ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით exegi monumenum („ძეგლი ავაგე“), რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდ პოეტურ ნიმუშებზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს ფრანსუა ვიიონის „ძველი დროის ქალბატონების ბალადაზე“. ჩვენ გვაქვს სამი ბრწყინვალე თარგმანი, რომელთა ავტორები არიან გალაკტიონი, გივი გეგეჭკორი და დავით წერედიანი. ლექსი-შედევრი მისტირის გარდასული დროის ქალბატონებს, ჩამოთვლილია თორმეტი ქალბატონი, რომელთაგან ორი ქალღმერთია, სამი ლიტერატურული პერსონაჟი, ერთი წმინდანია, ორი დედოფალი, ერთი ალექსანდრე მაკედონელის სავარაუდო საყვარელი, ერთი კი, საერთოდ, მამაკაცია. ვიიონის ამ შედევრში ნახსენები არქიპიადესი (სწორი ფორმაა ალკიბიადესი) სინამდვილეში მამაკაცი იყო, ცნობილი თავისი ვაჟკაცობითა და მხედართმთავრობით. ამბობენ, რომ ბოსუეს ერთ-ერთ თარგმანში გაიპარა შეცდომა, ალკიბიადესი ქალად მოიხსენიეს და შუა საუკუნეებში ეს ასეც მიიჩნეოდა ყველა ავტორთან. ქალთა სიას ასრულებს ყველაზე დიდი ფრანგი ქალი, ჟანა დ’არკი, ამჟამად წმინდანად შერაცხული. ამავე დროს, ვიიონის ეს ლექსი ასახელებს სიყვარულის მსხვერპლ ორ მამაკაცს, ცნობილ ფრანგ ფილოსოფოსებს, აბელარსა და ბურიდანს. ქალების სიას ასრულებს ქრისტიანობის ყველაზე დიდი ქალბატონი, ღვთისმშობელი, ხოლო მთელ ლექსს ასრულებს „პრინცი“ ანუ მაცხოვარი. ვიიონს გაუმართლა საქართველოში და გაუმართლა სამჯერ. გალაკტიონი იშვიათად თარგმნიდა, წამოწყება კი იცოდა (მაგალითად, მისი უსაყვარლესი ედგარ პოს „ყორანი“, წამოწყებული აქვს). გალაკტიონის ამ ლექსში „დაიბადა“ „თოვლი შარშანწინდელი“, რომელიც გაიმეორა გივი გეგეჭკორმა (არ ვიცით, იცნობდა თუ არა ამ თარგმანს ეს შესანიშნავი პოეტი). ვინ არის უფრო ზუსტი, ვინ უკეთ ფლობს ვიიონის ინტონაციას, რომელ თარგმანს ავირჩევდით ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: