ვინ გახდება მთაწმინდის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში? ეს 13 ივნისამდე გახდება ცნობილი. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტური პირველიდან 25 დღეში უნდა გაიმართოს. ბრძოლა მთაწმინდისთვის გრძელდება და გრძელდება მსჯელობაც იმაზე, როგორია კანდიდატების სასტარტო პირობები არჩევნების მეორე ტურის წინ და რა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს მათი წარმატების შანსებს?
მოცემულობა 19 მაისის შემდეგ
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგებით, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა „ევროპული-საქართველო“ -„თავისუფალი-დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელმა შალვა შავგულიძემ 36, 83 %. შალვა შავგულიძეს მხარს უჭერდა ასევე „ნაციონალურ მოძრაობა“. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატი თავის უშუალო მეტოქეს საარჩევნო ხმების 4-5 %-ით ჩამორჩა, მთლიანობაში ოპოზიციას ამომრჩეველთა მეტმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი, ვიდრე მმართველ პარტიას. არის თუ არა ეს ბონუსი არჩევნების მეორე ტურის წინ და შეძლებს თუ არა ოპოზიცია შალვა შავგულიძის გარშემო გაერთიანებას?
ოპოზიციისთვის ხელსაყრელი თეორიული არითმეტიკა
2019 წლის შუალედური არჩევნების პირველმა ტურმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის უპრეცედენტო პასიურობის პირობებში ჩაიარა. არჩევნებში ამომრჩევლის მხოლოდ 34, 27 %-მა მიიღო მონაწილეობა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამომრჩევლის დაბალ აქტივობას შემდეგი ფაქტორებით ხსნის:
- მთაწმინდის ამომრჩეველი კარგადაა ინფორმირებული და იცის, რომ ერთი მანდატის შეცვლით პოლიტიკური ვითარება არ იცვლება
- მუშაობს ადამიანური ფაქტორიც-ორივე კანდიდატი მთაწმინდის მკვიდრია და ვინმეს განაწყენებას, ამომრჩევლის ნაწილმა საერთოდ არჩევნებზე მიუსვლელობა ამჯობინა
საბოლოო ჯამში, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, არითმეტიკის მიხედვით, ოპოზიციას შეუძლია ამ არჩევნების მოგება მთაწმინდაზე იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის ხმები შალვა შავგულიძის სასარგებლოდ წავა.
რა მანძილია კონკურენტობიდან მხარდაჭერამდე?
„ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საერთო კანდიდატის შალვა შავგულიძის გარშემო ახალი პოლიტიკური მოკავშირეები ჯერ არ გამოჩენილან. მათ შორის არც კონკურენტების მხრიდან, თუმცა არჩევნებამდე დარჩენილ დროში, შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.
როგორც „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გვითხრა, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაუჭერს თუ არა გაერთიანება მხარს შალვა შავგულიძეს, ამომრჩეველთან შეთანხმების საფუძველზე მიიღებენ:
„ ჯერ ერთი ვთათბირობთ ორგანიზაციასა და ჩვენს გუნდში და ველაპარაკებით ჩვენს ამომრჩეველს. დავიწყეთ უკვე დღეს დილიდან მათთვის აზრის კითხვა - ზუსტად ვიცით, სახელებით, გვარებით, ვინ არის მთაწმინდაზე ჩვენი ამომრჩეველი და დილიდან ვურეკავთ მათ, აზრს ვეკითხებით და აქედან გამომდინარე ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას“, - გვითხრა ალეკო ელისაშვილმა.
„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა 19 მაისის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 6, 55 % აიღო და მესამე ადგილზე გავიდა.
მხარდამჭერთა რაოდენობის მიხედვით, მეოთხე ადგილი დაიკავა პარტია „გირჩის „ კანდიდატმა ჰერმან საბომ. მან განმარტა, რომ არ აპირებს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს ამომრჩეველს, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი ამ თემაზე სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა. აღნიშნული ვიდეომიმართვა ძირითადად „ევროპული საქართველოსადმი“ გზავნილი იყო და მასში რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა: კერძოდ:
- „გირჩი“ ითხოვს, „ევროპულმა საქართველომ“ მხარდაჭერისკენ მას თხოვნით მიმართოს და არა მორალური დამუნათებით
- „გირჩი“ ითხოვს, შალვა შავგულიძე მასთან პარტიაში მივიდეს და თავი და გეგმები გააცნოს
- გირჩის შეფასებით, შალვა შავგულიძის გამარჯვება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილის დასუსტებასთან ერთად პოზიციებს იმყარებს „ევროპული საქართველო“, რის პოზიტიურობაშიც პარტია დარწმუნებული არ არის.
