Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სადაც შედარებით ნაკლებად სერიოზულად მიიღეს სოციალური დისტანცირების ინსტრუქცია და რეკომენდაცია, იქ შესამჩნევად მაღალია პაციენტების რიცხვი"


ვლადიმერ ჩაჩანიძე, ექიმი-ინფექციონისტი, "მეთოდისტების ჰოსპიტალური ქსელი", მემფისი, ტენესის შტატი, აშშ
ვლადიმერ ჩაჩანიძე, ექიმი-ინფექციონისტი, "მეთოდისტების ჰოსპიტალური ქსელი", მემფისი, ტენესის შტატი, აშშ

ვლადიმერ ჩაჩანიძე ექიმი ინფექციონისტია. ის აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში „მეთოდისტების საავადმყოფოების ქსელში“ მუშაობს. მან რადიო თავისუფლებას გაუზიარა თავისი პირადი გამოცდილება და დაკვირვება COVID-19-ის შესახებ. ვლადიმერ ჩაჩანიძე თვლის, რომ აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკის ზრდა თავად ვირუსის გავრცელების გარდა ტესტირების გახშირებამაც გამოიწვია:

„ჩემი საავადმყოფოს მაგალითზე გეტყვით: თუ ადრე იყო ტესტის შეზღუდული რაოდენობა, ასევე შედარებით ნაკლები იყო პაციენტების მოდინება, ეს ნაწილი ახლა შედარებით დაიხვეწა. ტესტირება გამარტივდა, ვგულისხმობ ხანგრძლიობას. არა მარტო აქ, არამედ მთელი ამერიკის მასშტაბით ტესტირების სიხშირე გაიზარდა და ეს ყველაფერი რიცხვზეც აისახა.

თავისთავად, ობიექტური მიზეზებიც არის, რომ სიმპტომური პაციენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. აქ არის რეგიონული სხვაობები. თავდაპირველად იყო ყველაზე თვალშისაცემი ზრდა ვაშინგტონის შტატში. ახლა ეპიცენტრი აშკარად არის ნიუ იორკის შტატი, ქალაქი ნიუ იორკი, ნიუ ჯერსის შტატი და ლუიზიანაც ეწევა“.

რას გულისხმობს ვლადიმერ ჩაჩანიძე, როცა ლაპარაკობს ტესტის აჩქარებაზე:

„თავიდან, დაახლოებით თებერვლის ბოლოსკენ როცა დაიწყო იმის გააზრება, რომ ეს პანდემია გარდაუვალი მოვლენა იქნებოდა, დაიწყო სამთავრობო დონეზე ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტების სატესტო მასალებით უზრუნველყოფა. ჩემი შტატის [ტენესის] მაგალითზე ვიტყვი, რომ თავდაპირველად გამოყოფილი იყო 500 ტესტსისტემა, რაც არის ძალიან მცირე რაოდენობა, თუ გავითვალისწინებთ, რომ შტატში არის 7 მილიონი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ტესტების ეს რაოდენობა არ ეყოფოდა პაციენტების ნაკადის მზარდ მოცულობას.

თავიდან იყო საკმაოდ მაღალი კრიტერიუმები, შეზღუდვები, ვის უნდა გაკეთებოდა და ვის არ უნდა გაკეთებოდა ტესტი. აშკარა კრიზისი იყო და ზოგადადაც თუ რამეს საყვედურობენ ფედერალურ მთავრობას და ალბათ, სამართლიანადაც, იყო ზუსტად ტესტებისთვის მოუმზადებლობა ამ გარდაუვალი ეპიდემიის ფონზე. ბოლო ორ კვირაში ეს ნაწილი შედარებით დაიხვეწა. ვიტყვი, რომ საავადმყოფოების ქსელებმა მაქსიმალურად მოახდინეს ადგილობრივ დონეზე რესურსების მობილიზაცია. შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად შეზღუდული რაოდენობით ჰქონდათ ეს ტესტმასალა, ფიზიკურადაც შორს არის. სამი საათი უნდა მანქანით.

არის კერძო ლაბორატორიები ადგილზე, რომლებთანაც საავადმყოფოებმა დაიწყეს თანამშრომლობა და ადგილზე დაიწყო ტესტირების მნიშვნელოვანი ზრდა. ასეა, ალბათ, ბევრგან აშშ-ში - ზოგან თვითონ ჰოსპიტლის ლაბორატორებმა დაიწყეს კეთება ტესტების და ზოგან კერძო ლაბორატორიებთან თანამშრომლობით“.

