Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაშ გრუზ-200 დასტავლენ“ - როგორ გადმოასვენა გორში შოიგუმ აგვისტოს ომში მოკლული ჟურნალისტები


„გამარჯობა ბიჭებო” - ეს იყო ის საბედისწერო სიტყვები, რომლებიც ჟურნალისტებმა ცხინვალის შესასვლელთან წარმოთქვეს. მისალმებაზე, მკლავზე თეთრსახვევიანმა ჯარისკაცებმა გინებით უპასუხეს.

ჟურნალისტებმა გაქცევა სცადეს, რასაც ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი მოჰყვა. გიგა ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი ადგილზე დაიღუპნენ. მათთან მყოფი კიდევ ორი ჟურნალისტი თემურ კიღურაძე და ამერიკელი უინსტონ ფეზერლი დაიჭრნენ. კიღურაძე საავადმყოფოში მიყვანამდე სცემეს, წაართვეს ფული და აპარატურა.

გამგზავრება კონფლიქტის ზონაში

„დილით მანქანას ვერ ქოქავდნენ, მაგრამ ძალიან უნდოდათ კონფლიქტის ზონაში მოხვედრა. გიგა და საშა არ მოეშვნენ მანქანას, ვიდრე არ აამუშავეს. აამუშავეს და წავიდნენ. ნეტავ ვერ დაექოქათ და იმ დღით არ წასულიყვნენ“, - ამბობს ირაკლი ჩიხლაძე, გიგა ჩიხლაძის ძმა.

მანქანაში ოთხნი ისხდნენ, გიგა ჩიხლაძე - ტელეკომპანია „ალანიას" რედაქტორი, ფოტოგრაფი ალექსანდრე კლიმჩუკი, საქართველოში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთ „მესინჯერის“ ჟურნალისტი თემურ კიღურაძე და ამავე გაზეთის რედაქტორი უინსტონ ფეზერლი.

8 აგვისტოს, დილით ჟურნალისტებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ცხინვალს უკვე საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ, მაგრამ შუადღით ვითარება შეიცვალა. ცხინვალის მისადგომებთან უკვე რუსეთის არმიის და ჩრდილოკავკასიელ მოხალისეთა ჯგუფები იდგნენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისთან, ცხინვალისკენ მიმავალი ჟურნალისტების მანქანა, ქართველმა კოლეგებმაც შეამჩნიეს. მეღვრეკისთან ჟურნალისტებთან ერთად გიგას და ირაკლის მეგობარი ზურაბ ბენდიანიშვილიც იდგა.

„ცხინვალისკენ მიმავალი მანქანა რომ დავინახეთ, ხელების ქნევა დავიწყეთ, ვცდილობდით გაგვეჩერებინა, მათ კი გაგვიღიმეს, ეგონათ ვესალმებოდით და გზა გააგრძელეს,“ - იხსენებს ზურაბ ბენდიანიშვილი.

მანქანა ცხინვალიდან ოდნავ მოშორებით დატოვეს და გზა ფეხით გააგრძელეს, თან ნაომარი ტერიტორიის კადრებს იღებდნენ, მოულოდნელად კი ოსურ სამხედრო დაჯგუფებას გადაეყარნენ.

გიგას და საშას ტყვიები გულში ჰქონდათ მოხვედრილი. გიგა 30 წლის იყო, საშა 27-ის.

ირაკლიმ ძმის დაღუპვის შესახებ მეორე დღეს გაიგო, როცა დაჭრილ თემურ კიღურაძეს ცხინვალის საავადმყოფოდან ტელეფონით დარეკვის უფლება მისცეს. 9 აგვისტოს რუსული ავიაცია უკვე საქართველოს ქალაქებს ბომბავდა. დაღუპული ჟურნალისტების ოჯახები კი ცდილობდნენ ცხედრები დაებრუნებინათ.

