აშშ-ში მთელი ყურადღება მიპყრობილია შუალედური არჩევნებისაკენ, რომელშიც ამომრჩეველმა უნდა თქვას საბოლოო სიტყვა, თუ რომელ პარტიას დარჩება კონტროლი კონგრესზე, სადაც ამჟამად უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან. დიდი ანგარიშით, 6 ნოემბრის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს არა მხოლოდ წარმომადგენელთა პალატის 435-ვე და სენატის 100-დან 35 მანდატის ბედი, არამედ იგი დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ იმოქმედებს პრეზიდენტობის ვადის დარჩენილ ორ წელიწადში დონალდ ტრამპი.
შუალედური არჩევნების წინ „ეიბისი ნიუსისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად, დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 50 % უპირატესობას ანიჭებს დემოკრატების კანდიდატებს, 43 % - რესპუბლიკელებს. ინდივიდუალური კანდიდატების შემთხვევაში პრეტენდენტებს თანაბარი შანსები აქვთ.
დონალდ ტრამპის ფენომენი
მიჩნეულია, რომ შუალედური არჩევნები აშშ-ში ნაკლებად იზიდავს ამომრჩეველს. მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდს ისეთი მწვავე დაპირისპირება ახლდა, რომ საარჩევნო უბნების გახსნამდე წინასწარ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ, ზოგიერთი კვლევით, ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. ეს დიდი ინტერესი განპირობებულია, პირველ ყოვლისა, პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის მოღვაწეობით.
ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორის, მაიკლ მაკდონალდსის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, 2 ნოემბერს აშშ-ის ბევრ შტატში გამართულ წინასწარ კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო 28,5 მილიონმა ამომრჩეველმა. 20 შტატში გამართული წინასწარი კენჭისყრის შედეგები მნიშვნელოვნად აღემატება წინა, 2014 წლის, შუალედური არჩევნებისას.
ამასთან, მრავალი ანგარიში ცხადყოფს, რომ არც ერთ წინა არჩევნებს აშშ-ში არ ჰქონია ისეთი მწვავე ხასიათი, როგორიც ამჟამინდელი შუალედური არჩევნების წინა პერიოდს. ერთი მხრივ, აშშ-ის ეკონომიკა იზრდება. 2 ნოემბერს სამუშაო ადგილების თაობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უმუშევრობის დონე შეადგენს 3,7 %-ს. ფედერალური ხელისუფლების მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკუნომიკურმა ზრდამ 3,5 %-ს მიაღწია, რაც, დიდწილად, გასულ წელს რესპუბლიკელთა ინიციატივით გადასახადების მკვეთრ შემცირებას უკავშირდება.
წესით, ამ ყველაფერს აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი პარტიის პოზიციები უნდა გაემყარებინა კონგრესის არჩევნების წინ, მაგრამ დონალდ ტრამპის მკაცრი მიდგომები პოლიტიკის ფორმირებისა და სოციალური საკითხებისადმი არ აძლევს რესპუბლიკელებს შესაძლებლობას სრულად მიიღონ ის პოლიტიკური დივიდენდი, რასაც ეკონომიკის ზრდა იძლევა.
თუ დემოკრატები დაიბრუნებენ კონტროლს კონგრესზე, მრავალი მიმომხილველის აზრით, მოსალოდნელია საკანონმდებლო ორგანოში დაიწყოს ისეთი მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება, როგორიცაა აშშ-ის სადაზვერვო უწყებების დასკვნა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა თუ ტრამპის კომპანიონების სავარაუდო კონსპირაციული მოლაპარაკებების შესახებ რუსეთის ხელისუფლებასთან.
დემოკრატების კონგრესი ყურადღების გარეშე არ დატოვებს ასევე დონალდ ტრამპის კაბინეტის ზოგიერთი წევრის ეთიკურ პრობლემებს, რითაც კიდევ უფრო გაუმწარებენ ცუდი ამბებით პრეზიდენტობის პირველი ვადის დარჩენილ ორ წელიწადს დონალდ ტრამპს.
