Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისურვებდი, პრეზიდენტი მენახა ელჩების კონფერენციაზე, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი არ არის - ელჩი საფრანგეთში


გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში
გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში

საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი, აცხადებს, რომ მიაჩნია, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დადებითი როლი შეასრულა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საქმეში და ისურვებდა, იგი ეხილა ელჩების წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე.

ჟურნალისტების კითხვაზე, მისი აზრით, უნდა ყოფილიყო თუ არა მიწვეული პრეზიდენტი ზურაბიშვილი ღონისძიებაზე, ელჩმა ჯავახიშვილმა უპასუხა: „მე გამიხარდებოდა, რა თქმა უნდა, მენახა, მაგრამ არ არის ჩემი გადასაწყვეტი..."

„ჩემი შეფასებით, ეს [კანდიდატის სტატუსის მიღება] არის ყველას შედეგი. როგორც მოვისმინე, პრემიერ-მინისტრმაც ყველას გადაუხადა მადლობა, ვისაც ეკუთვნის. მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებული მიზანი მისულიყო ბოლომდე და, ვფიქრობ, ყველამ თავისი წილი შეიტანა, თავისი პოზიტიური როლი ითამაშა, რათა ჩვენი ქვეყნის ხმა მიეწვდინა [ბრიუსელამდე]“, - განაცხადა მან.

26 დეკემბერს თბილისში გაიხსნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - „ელჩების კონფერენცია 2023“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს, - რომელიც უშუალოდ ნიშნავს ელჩებს, - კონფერენციაზე მიწვევა არ მიუღია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი კონფერენციაზე არ მიუწვევიათ და მიზეზი ასე ახსნა:

„ელჩების კონფერენციას აქვს სხვადასხვა ფორმატები. წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც განვახორციელეთ საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ხელისუფლების ეს ორი შტო იყო პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე... წლევანდელი ელჩების კონფერენცია ამ მოტივით და ლოგიკით იყო აწყობილი“.

ღონისძიება გახსნეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

რამდენიმე თვით ადრე მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტების დროს კონსტიტუცია დაარღვია, რადგან არ ჰქონია მთავრობის თანხმობა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევდნენ პრეზიდენტობის ღირსად.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ 100 საჭირო ხმა ვერ მოაგროვა.

ელჩების კონფერენციაზე უხერხულობა შეიქმნა 2022 წელსაც. კონფერენციას პრეზიდენტი მაშინაც არ დასწრებია. მისი ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ამის მიზეზი პროტოკოლის წესების დარღვევა იყო - „საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრა“.

2023 წლის მარტში, როდესაც პარლამენტი „აგენტების კანონს“ განიხილავდა, გოჩა ჯავახიშვილმა ფეისბუკზე დაწერა: „ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე“.

XS
SM
MD
LG