შოიგუ გორში და შეურაცხმყოფელი „ტვირთი 200“

ირაკლი ჩიხლაძე გორში, სამხედრო ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნუგზარ გოგორიშვილს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

„ირაკლის ალბათ იმის იმედი ჰქონდა, რომ ცხინვალში რაღაც კონტაქტები მქონდა ოსურ მხარესთან, იმ ადამიანებში ვისაც ბოევიკებს უწოდებდნენ და იმ პერიოდში ისინი ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდნენ.

თემურ ცხოვრებოვთან გავედი კავშირზე და გავარკვიე, რომ გიგა უკვე მოკლული იყო. რა ვითარებაში და როგორ ამ დეტალებზე ტელეფონით ვერ ვისაუბრეთ.

მოგვიანებით ცხედრების გადმოსვენების საკითხი დადგა. მე რა უნდა მექნა?.. [გენერალი შოიგუ] ახლანდელი რუსეთის თავდაცვის მინისტრი, მაშინ საგანგებო სიტუაციების მინისტრი იყო, ხშირად მოდიოდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და სულ ვაწუხებდი ამ ამბავზე.

ერთხელაც დადგა დღე, როცა შოიგუ მეუბნება - ვოტ უსპაკოიტეს ტავარიშ პალკოვნიკ, ვაშ გრუზ-200 დასტავლენ (აჰა, დამშვიდდით, ამხანაგო პოლკოვნიკო, თქვენი ცხედრები ჩამოტანილია).

ძალიან გავღიზიანდი, რას ნიშნავდა ვაშ გრუზ-200. მისთვის ეს იყო ტვირთი-200, ქართველები ამ სიტყვას არასოდეს ვამბობთ, ეს ჩვენი დაღუპული ბიჭების ცხედრები იყო. უკმაყოფილება მასაც დავუფიქსირე. ...გორის ჰოსპიტლიდან ჟურნალისტების ცხედრები იგოეთში გადავასვენეთ, სადაც მათ ნათესავები და ოჯახების წევრები ელოდნენ.“

გიგა ჩიხლაძის და ალექსანდრე კლიმჩუკის ცხედრების გადასვენება კონფლიქტის ზონიდან 10-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ 18 აგვისტოს მოხერხდა.

კონფლიქტის მსვლელობის დროს დაიღუპა სამი და დაიჭრა 12 ჟურნალისტი

სამხედრო ჰოსპიტალი

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ისტორია, მათ შორის, 2008 წლის 6-11 აგვისტოს ამბები და სტატისტიკა ნუგზარს აქვს შემონახული. ნუგზარ გოგორიშვილი ახლა პენსიაზეა, ანალიტიკურ სტატიებს წერს, ძირითადად უსაფრთხოების და სამხედრო თემატიკაზე.

როგორც სამხედრო ექიმი, 1992 წლიდან მოყოლებული ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდა. 2007 წელს, გორში გადმოსვლიდან ერთ წელიწადში ის სამხედრო ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გახდა. მისი ცოლი, ვიცე-პოლკოვნიკი ნინო გოგორიშვილი კი ომის დროს თერაპიული განყოფილების უფროსი იყო.

ცოლ-ქმარმა ფაქტობრივად, ჰოსპიტალში გამოიარა აგვისტოს ომიც. 8 აგვისტოდან დაჭრილების და დაღუპულების შეყვანა დაიწყეს. ექიმები 24 საათის განმავლობაში ფეხზე იდგნენ, ოპერაციებს ატარებდნენ. ფეხები უსივდებოდათ და ელასტიკურ ბინტებს იხვევდნენ.

როცა ჰოსპიტალი ისე გადაიტვირთა, რომ შეუძლებელი იყო ყველა ჯარისკაცის შენობაში შეყვანა, ნუგზარმა და ნინომ ეზოში ორი კარავი დადგეს. ერთში მსუბუქად დაჭრილებს ათავსებდნენ, მეორე კარავი კი პროზექტურასთან გახსნეს.