თუ რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ კონგრესზე კონტროლს, მაშინ მოსალოდნელია დონალდ ტრამპმა განახორციელოს საკანონმდებლო ინიციატივები, რაც გადასახადების კიდევ უფრო მეტად დაწევას, ფედერალური ხელისუფლებისა და მარეგულირებელი ნორმების შემცირებასა და სხვა მრავალ ცვლილებას გულისხმობს.
კონგრესის სრული შემადგენლობისა და სენატის ერთი მესამედის გარდა, აშშ-ის ამომრჩეველი 6 ნოემბერს აირჩევს ასევე 36 შტატისა და სამი ტერიტორიული ერთეულის გუბერნატორებსა და კოლუმბიის ოლქის მერს.
შუალედური არჩევნების დროს აშშ-ის ყველა, 50-ვე, შტატში იმართება ასევე შტატების საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები. თითოეულ შტატს აქვს თავისი ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, გარდა ნებრასკისა, სადაც ქვედა პალატა გაუქმდა 1936 წელს.
სახიფათო ფონი
შუალედური არჩევნების წინა პერიოდი აშშ-ში საკმაოდ საშიში მოვლენებით აღინიშნა. ე.წ. საფოსტო ტერაქტების ორგანიზების მცდელობისათვის დააკავეს ფლორიდაში მცხოვრები პირი, რომელიც სოციალურ მედიაში რეგულარულად აქვეყნებდა დონალდ ტრამპის მხარდამჭერ პოსტებს. 11 ადამიანი დაიღუპა 27 ოქტომბერს პიტსბურგის სინაგოგაში ატეხილი სროლის შედეგად. შეიარაღებული თავდამსხმელი, გავრცელებული ინფორმაციით, ანტისემიტური შეძახილებით შეიჭრა სინაგოგაში.
ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირებული ყოფილიყო ძლიერ ეკონომიკზე, ტრამპის კამპანია, რომელიც რესპუბლიკური პარტიისაგან განცალკევებულია, ფოკუსირებული აღმოჩნდა იმიგრაციაზე - პრობლემაზე, რომელსაც თავად ტრამპი უწევდა აგიტაციას 2016 წელს.
როგორც პრეზიდენტების უმრავლესობას, დონალდ ტრამპს ჰყავს ჯგუფი, რომელიც აგროვებს შემოწირულებებს და დაკავებულია წინასაარჩევნო მასალების გავრცელებით ტრამპისა და იმ პირების სახელით, რომელთაც აშშ-ის პრეზიდენტი წარმოადგენს.
წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი და მისი მომხრეები ცდილობდნენ მთელი ყურადღება გადეატანათ ცენტრალური ამერიკიდან აშშ-ისკენ დაძრულ ასობით მიგრანტზე, რომლებმაც, შესაძლოა, გააძლიერონ დამნაშავეობა აშშ-ში. თეთრი სახლის ბრძანებით, 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე იქნა გაგზავნილი საზღვარზე მიგრანტების ტალღის შესაჩერებლად.
წინასაარჩევნო კაპმანიას ფონად გასდევდა ასევე სექსუალური სკანდალი. თავდაპირველად სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილი ბრეტ კავანო. საბოლოო ჯამში, კავანოს მხარი დაუჭირა სენატმა, მაგრამ პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინა ბრალდებამ, რომ მან თინეიჯერობის დროს ნაცნობ ქალზე სექსუალურად იძალადა.
ასეთ ბრალდებებს ვერ ასცდა თავად დონალდ ტრამპი. მოძრაობა #MeToo-მ სტიმული მისცა იმას, რომ წელს კონგრესის არჩევნებში მონაწილეობს სარეკორდო რაოდენობა ქალებისა, რომელთა უმრავლესობა დემოკრატების კანდიდატები არიან.