25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე, 17 მაისის სასამართლო სხდომაზე, მოწმე ირაკლი ბელთაძეს მოუსმინეს. ადამიანს, რომელიც 2018 წლის 30 სექტემბრის ღამით, დიუმას ქუჩაზე, ვიტალი საფაროვის მკვლელობის თვითმხილველი გახდა - ფაქტობრივად, ვიტალი მას და კიდევ ერთ მოწმეს, ოთარ გელაშვილს ჩააკვდა ხელში (გელაშვილი სასამართლოზე ჯერ არ წარმდგარა). ბელთაძე ის პირია, ვინც კონფლიქტის საწყის ეტაპზე პირველი კონტაქტი დაამყარა ბარ "ვარშავასთან" მყოფ ბრალდებულებთან, გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილთან. იმ დღეს, მათთან ერთად იყო დღეს მოწმის სტატუსის მქონე ნიკოლოზ შანავაც.
„ვერ შევაჩერე, დანის შემეშინდა“ - ბელთაძის მონათხრობი
ირაკლი ბელთაძეც ვიტალი საფაროვის მკვლელობის ამბავში ერთ-ერთ საკვანძო ფიგურაა. მას დღეს მოწმის სტატუსი აქვს. სწორედ მას ახლდნენ რუსი ეროვნების გოგონები, რომლებიც იმ ღამით ბარ „ვარშავასთან“ მყოფმა ადამიანებმა ნახეს და რომელთაც საფაროვის საქმეში ხშირად ახსენებენ.
ცოტა ხნით ადრე მკვლელობამდე, საღამოს საათებში, ირაკლი ბელთაძეს თავისი რუსი მეგობარი, ქსენია შეეხმიანა, აცნობა, რომ თბილისში იყო და მისი ნახვა სურდა. დაახლოებით ღამის ათ საათზე „ფაბრიკაში“ შეხვდნენ - ქსენიას მეგობარი გოგო ახლდა. დალიეს.
მერე რუსთაველზე გადაინაცვლეს, სხვა ბარში, იქაც დალიეს, იცეკვეს. იმ ბარში ქსენიას მეგობარმა გოგომ ვიღაც ახალგაზრდა კაცი გაიცნო და ყველანი ერთად ბარ „ვარშავისკენ“ გაემართნენ. ლუდი იყიდეს და ბარის წინ, ტერასაზე დასხდნენ.
რუსულად საუბრობდნენ, ძირითადად იმაზე, მოსწონდათ თუ არა საქართველო.
ამ დროს ბელთაძის ნაცნობი ოთარ გელაშვილი გამოჩნდა, რომელსაც თან ვიტალი საფაროვი ახლდა: „შემოგვიერთდნენ, ვსაუბრობდით, მერე ვიტალი და ოთარი სხვა ნაცნობებსაც შეხვდნენ, მოძრაობდნენ... სადღაც ოთხი საათისკენ ჩემთვის უცნობი სამი პიროვნება მოვიდა. სასმელი ვერ იყიდეს, ბარი უკვე იკეტებოდა და იქვე, ტერასაზე დასხდნენ. ჩვენ რუსულად საუბარს ვაგრძელებდით. რაღაც მომენტში მათ გავხედე და შევამჩნიე, რომ აგრესიულად გვიყურებდნენ“.
ირაკლი ბელთაძე ყვება, რომ მას რაღაც შეძახილი შემოესმა. იფიქრა, ამათ მეც რუსი არ ვეგონოო. მივიდა, გაეცნო და მეც ქართველი ვარო, უთხრა. საუბარი ამ თემით გაგრძელდა, რომ გასაყოფი არაფერი ჰქონდათ, ერთად უნდა მდგარიყვნენ, რომ მათი კარგად ყოფნა სურდა. შემდეგ მეგობრებთან დაბრუნდა. ვითარება იმ მომენტში არ დაძაბულა. თუმცა ამის შემდეგ ბელთაძე იგივე ტექსტით კიდევ რამდენჯერმე მივიდა სოხაძესთან და კანდელაკიშვილთან. სოხაძე გაღიზიანდა, თავი დაგვანებეო, უთხრა, რა გაგვიხურე საქმეო. მათ გელაშვილიც შეუერთდა და რა გაახურეთ საქმე, ამ ქართველობაზე ლაპარაკითო, თქვა.