რადიო თავისუფლების შეკითხვას - ჰქონდა თუ არა გარკვეული დისკომფორტი როგორც ექიმს, როცა საწყის ეტაპზე ძალიან შეზღუდული რაოდენობის პაციენტების ტესტირების საშუალება იყო, „დილის საუბრების“ სტუმარი პასუხობს:

„კი და არა მარტო მე. გარდა იმისა, რომ დიაგნოზი გვიანდებოდა, იყო ფსიქოლოგიური მომენტი, ემოციური დაძაბულობა. რა თქმა უნდა, ესძალიან აფერხებდა გადაწყვეტილების მიღებას. თავდაპირველად იყო ის კრიტერიუმები, რაც ალბათ ყველგან - ეპიდემიური ისტორია, კონტაქტი და ა.შ.. ეს კრიტერიუმები მოძველდა და კრიტერიუმები ძველდება, თუ ყოველდღიურ რეჟიმში არა, ყოველკვირეულ რეჟიმში მაინც. ვინაიდან შიდა გადაცემა წავიდა, ეს კრიტერიუმები აღარ იყო მიზანშეწონილი და ტესტებზე მოთხოვნაც გაიზარდა. ფსიქოლოგიურად შემაფერხებელი იყო როგორც პაციენტისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის.

იყო დაბნეულობა კრიტერიუმების გარკვევაში. გადაწყვეტილებებს ტესტირებაზე იღებდნენ და იღებენ მიმღების ექიმები და იქ ისეთი დაძაბულობა იყო ამ ვირუსის გამო და შიში, ამას ერთვოდა ტესტსისტემების შეზღუდული რაოდენობა - ყველაფერი ერთმანეთს ემატებოდა და იყო დაბნეულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ვის გაკეთებოდა. ზოგჯერ იმას უკეთდებოდა, ვისაც არ სჭირდებოდა და ვისაც სჭირდებოდა, იმას არ უკეთებდნენ. რამდენჯერმე მე მომიწია ჩარევა - არა, ამას უფრო სჭირდება ვიდრე მეორეს და ა.შ.“.

მედიცინისა თუ ეპიდემიოლოგიის სფეროს არაერთი სპეციალისტი ხშირად აღნიშნავს, რომ COVID-19-ის შესახებ ცოდნა მწირია, ვირუსი ახალია, რაც განსაკუთრებით ართულებს მასთან გამკლავებას:

„ამ ეტაპზე რომ ავიღოთ ჯამურად, უფრო მეტი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ვიცით, ვიდრე ვიცით: იქნება ეს კონკრეტული მკურნალობის მეთოდის ეფექტიანობა, მეცნიერულად დადასტურებული; ეს იქნება რამდენად იმუნურები არიან დაავადებაგადატანილი პაციენტები და რამდენად დაზღვეულები არიან ხელახალი ინფიცირებისგან და ა.შ.;

არ ვიცით აგრეთვე ინფიცირებულების კონკრეტული რიცხვი, ვინაიდან ეს ინფექცია შემთხვევების ალბათ აბსოლუტურ უმრავლესობაში მინიმალური სიმპტომებით და ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, ზუსტი მნიშვნელი - რაოდენობა პაციენტების შეუძლებელია დადგინდეს და ვინაიდან ეს ტესტსისტემები რაც ახლა არის მოწოდებული აშშ-ში, ძირითადად მწვავე ან ქვემწვავე ფორმებს აღრიცხავს, ძნელია დადგენა, რამდენმა გადაიტანა მინიმალური სიმპტომებით და ასიმპტომატურად. ინფორმაციის დეფიციტის პრობლემა ვრცელდება იმაზეც - ვინ არის გამავრცელებელი და ვინ არ არის გამავრცელებლი.

რაც ვიცით მეტნაკლებად ის არის, რომ საკმაოდ კონტაგიოზური ინფექციაა, ანუ ადვილად ვრცელდება და გამოიკვეთა რისკჯგუფები, რომლებიც უფრო მგრძნობიარენი არიან გართულებებისადმი. რაღაც სინათლესავით გამოჩნდა - კონკრეტულად მკურნალობის რა სექმები ჯობია პაციენტების კონკრეტული კატეგორიისთვის.

ბევრი ცდაა ამჯერად პროცესში. ველოდებით წინასწარ შედეგებს. ახლა მხოლოდ შეზღუდული რიცხვის პაციენტებზე დაყრნდობილი მონაცემები გვაქვს. არაა საკმარისი მონაცემები, რამე გადაჭრით ითქვას მკურნალობაზე და ა.შ.“.

მთავარი ამოცანა დღეს არის გავრცელების ტემპის შენელება:

„რაც უფრო გაიწელება ეს მრუდი [გავრცელების], დაბრტყელება, მით უფრო ნაკლები დარტყმა მიადგება საზოგადოებასაც, ჯანდაცვის სისტემასაც და მეტი სიცოცხლე გადარჩება.

რაც შეეხება მოდელირებას, ბევრი გაკეთდა, მაგრამ სოციალურ დისტანცირებას ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა, როცა ასეთ პანდემიასთან გვაქვს საქმე.

ისეთ ადგილებში, სადაც შედარებით ნაკლებად სერიოზულად მიიღეს სოციალური დისტანცირების ინსტრუქცია და რეკომენდაცია, იქ შესამჩნევად მაღალია პაციენტების რიცხვი და გრძელდება ეპიდემია“.

ვლადიმერ ჩაჩანიძე რადიო თავისუფლების ეთერში ყვება, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აშშ-შიც ძალიან მწავედ დგას:

„აქაც არის ანალოგიური გულისტკივილი, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობა - სადღაც წავიკითხე, რომ 35 მილიონამდე ამერიკელია, რომელსაც არ აქვს არანაირი დანაზოგი და ფინანსური დახმარება ძირითადად მოსახლეობის ამ ნაწილზეა გათვლილი“.

როგორი უნდა განისაზღვროს ტესტირების სტრატეგია? რას უნდა დაეფუძნოს ის? რა პრინციპს მისდევს აშშ? ვლადიმერ ჩაჩანიძის თქმით, აშშ-ში დღემდე მხოლოდ ე.წ. PCR (პოლიმერაზული-ჯაჭვური-რექციის) ტესტები გამოიყენება:

„მეტნაკლებად ვცდილობ თვალი ვადევნო საქართველოში მიმდინარე დისკუსიას ტესტირებასთან დაკავშირებით. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ მკაფიოობა აკლია და დამატებით განმარტებები სჭირდება. მაგალითად, ამბობენ „სწრაფი ტესტი“, „მასობრივი ტესტირება“, „აგრესიული ტესტირება“. ჩემი აზრით, საკმაოდ ბუნდოვანი ცნებებია, თუ არ დაკონკრეტდება.

განსაზღვრებებით რომ დავიწყოთ: თავდაპირველად ეს დაავადება რომ გამოჩნდა, როგორც ბევრი სხვა ინფექციური დაავადება, პირველი ტესტი იყო ე.წ. მოლეკულური დიაგნოსტირება, PCR (პოლიმერაზა-ჯაჭვური-რეაქციები), რომლისთვისაც ნიმუში სასუნთქი გზებიდან, ცხვირ-ხახიდან იღება.

თავიდანვე ამ მეთოდიკაზე იყო საუბარი. ამ ეტაპზე ტესტირების რიცხვი გაიზარდა, თუმცა არ გაზრდილა ტესტირების მეთოდიკის სპექტრი. კვლავაც გრძელდება PCR-ით.

გაიზარდა კომპანიების რიცხვი, ვისაც მიეცა საგანგებო ავტორიზაცია FDA (სურსათისა და წამლის ფედერალური ადმინისტრაციის) მიერ და ფაქტობრივად, რაც ეპიდემია დაიწყო, თითქმის ყოველდღეიურად ახალ კომპანიას ეძლევა ეს ავტორიზაცია. გაიზარდა ტესტირების სიხშირეც.

მეთოდიკა PCR ისევ არის მთავარი საყრდენი. გაიზარდა დიაგნოსტირების სისწრაფეც. აქაც არის კონნკურენცია 15 წუთამდე დაიყვანა Abbott-მა. საქართველოში სწრაფ ტესტებს რაც შეეხება, არ კონკრეტდება სწრაფი PCR, თუ სწრაფი სხვა მეთოდი. რასაც შევხედე, არის სისხლის სწრაფი ტესტები, რაც ამერიკაში არ არის ამ ეტაპზე. ერთადერთი მეთოდი აქ არის PCR.

თვითონ კომპანია გაწვდის რეაგენტსაც და აპარატსაც, პრინტერის ზომის და შენი ლაბორატორია არ გჭირდება. შეგიძლია ეს დადგა კლინიკაში და არ გჭირდება ნიმუშის გაგზავნა სპეციალურ ლაბორატორიაში“.

ვლადიმერ ჩაჩანიძე ჩამოთვლის კატეგორიებს, რომლების განსაზღვრაც მნიშვნელოვანია ტესტირების სტრატეგიის დასადგენად:

“უნდა გადაიხედოს რისი რესურსი გვაქვს? რამდენი გვაქვს ტესტი? ამერიკის CDC-ს (დაავადებათა კონტროლის ცენტრებს) აქვს განახლებადი კრიტერიუმები. განისაზღვრება ჯგუფები პრიორიტეტების მიხედვით: ვის უნდა გაუკეთო პირველ რიგში, მეორე რიგში, მესამე რიგში, მეოთხე რიგში და ა.შ..

როცა ამბობენ „მასობრივს“, რას ნიშნავს მასობრივი? - ყველას უნდა გაუკეთდეს, ასიმპტომატურის ჩათვლით, თუ არა? ეს, ჩემი აზრით, არ არის ძალიან კარგი მიდგომა, მითუმეტეს, თუ არის შეზღუდული რაოდენობა სისტემების. უნდა ჩამოყალიბდეს მოქნილი ჯგუფი, რომელიც სისტემატურად განაახლებს სამიზნე ჯგუფების კატეგორიებს და მათი მოდიფიკაცია შესაძლებლობების მიხედვით უნდა მოხდეს“.

გადმოწერა


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG