ჯანმრთელად გრძნობთ თუ არა თავს?
ამჟამად ხომ არ გაქვთ სიცხე, ყელის ტკივილი, ანგინა?
ბოლო 6 თვის მანძილზე ამოგიღიათ თუ არა კბილი?
ბოლო 1 თვის მანძილზე ჩაგიტარებიათ თუ არა ვაქცინაცია? –
ამ და კიდევ სხვა 35-მდე კითხვაზე პასუხის შემდეგ გადაწყდება, შეძლებთ თუ არა სხვისი სიცოცხლის გადარჩენას სულ რაღაც 10-15 წუთში. დაახლოებით, ამდენი დროა საჭირო იმისთვის, რომ გაიღოთ სისხლი და გახდეთ დონორი.
350-400 მილილიტრი სისხლი და საშუალოდ 2-3 ადამიანს დაეხმარებით.
დღეს, 14 ივნისს, დონორის მსოფლიო დღეა. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ 2005 წელს დააარსა განსაკუთრებული დღე, როდესაც მადლობას უხდიან სისხლის დონორებს და სხვებსაც მოუწოდებენ უანგაროდ გაიღონ სისხლი.
გიორგი მეზურნიშვილმა პირველად სისხლი მაშინ გაიღო, როდესაც ლეიკემიით დაავადებულ ახლობელს მეორე ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი სასიცოცხლოდ სჭირდებოდა.
„დიდი ხანი ებრძოდა ჩემი ახლობელი ამ დაავადებას, დაამარცხა და დღეს უკვე კარგად არის. მერე ვიფიქრე, რომ სხვებიც არიან მსგავსი დაავადებით და მათაც სჭირდებათ დახმარება. მეგობრებსაც ვუთხარი, მაგრამ ზოგს წონა არ უწყობს ხელს, ძალიან გამხდარია, ზოგს ახალი გადატანილი ჰქონდა კოვიდი და ამიტომ მარტო მოვედი“.
გიორგი 19 წლისაა, სწავლობს და ექიმის ასისტენტად მუშაობს იმისთვის, რომ ქირურგი გახდეს.
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდე დონორი?
- შეუძლია თუ არა კოვიდგადატანილს დონაცია?
- ვაქცინაციიდან რამდენ ხანში შეიძლება სისხლის გაცემა?
- რატომ არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ დონორობა?
ექიმი მაკა ომიაძე სისხლის ბანკის დონაციის მსურველებს არჩევდა, კითხვარის შევსების შემდეგ კი წყვეტდა, უსაფრთხო იყო თუ არა მოხალისეების სისხლი დონაციისთვის.
„დონაციის მსურველი 18-დან 65 წლამდე ადამიანი თავს უნდა გრძნობდეს კარგად, არ უნდა იღებდეს წამლებს და წონაც უნდა უწყობდეს ხელს.
რადგანაც ჩვენი ორგანიზმის 7 % სისხლისგან შედგება, ამიტომ, სიმაღლის შესაბამისად, 50-55 კილოგრამზე ნაკლები არ უნდა იყოს დონორი.
რადიო თავისუფლება: რატომ არის კითხვა სტომატოლოგთან ვიზიტზე?
მრავალჯერადი გამოყენების იარაღი სისხლთან შეხებაში არ უნდა იყოს. ჩვენ არ ვიცით, რამდენად სტერილურად ჩატარდა პროცედურა და რადგანაც ვირუსს აქვს „ფანჯრის პერიოდი“, თავს ვიზღვევთ. საუბარია კბილის ამოღებაზე და არა დაბჟენაზე.
რაც შეეხება კოვიდგადატანილებს, თუკი კოვიდგადატანილი თავს კარგად გრძნობს, 1 თვე საკმარისია, რომ გახდეს დონორი. უბრალოდ, ვირუსის შემდეგ ზოგი დიდხანს გრძნობს თავს სუსტად, ზოგს პოსტკოვიდური გართულებები აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელი იყოს ის, ვინც სისხლს გასცემს.
ორჯერადი ვაქცინაციიდან 2 კვირა კი საკმარისია, რომ გახდეს ადამიანი დონარი”.