პირველი რეაქცია ამაზე, როგორც ბელთაძე იხსენებს, ნიკოლოზ შანავასი იყო. საქართველოს რატომ აგინებო. შელაპარაკებაც ასე დაიწყო. კანდელაკიშვილმა თქვა, აქ კამერებია და გვერდზე გავიდეთო და „საბვეის“ მიმართულებით წავიდნენ. ვიტალიც მათთან ერთად იყო და კიდევ ერთი „უცნობი ადამიანი“, როგორც მას ბელთაძე მოიხსენიებს, ანუ მისი ჩვენების თანახმად, სულ შვიდნი.
„კიბეებთან გელაშვილი შანავას ელაპარაკებოდა. იქვე იდგა ვიტალი, სოხაძე, და მე შუაში. შანავა და გელაშვილი კამათობდნენ. ვიტალი საფაროვი ეუბნებოდა, რატომ კამათობთ ბიჭო, საქართველოზე, მე ებრაელი ვარ, არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, ეთნიკური უმცირესობების უფლებებს ვიცავ, მაგრამ ქართველები ძალიან მიყვარსო. ეს რომ თქვა, შევატყვე, სოხაძე და კანდელაკიშვილი ძალიან დაიძაბნენ. ვიტალი შანავასთან მივიდა და ამშვიდებდა. მერე სახელი ჰკითხა. და რაღაც მომენტში შანავამ მუშტი მოუქნია, ვიტალი წამორძიკდა, მერე შანავამ ფეხი მოუქნია, ააცილა და თვითონ დაეცა ზურგზე. ჩვენ ვცდილობდით სოხაძე გაგვეკავებინა, რომ ჩხუბში ისიც არ ჩართულიყო. მაგრამ ამ დროს კანდელაკიშვილი დავინახე, ვიტალისკენ მირბოდა გაწვდილი დანით, შენი ებრაელი დედაო, ყვიროდა და მუცლის არეში რამდენჯერმე მოუქნია“, - ყვება ბელთაძე.
ირაკლი ბელთაძის სიტყვებით, სოხაძეს ვიტალი საფაროვი მარცხენა ხელით ეჭირა და მარჯვენათი ურტყამდა, როგორც იხსენებს, სავარაუდოდ, კასტეტიანი მუშტით, სახეში. მერე უცებ ვიღაცამ დაიყვირა, გავიქცეთო. ადგილზე დარჩნენ ირაკლი ბელთაძე, ოთარ გელაშვილი, ის „უცნობი“ და მომაკვდავი ვიტალი.
„ვყვიროდით, შველას ვითხოვდით. მერე ხალხი მოგროვდა. წყალი მოიტანეს, მაგრამ ვიტალი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. მერე პოლიცია მოვიდა, სასწრაფო. საკაცე მოიტანეს. ვიტალი დააწვინეს და წაიყვანეს. ჩვენ პოლიციას გავყევით, სადაც დაგვკითხეს“.
კითხვა-პასუხი
პროკურორი მიხეილ ჩხეიძე: ის გოგონები სად წავიდნენ, ვინც თქვენ გახლდნენ?
ირაკლი ბელთაძე: ისინი ჩვენთან ერთად არ წამოსულან.
პროკურორი: ვიტალი საფაროვმა ვის მიაყენა შეურაცხყოფა?
ირაკლი ბელთაძე: ვიტალის არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა.
პროკურორი: თქვენი აზრით, რატომ მოკლეს ვიტალი?
ირაკლი ბელთაძე: ჩემი აზრით, ის მოკლეს იმიტომ, რომ ებრაელი იყო.
პროკურორი: რატომ, ეგ რა შუაში იყო?
ირაკლი ბელთაძე: ქართველი რომ არ იყო, მგონია, მაგან გააღიზიანა ეს ადამიანები. მე იმას ვფიქრობ, რომ ნაცისტური დაჯგუფების წევრები შეიძლება ყოფილიყვნენ. ისე ეცვათ. და ჩემი და ჩემი მეგობრების რუსულად ლაპარაკზეც გაღიზიანდნენ.
პროკურორი: და რა ეცვათ?
ირაკლი ბელთაძე: მუქი ფერის ტანსაცმელი. კანდელაკიშვილს სამედიცინო პირბადე ეკეთა.
პროკურორი: რამდენჯერ დაარტყა კანდელაკიშვილმა ვიტალის დანა?
ირაკლი ბელთაძე: ზუსტად არ ვიცი, ალბათ, ექვსჯერ, შვიდჯერ.
პროკურორი: რატომ არ სცადეთ კანდელაკიშვილის შეჩერება?
ირაკლი ბელთაძე: დანის შეგვეშინდა.
პროკურორი: შანავა სად იყო მაგ დროს?
ირაკლი ბელთაძე: ეგ ჩხუბში აღარ ჩარეულა.
17 მაისის სხდომაზე, ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატმა, ზურაბ ბეგიაშვილმა 30 სექტემბრის დაკითხვის ოქმიდან ბელთაძის ჩვენების რამდენიმე მონაკვეთი წაიკითხა და შენიშნა, რომ ამ ერთფურცლიან ჩვენებაზე არაფერი წერია იმაზე, რაზეც საუბრობს შემდგომ ჩვენებებში ირაკლი ბელთაძე.
ზურაბ ბეგიაშვილი: ოთხი საათის განმავლობაში გკითხავდნენ და მხოლოდ ერთი თაბახი დაიწერა, რატომ?
ირაკლი ბელთაძე: ძალიან შეშინებული ვიყავი. ნამგზავრი და დაღლილი. მაგრამ მერე ჩემი ჩვენება შევავსე და ყველაფერი ვთქვი.
ზურაბ ბეგიაშვილი: და ამაზე მედიამ და სპეციალურმა გადაცემებმა იმოქმედა?
ირაკლი ბელთაძე: არა.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენს გარეგნობაში თუ შეიცვალა რამე?
ირაკლი ბელთაძე: თმა მქონდა გრძელი და შევიჭერი.
ზურაბ ბეგიაშვილი: ტატუები თუ გაქვთ?
ირაკლი ბელთაძე: კი, ინგლისურად მაწერია - Peace - მშვიდობა.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენთვის თავგადაპარსული ადამიანი ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის რაიმე სოციალური ჯგუფის წევრია?
ირაკლი ბელთაძე: ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ.
ზურაბ ბეგიაშვილი: კანდელაკიშვილზე თუ ივარაუდეთ?
ირაკლი ბელთაძე: კი, ვივარაუდე.
ზურაბ ბეგიაშვილი: რამდენჯერ ჩამოვარდა ვიტალი საფაროვი საკაციდან?
ირაკლი ბელთაძე: ერთხელ დაცურდა, მაგრამ მოვასწარით და ავწიეთ ისევ.
ზურაბ ბეგიაშვილი: თუ იცით, რომ შესაძლოა გარკვეული ტიპის პირველადმა დახმარებამ უარყოფითი შედეგი მოიტანოს? თუ იცით რომ სისხლნაკლებობის დროს განსხვავებული ტიპის პირველადი დახმარება დამაზიანებელი შეიძლება იყოს? რამდენი ხნის განმავლობაში უტარებდით საფაროვს ხელოვნურ სუნთქვას?
ირაკლი ბელთაძე: ცოტა ხანს.
ზურაბ ბეგიაშვილი: ვინ გთხოვათ ეს?
ირაკლი ბელთაძე: მინდოდა, რომ ამას გადაერჩინა ვიტალი.
ზურაბ ბეგიაშვილი: როგორ ფიქრობთ, ვიტალისა და გოგოებს შორის არსებული საუბრის გაგრძელება იყო თუ არა თქვენსა და შანავას შორის საქართველოს შესახებ საუბრის დაწყების წინაპირობა?
ირაკლი ბელთაძე: არა.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ რომ საქართველო არ გეხსენებინათ, მოხდებოდა ეს მკვლელობა?
ირაკლი ბელთაძე: არ ვიცი.
ზურაბ ბეგიაშვილი: შეაგინა თუ არა ვიტალიმ შანავას ან რომელიმე მათგანს?
ირაკლი ბელთაძე: არა, ვიტალი საფაროვს არავისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
ზურაბ ბეგიაშვილი: გამორიცხავთ თუ არა ვიტალი საფაროვი თქვენს მიერ ჩატარებული ხელოვნური სუნთქვის საფუძველზე გარდაიცვალა?
მოსამართლე შორენა გუნცაძე - კითხვა განრიდებულია.
ბრალდებული ავთანდილ კანდელაკიშვილი: ადასტურებთ თუ არა, რომ თქვენი მხრიდან პროვოკაციული ქმედებები ხდებოდა?
ირაკლი ბელთაძე: არა. პროვოკაციული ქმედებები არ ყოფილა.
ავთანდილ კანდელაკიშვილი: რატომ იწვევს სამედიცინო პირბადე თქვენში რაღაც კრიმინალურის ასოციაციას?
მოსამართლე შორენა გუნცაძე: კითხვა განრიდებულია.
ბრალდებული გიორგი სოხაძე: მე რამე ფიზიკური ზიანი მოგაყენე?
ირაკლი ბელთაძე: არა. არც მე შეგხებივარ და არც შენ.
გიორგი სოხაძე: ჩემი პირველი ინიციატივა იყო თუ არა, რომ მოვედით შენთან და შენს მეგობრებთან და ვთქვით, რომ ნასვამები ვართ და ჩვენ-ჩვენ გზებზე წავიდეთ-მეთქი. რაზეც შენ მე დამეთანხმე.
ირაკლი ბელთაძე: არა, ასეთი არაფერი მომხდარა.
17 მაისს ბარ „ვარშავის“ ბანგლადეშელი ბარმენი, ზოჰან ალამიც დაკითხეს, რომელიც იმ ღამით ბარში, როგორც სტუმარი, ისე იყო მისული.
ის იცნობდა ვიტალი საფაროვს, როგორც ბარის ხშირ სტუმარს. იმ ღამითაც ბართან ნახეს ერთმანეთი. ბარმენმა ქართული არ იცის და არც საფაროვის, ბელთაძის, სოხაძის და სხვების საუბრის შინაარსი ესმოდა. თუმცა დაინახა, როგორ გადაინაცვლეს მათ ბარის ტერიტორიიდან „საბვეის“ მხარეს. ცოტა ხანში ზოჰანი და მისი მეგობარიც საჭმელად „საბვეიში“ შევიდნენ.
„ორი სამი წუთის მერე მაღალი ბიჭი შემოვარდა, შოკში იყო. და თქვა რაც მოხდა. ჩვენ გარეთ გავვარდით და ვნახეთ, რომ ვიტალი მიწაზე იწვა და იქ კიდევ ორი ბიჭი იყო. სახეზე და ტანზე ძალადობის კვალი ჰქონდა“.
17 მაისის სასამართლო სხდომის შემდეგ ბრალდებულ გიორგი სოხაძის ადვოკატმა, ლევან ბუაძემ განაცხადა, რომ ბელთაძეც და შანავაც ცრუ მოწმეები არიან. და რომ სოხაძე მკვლელი არ არის. იგივე პოზიცია თავის დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ აქვს ზურაბ ბეგიაშვილსაც, რომელმაც მედიასთან კომენტარი წინა სხდომის შემდეგ გააკეთა.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეს უმძიმეს საქმეს უწოდებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
სხდომებს ესწრება ვიტალის დედა, მარინა ალანაკიანიც. მისთვის 30 სექტემბრის ღამის გაცოცხლება ყოველ ჯერზე სულ უფრო მძიმეა. მაგრამ მარინა ამბობს, რომ ეს მისი ბრძოლის ნაწილია - სწორედ ვიტალის დედა იყო პირველი, ვინც შვილის მკვლელობიდან მალევე თქვა, რომ არ დაუშვებს, რომ ეროვნული შეუწყნარებლობის საფუძველზე, სიძულვილის გამო, ნეონაცისტური ჯგუფების წევრებმა კიდევ ვინმე შეიწირონ.
ამ გახმაურებული საქმის შესახებ თითქმის არაფერი იციან პოლიტიკოსებმა. რადიო თავისუფლებამ ზოგიერთ მათგანს ჰკითხა, გაუგიათ თუა არა საერთოდ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის შესახებ, ფიქრობენ თუ არა, რომ საქართველოში არსებობს ნეონაცისტური და ნეოფაშისტური განწყობები. მათ ასევე ვკითხეთ არის თუ არა ეს განწყობები საფრთხის შემცველი. აი, რა გვიპასუხეს მათ:
ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულებს გიორგი სოხაძეს (23 წლის) და ავთანდილ კანდელაკიშვილს (20 წლის), რომლებიც სავარაუდოდ ნეონაცისტური ჯგუფის წევრები არიან, ბრალი ედებათ განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელი გარემოებებით - ჩადენილი ჯგუფურად, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო (სსსკ 109.2.დ.ე.). ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
წინ მეექვსე სასამართლო სხდომაა. მოსამართლე შორენამ გუნცაძემ შემდეგი სხდომა 20 მაისს დანიშნა.