ვოვა სიხარულიძის ყველაზე ცნობილი მოთხრობა, „მეათე მოწმე“, პირველად 1967 წელს გამოქვეყნდა. მერეც არაერთხელ დაიბეჭდა ავტორის კრებულებსა თუ სხვადასხვა ანთოლოგიებში, თუმცა ყოველთვის, ყოველ ჯერზე, ამ მოთხრობის გამოქვეყნებას თან ახლდა მთიდან დაგორებული უზარმაზარი ლოდის ეფექტი. მკითხველი, რომელიც პირველად გაეცნობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემულ ვოვა სიხარულიძის „მეათე მოწმესა“ და სხვა ტექსტებს, აუცილებლად იგრძნობს ამ ეფექტის გამაოგნებელ ძალასა და სიმძლავრეს, რომელიც, როგორც მოთხრობაშია, სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ყოველივე უსამართლოს, მანკიერს, ყალბსა და უკეთურს, რაც ასე დამაჯერებლად არის აღწერილი გამოგონილი სოფლის, „საბალახოს“, მაგალითზე, და რომლისგანაც ვერც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გავთავისუფლდით.
მწერლობამდე გორგასლიანში
ვიდრე თვითონ დაიწყებდა წერას და ლიტერატურულ წრეებს აალაპარაკებდა, ჯერ მასზე დაწერეს, თანაც დაწერეს საბჭოთა საქართველოს მთავარ გაზეთში, „კომუნისტში“, სადაც მას და მის მეგობრებს - მერაბ კოსტავას, გურამ დოჩანაშვილს, ზვიად გამსახურდიას და სხვებს -„სარეველა“ უწოდეს და მოსათხრელად, ამოსაძირკვად გაიმეტეს.
“თბილისის პირველ საშუალო სკოლაში მრავალი საუცხოო ახალგაზრდა იზრდება, მაგრამ მათთან ერთად ჯერ კიდევ ვხედავთ ხულიგანთა “თაიგულის” წევრებს ვლადიმერ (ვოვა) სიხარულიძეს, თამაზ გუნჯუას და თეიმურაზ ცერცვაძეს. ვერც 47-ე და 42-ე სკოლები დაიტრაბახებენ მოსწავლეთა შორის აღმზრდელობითი მუშაობის მაღალი დონით. ამ სკოლებში სწავლობენ ხულიგნები ზვიად გამსახურდია, თემურ მეტრეველი და ანატოლ მიქაძე... ამ ხულიგნების თავაშვებულობის გამო ამას წინათ ქალაქის ერთ-ერთ ბაღში სისხლიც კი დაიღვარა. ჩვეულებრივ აყალმაყალს დანის ტრიალი მოჰყვა. დაიჭრა ხულიგნების ჯგუფის წევრი გურამ დოჩანაშვილი, 47-ე სკოლის მეათეკლასელი მოსწავლე. ხულიგნების ჯგუფმა გადაწყვიტა “შური იძიოს ამხანაგისათვის”... ხულიგნები გვევლინებიან როგორც სარეველა ბალახი მობიბინე ჯეჯილში, ისინი სახელს უტეხენ ჩვენს საუცხოო ახალგაზრდობას, გვევლინებიან მუწუკებად ჯანსაღ სხეულზე. მუწუკს კი მოჭრა უნდა, სარეველას – ამოძირკვა!” – ვრცელი წერილი, რომელსაც ვინმე კ. ქებაძე აწერს ხელს, „კომუნისტის“ 1956 წლის 16 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
ვოვა სიხარულიძე და მისი მეგობრები გაასამართლეს, თუმცა მოგვიანებით, როგორც არასრულწოვნებს, 4-წლიანი პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს. გურამ დოჩანაშვილმა, „სარეველა ბალახის თაიგულის“ ერთ-ერთმა წევრმა, თავის ავტობიოგრაფიულ რომანში, “რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება”, დაწვრილებით აღწერა, თუ ვინ იყვნენ ეს „ამოსაძირკვი ახალგაზრდები“ და რა უნდოდათ მათ:
„ჩვენ, 9 ძმაკაცმა მაშინდელებმა, აი ასეთი რამ გადავწყვიტეთ: უმძაფრესი რამ – პროკლამაციების გაკვრა და სად ეს, - 50-წლებიან საქართველოში. ეს გადაწყვეტილება პირველმა ზვიადმა განიზრახა, მთლად ყმაწვილი იყო მაშინ. 13-14 წლისა, და პირველებმა მხოლოდ ტოლიკა მიქაძემ, თამაზ გუნჯუამ, ჯონდო მეტრეველმა და მგონი მერაბ კოსტავამ იცოდნენ ეს, დანარჩენები მაშინ ხეირიანად არც ვიცნობდით ზვიადს, მერე შეემატათ ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, მე - თავდებობით გამაწევრიანეს, თუმცა სხვებიც დამიდგებოდნენ თავდებად, მე კი გურამ სხირტლაძეს დავუდექი მეპირობედ, ასეთი წეს-კანონიც გვქონდა - თუკი ვინმე არ გაამართლებდა, თავდებს უნდა ეგო პასუხი“.