- „გირჩი“ არ ენდობა „ევროპულ საქართველოს“ და ეჭვობს, რომ სისტემა მის ხელში ნაკლებად ძალადობრივი იქნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის ხელში.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურში არავის მხარდაჭერას არ გეგმავს არც კობა დავითაშვილი. ამომრჩეველს არა ვინმეს მხარდაჭერისკენ, არამედ აქტიურობისკენ მოუწოდებს სოფიო ხორგუანი, ხოლო გრიგოლ გეგელიამ გვითხრა, რომ ვერც ერთ კანდიდატში ვერ ხედავს იმ პრიორიტეტებს, რისთვისაც თავად აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას:
„ჩვენ პოლიტიკაში იმისთვის ჩავერთეთ, რომ პოლიტიკის შინაარსობრივ განახლებას ჰქონოდა ადგილი. შესაბამისად რახან ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ არის კანდიდატი, რომელიც იცავს ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურულ საკითხებს, რომელიც საუბრობს შრომის უფლებებზე, ეკოლოგიაზე, სიღარიბეზე ამიტომ ვერ ვხედავთ კანდიდატს, რომელსაც მხარს დავუჭერდით მეორე ტურში“,- გვითხრა გრიგოლ გეგელიამ.
ვის აქვს მიუმხრობელი ამომრჩევლის მობილიზების მეტი რესურსი?
როგორც წესი, მეორე ტურში ამომრჩევლი უფრო პასიურია ხოლმე, ვიდრე პირველ ტურში. თუმცა ვინაიდან მთაწმინდის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მათ შორის სიმბოლური, პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე ვარაუდობს, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტური ორივე კანდიდატის მხრიდან მობილიზების მაღალი მაჩვენებლით იქნება გამორჩეული:
„აქტივობის გაზრდა მოსალოდნელია, ჩემი აზრით, მეორე ტურში იმიტომ რომ მმართველი პარტია გადმოერთვება სრულიად მთაწმინდაზე და სავარაუდოდ უფრო მეტ თავის ამომრჩეველს გამოიყვანს, მაგრამ ოპოზიციის კოორდინაციის და შეთანხმებული მოქმედების შედეგად, მათაც შეეძლებათ მეტი ამომრჩეველი გამოიყვანონ“, - გვითხრა ლევან ცუცქირიძემ. მისი შეფასებით, ვინაიდან მმართველ პარტიას ოპოზიციასთან შედარებით ამომრჩევლის უბანზე მიყვანის მეტი ფინანსური და ადმინისტრციული რესურსი ჰქონდა, ახლაც იგი უფრო ახლოა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმთან, ვიდრე ოპოზიცია.
ასეთი ვარაუდის მიუხედავად, ლევან ცუცქირიძეს უჭირს იმის პროგნოზირება, ვინ გაიმარჯვებს მთაწმინდაზე. „მიუხედავად ყველა პრობლემისა, კონკურენციისა და პოლარიზაციის ფონზე შეჯიბრობითობა არსებობს, გარანტირებული მოგება ჯიბეში არავის უდევს, რაც საზოგადოების პოლიტიკური ზრდის კარგი მაჩვენებელია“,- გვითხრა ლევან ცუცქირიძემ.
წინასაარჩევნო კამპანიის პრიორიტეტები
მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ბრძოლის მეორე ტურში გამარჯვებისთვის სამოქმედო ტაქტიკაზე მუშაობენ დეპუტატობის კანდიდატები და მათი საარჩევნო შტაბები. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ საგანგებო ბრიფინგზე მთაწმინდელებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, მეორე ტურში დაირაზმონ, რათა „გაორმაგებული“ შედეგი მიიღონ. ლადო კახაძემ განაცხადა, რომ უცვლელია მთაწმინდასთან დაკავშირებული მისი მისი გეგმები და დაპირებებიც:
"ეს არის ძველი ავარიული სახლების გამაგრება, რეაბილიტაცია, ეს არის ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება, უსაფრთხოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე მისი რეალიზაცია, სწორი ორიენტაცია და ამ კუთხით მისი, როგორც საკუთრების გაზრდა თითოეული მოსახლისათვის, ტურისტულ პოტენციალში სწორად მოაზრება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა" - აღნიშნა ლადო კახაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ კი გვითხრა, რომ საარჩევნო ბლოკისა და მისი კანდიდატის, შალვა შავგულიძის სურვილია პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების მიზნით საუბარი გაიმართოს მთაწმინდის ოლქის არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებთანაც. თუმცა ამ მიმართულებით შექმნილ ვითარებას გიგი უგულავა არასახარბიელოდ მიიჩნევს, რადგან „ზოგი ფეხს ითრევს, ზოგს სურვილი არ აქვს, ზოგი კი სამწუხაროდ თავდასხმებით გამოვიდა.“ გიგი უგულავა ამბობს, რომ, ამის მიუხედავად ყოფილ კონკურენტებთან მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ მთავარი მაინც ამომრჩეველთან მუშაობაა:
„თუ სხვა კანდიდატები შალვა შავგულიძის მხარდამჭერ განცხადებებს არ გააკეთებენ, ამაში ტრაგედიას მე ვერ ვხედავ. ჩვენ უნდა ვესაუბროთ მათ ამომრჩეველს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ მათ ამომრჩეველს“,- გვითხრა გიგი უგულავამ. მისი განმარტებით, საარჩევნო ბლოკს აქვს შალვა შავგულიძის მიმართ კეთილგანწყობილი ამომრჩევლების ბაზა. ამ ბაზიდან ამომრჩევლის ნაწილი მივიდა არჩევნებზე, ნაწილი კი არა. „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკი მეორე ტურისთვის ამ ამომრჩევლის მობილიზებასაც შეეცდება იმისთვის, რათა მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ დამარცხების პირველი პრეცედენტი შექმნას.