გასული კვირის ბოლოს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესრულების მდგომარეობა. დოკუმენტი მოიცავს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროს - დაწყებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობით, ტრანსპორტითა და ენერგოეფექტურობით დასრულებული. საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა ანგარიშის პოლიტიკურმა ნაწილმა, რომელშიც ვკითხულობთ:
„2020 წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რომ გააგრძელოს რეფორმების გატარების მზაობა, რაც გადამწყვეტი იქნება მისი შემდგომი წინსვლისთვის ევროპის გზაზე. დიდი მნიშვნელობა ექნება მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გასანეიტრალებლად ამბიციური საარჩევნო რეფორმების გატარებას და სასამართლო რეფორმის განხორციელებას. რაც შეეხება მომავალს, 2020 წლის შემოდგომაზე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის დემოკრატიისადმი ერთგულების დასადასტურებლად. მიმდინარე საარჩევნო რეფორმის ამოცანა უნდა იყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ შემოთავაზებულ ყველა რეკომენდაციასთან შესაბამისობა. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არჩევნების წინ თავისუფალი და პლურალისტული მედიისთვის ხელშემწყობი გარემოს არსებობა კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება“.
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე რადიო თავისუფლების საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი დიდწილად არის აღწერილობითი ხასიათის. თუმცა, „დილის საუბრების“ სტუმარი გამოყოფს საქართველოს წინაშე არსებულ არაერთ გამოწვევას, რომელსაც ანგარიშის ავტორები აღწერენ. მათ შორის ვანო ჩხიკვაძე შენიშნავს:
„პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია და რითაც იწყება ეს დოკუმენტი, არის ის, რომ ევროინტეგრაცია არის არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ მოსახლეობის არჩევანი და დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 78% საქართველოს მოსახლეობისა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და დასაწყისშივეა გამოტანილი ის საკითხი, რომ ევროკავშირისთვის საქართველო არის მთავარი მოკავშირე, ძირითადი მხარდამჭერი რეგიონში. დოკუმენტში აღწერილობითი ნაწილის გარდა არის აღნიშნული შეფერხება სხვადასხვა მიმართულებით“.
რაც შეეხება ანგარიშის აქცენტებს, ვანო ჩხიკვაძე გამოყოფს შემდეგს:
„დასაწყისშიც არის ამაზე საუბარი და ბოლო ნაწილია მნიშვნელოვანი, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის დემოკრატიის თვალსაზრისით და ევროინტეგრაციის გზაზეც. რაც შეეხება გამოტანილ „ჰაილაითებს“, როგორც მას უწოდებენ, ეს პირველ რიგში გახლავთ ის, რომ დამოუკიდებელ და ანგარიშვალდებულ სასამართლოზე არის აქ საუბარი.
ასევე, არ არის მორიდება იმასთან დაკავშირებით, რომ გაკრიტიკებულია პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა და ახლაც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას და აღწერილია ის, რომ ვერ აკმაყოფილებს ძირითად სტანდარტებს და მოთხოვნებს.
პირველად ასეთ დოკუმენტში ლაპარაკია იმაზე, რომ მაღალი დონის კორუფციის სერიოზული რისკები გამოჩნდა და წუხილს გამოთქვამენ, რომ ასეთი ფაქტები ხშირია და ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებს ამ კუთხით. ის, რომ ეს საკითხი ასეთ დოკუმენტში მოხვდა, ძალიან საყურადღებოა.
ასევე თვალშისაცემია ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები. კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი და ასევე ის, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც ძირითადი, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები და მოთხოვნები არ არის, სამწუხაროდ, დაკმაყოფილებული.
ამას გარდა, ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე და ის, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში დაწყებული გამოძიება დაუსრულებელია“.
ვანო ჩხიკვაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ანგარიშში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის მიმართ, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი.