Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში 300 000 ლარის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს


ეროვნული ბანკის მოქმედი ხელმძღვანელი ნათია თურნავა
ეროვნული ბანკის მოქმედი ხელმძღვანელი ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების გაცემის წესი იცვლება, ხოლო სამომხმარებლო სესხების გაცემის ვადა 3-დან 4 წლამდე იზრდება.

რა იცვლება იპოთეკურ სესხებში

ამჟამად მოქმედი რეგულაციებით, იპოთეკური სესხის უცხოურ ვალუტაში აღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი იღებს 200 000 ლარის ეკვივალენტზე მეტ თანხას. ეს ზღვარი დაწესებულია ყველასთვის, იმის მიუხედავად, თუ რა ვალუტაში აქვს შემოსავალი.

ახალი გადაწყვეტილებით, ეს მინიმალური ზღვარი:

  1. 300 000 ლარის ეკვივალენტამდე იზრდება იმ ადამიანებისათვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს;
  2. უქმდება იმ ადამიანებისათვის, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განმარტებით:

  1. უცხოურ ვალუტაში 300 000 ლარის ეკვივალენტზე ნაკლები მოცულობის სესხის აღებას ვერ შეძლებენ ისინი, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი;
  2. „ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი, ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვთ შემოსავალი“.

როგორც წესი, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ლარში გაცემული სესხებისა. თუმცა, სების თანახმად, უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს, თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები.

ამჟამად კომერციული ბანკები იპოთეკურ სესხებს გასცემენ დაახლოებით 13%-ის ფარგლებში, ევროში დაახლოებით 6-9%-ის ფარგლებში, დოლარში კი დაახლოებით 8-10%-ის ფარგლებში. საპროცენტო განაკვეთს, საბოლოო ჯამში, ბანკები ინდივიდუალურად განუსაზღვრავენ კლიენტებს.

ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ბანკისთვის ცვლილებების შემოღებისას მთავარი ამოსავალი წერტილი იყო „ჰეჯირება - დაცვა სავალუტო რისკებისგან“:

„ჰეჯირება, სავალუტო რისკებისგან დაცვა, ნიშნავს, რომ ადამიანს იმ ვალუტაში უნდა ჰქონდეს სესხი, იმ ვალუტაში უნდა უწევდეს სესხის მომსახურება, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი; რომ არ უწევდეს კონვერტაცია თავისი ხელფასის სხვა ვალუტაში, რათა ბანკში შეიტანოს“, - განაცხადა მან.

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდე იქნება, უცხოურ ვალუტაში ახალი სესხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მათ უცხოურ ვალუტაში ექნებათ შემოსავალი.

თურნავას თქმით, „ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რაც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას“.

სების განმარტებით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას „ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად“.

მისი განმარტებით, იპოთეკურ სესხებზე ცვლილებები 2024 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში. 200 000-იანი ზღვარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსითაა განსაზღვრული, რაც ნიშნავს, რომ ცვლილებას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება.

სამომხმარებლო სესხები

ეროვნული ბანკის მიერ 18 ოქტომბერს მიღებული მორიგი გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 3-დან 4 წლამდე იზრდება.

სები ამ ნაბიჯს „საკრედიტო აქტივობის დინამიკითა და გაცხადებული პოლიტიკით“ ხსნის და მიუთითებს, რომ ცვლილება მიიღო „იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება“.

სამომხმარებლო სესხების ვადასთან დაკავშირებული ცვლილება 2023 წლის 1 ნოემბრიდან შედის ძალაში.

სები ამბობს, რომ „მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“.

XS
SM
MD
LG