გიულენის გარდაცვალების ცნობა მისმა ძმისშვილმა გაავრცელა სოციალური ქსელით 21 ოქტომბერს.
გიულენის გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა ვებსაიტი Herkul-იც, რომელიც ფეთულა გიულენის ქადაგებებს აქვეყნებდა. საიტის თანახმად, გიულენი 20 ოქტომბერს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1999 წლიდან აშშ-ში მცხოვრებ ფეთულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება ადანაშაულებდა 2016 წლის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში, რასაც ანკარის თანახმად, 250 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მოქადაგე და მასწავლებელი გიულენი უძღვებოდა გავლენიან საზოგადოებრივ და რელიგიურ მოძრაობას, სახელწოდებით „ჰიზმეთი“ (მსახურება), რომელიც არ ითვლება საქმიანობაში გამჭვირვალედ და რომელიც აფინანსებს და დაკავშირებულია სკოლებთან, კულტურის ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში.
ორგანიზაცია, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავს, მიჩნეულია ზომიერი ისლამის გამტარებლად; თუმცა არაერთ ქვეყანაში მას საფრთხედ მიიჩნევენ, განათლების და ბიზნესის, ასევე მედიის სფეროში მისი გავლენის გამო შუა აზიაში, ბალკანეთში, აფრიკასა და დასავლეთშიც კი.
გიულენს, რომელიც აშშ-ის პენსილვანიის შტატში ცხოვრობდა, თურქეთი აბრალებდა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინააღმდეგ. თვითონ, გიულენი გადაჭრით უარყოფდა ამგვარ ბრალდებებს.
ბრიუსელში ცხოვრობს და მუშაობს პიტერ კლეპი, ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი, რომელიც თვლის, რომ გიულენის მემკვიდრეობა არ არის ერთსახა: „საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსება მისი მემკვიდრეობის დადებითი მხარეა, - ამბობს კლეპი“, - მაგრამ თუ დამტკიცდა, რომ გადატრიალების უკან გიულენის მოძრაობა იდგა, „მაშინ ეს სულ სხვა შეფასებას მოითხოვს“.
ერდოანის ყოფილი მოკავშირე
მუსლიმი მოქადაგის ვაჟი, გიულენი, ერთ დროს თურქეთის ახლანდელი პრეზიდენტის, ერდოანის მოკავშირე იყო. ის დაეხმარა ახლა მმართველ - სამართლიანობისა და განვითარების რელიგიურ-კონსერვატიულ პარტიას, 2022 წელს ძალაუფლებას დაჰპატრონებოდა.
მაგრამ დროთა განმავლობაში, ერთ დროს მოკავშირეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და წაეკიდნენ.
თურქეთმა 2016 წელს გიულენის მოძრაობა ტერორისტულად შერაცხა და ფართო ბრძოლა გამოუცხადა, სამხედრო, იუსტიციის და სახელმწიფო უწყებებიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს გიულენის ათიათასობით სავარაუდო მომხრე.
მას მერე გიულენის მოძრაობის გავლენა ნელ-ნელა შემცირდა.
გიულენის მოძრაობა ბევრი წლის განმავლობაში თურქეთში “რბილი ძალის” ნაწილი იყო და მის ამოცანას წარმოადგენდა ი ანკარის გავლენის გაზრდა უცხოეთში, ამბობს, გუმერ ისაევი, სანქტ-პეტერბურგში თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. მაგრამ “რეპრესიებმა თურქეთში გიულენის მოძრაობა გაანადგურა”.
ღვთისმეტყველი, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც პარასკევის ლოცვების ხელმძღვანელმა თურქეთის ქალაქ იზმირში 1960-იან წლებში, 1999 წელს აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში, საკუთარი ნებით, როცა ბრალად დასდეს თურქეთის სეკულარული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრა.
მოგვიანებით ეს ბრალდება დაუსწრებლად მოუხსნეს, მაგრამ გიულენი ამერიკაში დარჩა, როგორც მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური სამოქალაქო ორგანიზაციის ეული ხელმძღვანელი.
ფორუმი