„როდესაც მეოთხე ბრიგადის ჯარისკაცები დაბომბვიდან გამოიყვანეს, უმეტესობა შოკირებული იყო. ყველა ვერ შეგვყავდა შენობაში და მიმღების მიმდებარე ტერიტორიაზე მდელოზე განვათავსეთ. მათი თვალები არასოდეს დამავიწყდება - ეს იყო არსაით მაყურებელი თვალები, არაფრისმთქმელი გამოხედვა, ჩემთვის ნაცნობი იყო ეს მდგომარეობა, ამ გამოხედვიდან ჩანდა, რომ ისინი დაბომბვის ადგილიდან ვერ გამოვიდნენ და ისევ იქ იყვნენ...“ - იხსენებს ნინო გოგორიშვილი.

სამხედრო ექიმი ნინო გოგორიშვილი 2008 წლის აგვისტოს დღეებს იხსენებს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:36 0:00

ევაკუაცია და დაბრუნება

2008 წლის 6-11 აგვისტოს პერიოდში გორის სამხედრო ჰოსპიტალმა 1285 დაჭრილი და დაშავებული მიიღო. საოპერაციო ბლოკში 51 ოპერაცია გაკეთდა.

ომის დღეებში დაჭრილთა დიდი ნაკადის გამო, საავადმყოფოს მედპერსონალის დეფიციტი ჰქონდა, ბუღალტრები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები სახვევებს ამზადებდნენ. ვისაც როგორ შეეძლო, ისე ეხმარებოდა ექიმებსა და დაჭრილებს. ოპერაციები ხანდახან პირდაპირ საკაცეზე კეთდებოდა.

ჰოსპიტლის ევაკუაცია 11 აგვისტოს გამოცხადდა. ტრავმატოლოგიური განყოფილების ექიმი გიორგი აბრამიშვილი ადგილზე დარჩა. ეზოში იდგა, როცა კლინიკის დაბომბვა დაიწყო, გიორგი რუსული ვერტმფრენის მიერ ჰოსპიტლის მიმართულებით გაშვებული ჭურვის ნამსხვრევებისგან დაიღუპა. ამ დროს შენობის სახურავზე გადაკრული იყო თეთრი ზეწარი, რომელზეც წითელი ჯვარი იყო გამოსახული. 2014 წლიდან ჰოსპიტალი გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს.

ევაკუაციის მიუხედავად ექიმების მცირე ნაწილი გორში დარჩა, მათ შორის იყვნენ ნინო და ნუგზარი, რომლებიც ქალაქიდან წითელი ჯვრის მანქანებით 13 აგვისტოს გავიდნენ. ამ დროს გორს რუსეთის არმია იკავებდა. ქალაქში მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა შედიოდა.

ტანკები წითელი ჯვრის მანქანებსაც შეხვდნენ. მაშინ რუსებმა ექიმები თბილისისკენ გაატარეს.

შვილი

ოთარ გოგორიშვილი, ნუგზარისა და ნინოს შვილი ჯავის მისადგომებთან, როკის გვირაბის ასაფეთქებლად სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად მიდიოდა, მაგრამ დააგვიანეს. როკის გვირაბი რუსებს უკვე გაემაგრებინათ, ქართული რაზმი ტყეში შევიდა და გაუჩინარდა. ამ რაზმის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში ინფორმაცია არავის ჰქონდა. ოთარმა ტყეში მხოლოდ ის გაიგო, რომ ჰოსპიტალი რუსულმა ავიაციამ დაბომბა.

„ეს იყო ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში, უცებ მორალურად და ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, რადგან არ ვიცოდი, ჰოსპიტალში მყოფი ჩემი მშობლები რა მდგომარეობაში იყვნენ. ვფიქრობდი მშობლებზე და ვფიქრობდი დავალების შესრულებაზე. უკვე ვიცოდი, რომ მტერი გორში შემოდიოდა… 30 აგვისტოს იმერეთის ტყეებში გადავედით და ბრძოლის ველიდან გამოვედით“.

ჰოსპიტლის ევაკუაციის წინ ნინომ შვილთან დაკავშირება შეძლო.

„უკვე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი ცოცხალი იყო. ტელეფონზე ვუთხარი, რომ გავდივართ ჰოსპიტლიდან. მხოლოდ ასეთი ფრაზა მითხრა - თავს გაუფრთხილდითო. გორიდან ჩვენი გასვლა იყო ტანკების ფონზე. წითელი ჯვრის მანქანა არ შეაჩერეს. სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნებულიყავით და ჰოსპიტლის შენობა უნდა გადარჩენილიყო, რომელიც იმედის სხივი იქნებოდა ტყეებში გაფანტული ჯარისკაცებისთვის.

15 აგვისტოს დავბრუნდით და მაშინვე ოთარს დავურეკე. ვუთხარი, რომ ჩვენ ჰოსპიტალში ვართ და გავიგე როგორ იყვირა - ბიჭებო, ჰოსპიტალი ისევ გორშია, ჩვენები დაბრუნდნენ და ყველა ყვიროდა, ვაშაო. ეს იყო იმედი ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც მაშინ არ იცოდნენ გადარჩებოდნენ თუ არა.“ - ამბობს ნინო, რომლისთვისაც ეს ყველაზე ემოციური მომენტია, მის ომგამოვლილ ცხოვრებაში.

ოთარის სპეცრაზმი ჯავის ტყიდან საჩხერის ტყეში გადავიდა, გორიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ რაზმმა ქალაქისკენ გადმოუხვია და ჰოსპიტალთან სიგნალებით ჩაიარა.

გადარჩენილების გახიზვნა

15 აგვისტოდან, როცა ექიმები გორში დაბრუნდნენ, მათ მთავარ საზრუნავად გადარჩენილი და ტყეში გახიზნული ჯარისკაცების თბილისისკენ გამგზავრება იქცა. გორს რუსეთის საოკუპაციო ძალა აკონტროლებდა. ჩხრეკდნენ სახლებს და ჯარისკაცის ფორმებს ეძებდნენ.

„სხვათა შორის 15-იდან 22-მდე (22 აგვისტოს რუსული არმია გორიდან გავიდა - რ.თ.) მოვახერხეთ და 40 ქართველი ჯარისკაცი ჰოსპიტალში შემოვაპარეთ. ოღონდ სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გადაცმული. ჯერ ვმალავდით და მერე ექიმებთან ერთად თბილისისკენ ვამგზავრებდით. რუსებს ისინიც ექიმები ეგონათ. ასე რომ ჰოსპიტალმა ევაკუაციამდეც და ევაკუაციის შემდეგაც რაღაცა გააკეთა,“ - ამბობს ნუგზარ გოგორიშვილი.

ჰოსპიტალი ოკუპირებულ ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას ემსახურებოდა; იმ სამოქალაქო პირებს, რომლებიც ოკუპირებული სოფლებიდან რუსეთის МЧС-ის ქვედანაყოფებს მოჰყავდათ, და იმ დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ღამ-ღამობით დამოუკიდებლად, ან სხვების დახმარებით ახერხებდნენ კლინიკამდე მიღწევას. მკურნალობდნენ დაჭრილ რუს სამხედროებსაც.

გორის სამხედრო ჰოსპიტალმა რუსი სამხედროების მიღება 19 აგვისტოს შეწყვიტა, როდესაც გორის გასასვლელში, ცხინვალის ხიდთან, რუსეთის ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის სამედიცინო სამსახურის სამედიცინო ასეული გაიშალა.

ამავე პერიოდიდან ჰოსპიტლის ტერიტორიაზე ცვლიდნენ ტყვეებს, გასცემდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას გორში დარჩენილი მოსახლეობისთვის, გორის ჰოსპიტალი ქალაქის სტრატეგიული ობიექტი გახდა, სადაც ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, რაც ჰოსპიტლის ფუნქციებთან პირდაპირ კავშირში არ იყო.

გორის ოკუპაციის პერიოდში ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მძევლებსა და სამხედრო ტყვეებს ცვლიდნენ.

XS
SM
MD
LG