2 დეკემბერს ამ „9 ძმაკაცმა“ საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი პროკლამაციები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, გამოაკრეს და ასე მიმართეს თანამოქალაქეებს:
"ქართველებო! ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი... ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენი საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას. ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისთვის მაგალითად იქცეს უნგრელი ხალხის გმირობა. ხელები შორს უნგრეთისაგან! ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა! ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები! გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს! რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის!"
ლოდების დამგორებელი
ვოვა სიხარულიძე 1967 წელს გამოჩნდა ვრცელი მოთხრობით „მეათე მოწმე“, გამოჩნდა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართულ ლიტერატურაში. დღეს წარმოუდგენელია ქართული მოთხრობის ანთოლოგია, მით უმეტეს XX საუკუნის ქართული მოთხრობისა, რომელშიც არ იქნება შეტანილი ამბოხებულ ჯანიკოს მიერ სოფელ საბალახოზე დაგორებული ლოდების ამბავი.
ვოვა საიხარულიძე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აღარ დაბრუნებია, თუმცა, როგორც მწერლის შვილი დავით სიხარულიძე იხსენებს, ტექსტებით და ცხოვრების წესითაც, ვოვა სიხარულიძე არასოდეს გამხდარა საბჭოთა ტიპი:
„სულ ატარებდა პროტესტს საბჭოთა წყობის მიმართ; სულ ახსოვდა, რომ გასაფრთხილებელი და შემდეგი თაობებისთვის გადასაცემი იყო საქართველოს თავისუფლების იდეა, რომლის გამოც ის და მისი მეგობრები მოწაფეობის დროს სამკვდრო-სასიცოცხლო რისკზე წავიდნენ“.
მწერლის მეუღლის, დოდო თოფურიას თქმით კი, “არასაიმედო კაცის” იარლიყი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოიშორა და, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურობა, სადღეისო ჭირვარამი ნაკლებად აინტერესებდა და უფრო მარადიული კატეგორიები - ცოდვის, მონანიების, ღირსებისა და სხვა იდეალები - ხიბლავდა, რელიგიური იყო და ღმერთთან მიახლოებაზე ფიქრობდა, დევნას მაინც განიცდიდა.
„მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფალი ადამიანი იყო. თავისუფლად მოაზროვნე მწერალი თუ ხელოვანი კი თავად თავისი არსებობით იყო საშიში... მაღალი ეშელონის პარტიული მუშაკების, არსებული წყობილების განქიქება და აკრძალულ, ფეთქებად თემებზე მეგობრების წრეში საჯაროდ მსჯელობა უყვარდა. საოცარი ორატორული ნიჭი და ადამიანების დარწმუნების დიდი უნარი ჰქონდა. გარს ყოველთვის ხალხი ეხვია“ („ბედის ნებიერა არასოდეს ყოფილა“. დოდო თოფურია).
მართლია, „მეათე მოწმე“ იგავია და სოფელი საბალახოც არ არსებობს, მაგრამ, როგორც მწერალმა ანდრო ბუაჩიძემ შენიშნა, ამ მოთხრობაში ავტორი აღწერს ტოტალიტარული, მათ შორის საბჭოთა რეჟიმისათვის დამახასიათებელ პიროვნების სრული ნიველირების პროცესს:
„მოთხრობაში პრიმიტიული ტოტალიტარული სოციალური წარმონაქმნი მექანიკურად აწყობილი კანონებით ცხოვრობს. ეს არის ურეფლექსიო, უპიროვნო და უგონო მასა, რომელსაც მისგანვე გარიყული და ნიველირებული კაცი, ჯანიკო, უპირისპირდება, ამ მასის წიაღში გაჩენილ მედროვეებს აფხიზლებს და მთელ ამ მასას ადამიანური არსებობისკენ უბიძგებს. „მეათე მოწმე“ მახვილგონივრული მინიშნებით ძალზე ლაკონიურად საბჭოთა სინამდვილეს გამოხატავს. საბჭოთა იმპერიული იდეოლოგიაც ისევე აქრობდა ადამიანებს, როგორც საბალახოელთა კლანმა გააქრო, ვერ გაიხსენა, სოციალურ ნულად აქცია ჯანიკო“.
მეათე მოწმე მოთხრობის მთავარი გმირია, ჯანიკო, რომელიც თანასოფლებების დავას შეესწრება სხვა ცხრა ადამიანთან ერთად. ტყუილ-მართლის გარჩევისას სოფლის თავკაცს, სავლეს, ათივე მოწმის აზრი აინტერესებს, მაგრამ, საქმეც ის არის, რომ ვერავინ იხსენებს, ვინ იყო მეათე, რაზეც ჯერ ბრაზდებიან, შემდეგ კი უტიფრად ქილიკობენ:
„ათმა თანასოფლელმა თუ არ გაგიხსენა, ორი დღის წინათ რომ მათ გვერდით იდექი, რად გინდა, ბიჭო, ამისთანა სიცოცხლე?.. ვინ გამოგვჩენია ასეთი უჯიშო, ასეთი უფერული, ტლუ და უსუსური?.. რად გინდა მაგისთანა ჭიანჭველას ცოლ-შვილი ან მეზობელი, ან ჭამა და ქეიფი?.. ადი, ბიჭო, მაღალ კლდეზე, გადმოხტი თავით და გაანოყიერე სხვებისთვის მიწა...“
ჯანიკო მართლა ავა ტყით დაფარულ მაღალ კლდეზე, მაგრამ გადმოხტომის ნაცვლად უცნაურ ამბოხებას მოაწყობს: უზარმაზარ ლოდებს დაუშენს სოფელს, ამასთან, დაუშენს საოცარი დამიზნებითა და პერიოდულობით და ყველაფერს რადიკალურად შეცვლის. მალე უღმერთო, უსამართლო საბალახოში ჯანიკო მოგვევლინება ერთგვარ უზენაეს ინსტანციად, რომელსაც თანასოფლელები სრულ მორჩილებასა და თავკაცობას, სავლეს შემცვლელობას სთავაზობენ (თავის მხრივ, ბოლომდე დამორჩილებული სავლე მზად არის ქალიშვილი მიათხოვოს მთაზე ასულ კაცს), მაგრამ ჯანიკოს არაკანონიკური მეამბოხეობა თუ რევოლუციონერობაც იმაში მდგომარეობს, რომ არც ეშხიანი ცირუნია უნდა, არც სხვა სახის სარგებელი.
„არ მინდა მე თქვენი სოფელი!“ - ასეთია ბელადობაზე უარის მთქმელის საბოლოო და დამაბნეველი გადაწყვეტილება.
კიდევ ერთხელ აღმოსაჩენი და წასაკითხი
„თითქოს ცა ჩამოიქცაო“, - ასე აღწერა მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა ვოვა სიხარულიძის მწერლობაში გამოჩენა, - „ბევრს აღმოხდა – მოვიდა! დაბრუნდა საპყრობილიდან გამოსული, ერთ ღამეში გაჭაღარავებული ახალგაზრდა კაცი – ვოვა სიხარულიძე. მოვიდა მოთხრობებით: „მაცგი~, „უხამსი“ და XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი შედევრით „მეათე მოწმე“. მოვიდა და ერთ დღეში გახდა ჩვენთვის, მათთვის, ვინც პირველად შეჰბედეს კალამს, სენსეი!“
თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ ლაშა თაბუკაშვილმა, თავისსავე დაარსებულ ჟურნალ „XX საუკუნეში“, რუბრიკით „ჩემი საყვარელი მოთხრობა“, კიდევ ერთხელ დაბეჭდა ვოვა სიხარულიძის „მეათე მოწმე“, რასაც კვლავ მოჰყვა მკითხველის აღფრთოვანება და რამაც საფიქრალი გაუჩინა ჟურნალის დამფუძნებელს.
„უამრავი ახალგაზრდა ჩამეკითხა, ვინ იყო ეს ფანტასტიკური მწერალიო. გული მეტკინა, ნუთუ ასე მოკლეა შედევრის წუთისოფელი?“, - ლაშა თაბუკაშვილი, „სენსეი“.
სწორედ ამგვარი უსამართლობის გამოსწორებისა და „შედევრის წუთისოფლისათვის“ ახალი სიცოცხლის შთაბერვის მცდელობაა გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ ვოვა სიხარულიძის სრული კრებულის დასტამბვა.
გამომცემლობის მთავარი რედექტორის, მწერალ ზვიად კვარაცხელიას თქმითაც, უცნაურია, რომ სპეციალისტების მიერ აღიარებული ნიჭიერი ავტორი, რომლის არც ერთი პუბლიკაცია შეუმჩნეველი არ რჩებოდა მკითხველს, რატომღაც კვლავ აღმოსაჩენია.
