშირმა კი, სულ მცირე, 126 875 ჯარისკაცი დაკარგა.
მოგვიანებით საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი იხსენებდა: „ჩვენ ყველა, და სტალინი პირველ რიგში, ამ გამარჯვებაში ფინელებისგან დამარცხებულად ვგრძნობდით თავს. ეს იყო სახიფათო დამარცხება, რადგან მან კიდევ უფრო გაუმყარა ჩვენს მტრებს რწმენა, რომ საბჭოთა კავშირი იყო კოლოსი თიხის ფეხებზე“.
ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ ფინეთმა დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღო. ის საბჭოთა კავშირში შეჭრის დროს ნაცისტებს შეუერთდა.