კოვიდგადატანილთა და ვაქცინირებულთა დონაციაზე ჯერჯერობით არაერთგვაროვანი მონაცემებია. მაგალითად, წითელი ჯვარი აცხადებს, რომ ვინც ფაიზერით აიცრა და დონორობა სურს, არ უნდა დაელოდოს რამდენიმე კვირის გასვლას და შეუძლია სისხლი დაუყოვნებლივ ჩააბაროს. თუ უცნობია ვაქცინის მწარმოებელი, მაშინ დონორობის მსურველს ურჩევენ, რომ აცრიდან ორ კვირაზე ადრე არ გაიღოს სისხლი დონაციისთვის.
კოვიდგადატანილებს, ვაქცინირებულებსა და ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ჯანმოც ორი კვირის ინტერვალის დაცვას ურჩევს თავის შუალედურ გაიდლაინში
ბრიტანეთი დონორებს ურჩევს, ვაქცინაციიდან მერვე დღეს გასცენ სისხლი, გართულებების შემთხვევაში კი დაიცვან 28-დღიანი პერიოდი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტები რამდენიმე საათის განმავლობაში ერთმანეთის მონაცვლეობით გასცემდნენ სისხლს. მათ შორის იყო 25 წლის ნინო ვარდოსანიძე, პედიატრი-რეზიდენტი.
„ასეთი შანსი, რომ მარტივად გადაარჩინო 3 ადამიანის სიცოცხლე, ყოველთვის არ გვეძლევა ცხოვრების მანძილზე და, ვფიქრობ, ყველამ უნდა გამოიყენოს, ვისაც ამის საშუალება აქვს და ჯანმრთელობა უწყობს ხელს. ადრე თუ რეზუს უარყოფითი იყო დეფიციტური, ახლა ძალიან დიდი დეფიციტია სისხლის ყველა ჯგუფზე, ამიტომ თუკი სტუდენტები, ექიმი, რეზიდენტები წელიწადში ორჯერ მაინც სისტემატურად ჩავაბარებთ სისხლს, რაღაც ბაზა შეიქმნება ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად“.
პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა საქართველოში მუდმივად არსებული პრობლემა - დონორის სისხლის დეფიციტი. პანდემიის დაწყებიდან წელს პირველად ხდება მასშტაბური დონაცია.
„იმდენად საჭირო და დეფიციტური იყო ჩვენთვის სისხლი, რომ ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში სხვა კლინიკები რომ გვთხოვდნენ სისხლს, უარის თქმა გვიწევდა. სრული ჩაკეტვის პირობებში უტრანსპორტობის გამო მუდმივი დონორებიც ვერ მოდიოდნენ“.
დღის მანძილზე სამედიცინო უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტმა გაიღო სისხლი, რაც საშუალოდ 1-3 ადამიანს დაეხმარება. დახმარების სურვილით იდგა დონაციის რიგში თამარ ჩაფიჩაძეც.
„19 წლის ვარ. ნეიროქირურგი მინდა გავხდე. დონაციას რაც შეეხება, პირველად ვაბარებ სისხლს, რადგანაც ყოველ წამს ვიღაცას სჭირდება ის”.
„სისხლი საჭიროა გულის ოპერაციების დროს, ორგანოთა გადანერგვის დროს, მშობიარე ქალებისთვის, ბავშვებისთვის... ამიტომ გთხოვთ, რომ სიცოცხლის განმავლობაში რეგულარულად მისცეთ სხვას ის სიკეთე, რასაც სისხლის დონაცია ჰქვია“, - თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია, წელიწადში 4-6 ჯერ მაინც ჩააბაროს სისხლი. ამ მალფუჭებად სამედიცინო პროდუქტს ვადა 42 დღეში გასდის. სისხლის პროდუქტები არასდროს არის საკმარისი, რადგან მათი შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს, ადამიანების 85 %-ს კი 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლი, შესაბამისად, ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გაღებული სისხლი დაეხმარება. საქართველოში 20-მდე სისხლის ბანკია, სადაც მსურველებს სისხლის ჩაბარება შეუძლიათ.