„და ეს მიუხედავად იმისა, რომ გარდა შედევრის, „მეათე მოწმისა“, მას აქვს სხვა ასევე კარგი მოთხრობები, მაგალითად, „მაცგი“, „უხამსი“. ყველა მოთხრობას ემჩნევა, რომ ნამდვილი ოსტატის მიერ არის შექმნილი. მისი გამოგონილი სამყარო და პერსონაჟები, რაც უნდა აბსურდულ გარემოში მოქმედებდნენ, დამაჯერებლობით გამოირჩევიან. ცხადია, ლიტერატურულ წრეებში იცოდნენ და იციან ვოვა სიხარულიძის ფასი, ასევე სოსო პაიჭაძისა, ლეილა ბეროშვილისა, გიორგი ბაქანიძისა, ჯემალ თოფურიძისა... მაგრამ დღეს ეს ავტორები ელოდებიან ხელახლა აღმოჩენას. მოვიდა დრო მკითხველმა ეს ავტორები, რომლებიც გამოტოვა, წაიკითხოს და ძალიან დიდი ყურადღებითაც წაიკითხოს. ვოვა სიხარულიძის მწერლურ ოსტატობას ემატება ცხოვრების ცოდნა, რაშიც ბიოგრაფიაც უწყობს ხელს. იგულისხმება 50-იან წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა. ამ მოძრაობის იდეალები მას და მის მეგობრებს სისხლში ჰქონდათ გამჯდარი და არა მოსაჩვენებლად, სუფრაზე და სადღეგრძელოებში სათქმელად, რაც თავიანთი ცხოვრებითა და საქმით, ლიტერატურით დაამტკიცეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად კვარაცხელიამ.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ვოვა სიხარულიძემ, რომლის შემოქმედებას ერთი საშუალო ზომის წიგნი იტევს, შექმნა თავისი ლიტერატურული სამყარო. შეუძლებელია ადამიანმა წაიკითხოს „მაცგი“, „მეათე მოწმე“, „მტარვალი“ ან პიესები, რომლებიც ასევე შეტანილია „ინტელექტის“ მიერ დაბეჭდილ ტომში, და ვერ მიხვდეს, რომ ამ ტექსტებს ერთი ავტორი ჰყავს.
„უხამსშიც“, „მეათე მოწმის“ მსგავსად, მწერალი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შეუმჩნევლად ქმნის ფსიქოლოგიური დაძაბულობის ატმოსფეროს და ერთი მასალით, როცა სჭირდება, შეგაცოდებს პერსონაჟს და მეორე წუთში, ამავე პერსონაჟით შეგაშინებს და დაგზაფრავს. ასეთია „უხამსის“ მთავარი პერსონაჟი, პატარა კაცი, სახელად მიშა.
„ის უმთავრესი, რასაც ეს ნაწარმოები დიდი ლიტერატურის რანგში აჰყავს, არის მიშას მხატვრულ სახეში განსხეულებული ბოროტების არაშაბლონურობა, არასტანდარტულობა. ეს ბოღმისა და სიავის განსახიერება თავისი მიზანსწრაფულობით, ენერგიულობით, სიცოცხლისუნარიანობით გვნუსხავს და ზოგჯერ სიმპათიისმაგვარ გრძნობასაც კი აღგვიძრავს თავის მიმართ“, - ამბობს კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე („პირველი წიგნის სათქმელი“).
მოთხრობების გარდა, ვოვა სიხარულიძე ავტორია პიესებისა: "გარეუბნის მარტო სახლი", "ოიდიპოსი", "ცხელი აგვისტო", "ღამის შემთხვევა". მწერლის პიესების მიხედვით გადაღებულია ფილმები "მაცგი" და "ბავშვობა".
მწერალი გულის შეტევით 1989 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა, 49 წლის ასაკში. როგორც რადიო თავისუფლებას მწერლის შვილმა, დავით სიხარულიძემ, უთხრა, ვოვა სიხარულიძეს არ დაუტოვებია არც ჩანაწერები და არც სხვა დაუსრულებელი ნაწარმოებები.
„წერისას თავისებური, უცნაური ჩვევა ჰქონდა: მოიმარჯვებდა ფანქარს და საშლელს, წერდა და შლიდა, წერდა და, რაც არ მოსწონდა, შლიდა...“
მართლაც თავისებური, უცნაური ჩვევაა, რომელიც მნიშვნელოვან სამუშაო მასალას არ უტოვებს ლიტერატურის მკვლევარებს, რომ არაფერი ვთქვათ წაშლილი ტექსტების შესაძლო ღირებულებაზე. იქნებ, სულაც არ იყო წასაშლელი? ძნელია ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ზუსტად შეგვიძლია იმის თქმა, რომ რაც ვოვა სიხარულიძემ არ წაშალა, იმას ვერავინ წაშლის, მათ შორის ვერც დრო.