ვალების განულების პროცესი 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს. თუმცა ამ ეტაპზე ბევრმა ისიც კი არ იცის, ეპატიება თუ არა გადაუხდელი ვალი. ფინანსთა სამინისტრო ირწმუნება, რომ 15-დან 31 დეკემბრამდე ვალი გაუნულდება ყველას, ვინც ფონდ „ქართუს“ საგანგებო ვებსაიტზე, Vali.ge-ზე, ატვირთულ სიაში მოხვდება. vali.ge-ზე ამჟამად მხოლოდ 9 ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციაა ატვირთული. სიაში ჯერ ვერ მოხვდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა მოვალეები. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ფონდ „ქართუსთან“ არ თანამშრომლობს, სულ ცოტა, 22 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
დიდი და პატარა ვალის განულება
42 წლის ნონამ საკუთარი თავი უკვე აღმოაჩინა Vali.ge-ზე ატვირთულ სიაში და ახლა ზუსტად იცის, რომ „საქართველოს ბანკი“ მას 27 ათას ლარზე მეტს აპატიებს. როგორ, რანაირადო, - ეკითხება ბევრი, ნაცნობი თუ უცნობი,- განულება ხომ მხოლოდ 2 ათას ლარამდე სესხს შეეხებაო?!
- ფონდ „ქართუს“ პროექტის თანახმად, ვალი გაუნულდება ყველა მსესხებელს, რომელმაც 2018 წლის პირველ იანვრამდე ერთხელ ან რამდენჯერმე ისესხა 2 000 ლარამდე თანხა და ვალის გადაუხდელობის გამო მოხვდა „შავ სიაში“.
- განულდება ასევე ვადაგადაცილებული ვალდებულება, ძირი თანხის მოცულობისა და უზრუნველყოფის მიუხედავად, თუკი სესხი ხანდაზმულია და ბოლო 3 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა თანხის გადახდა.
ნონა უყვება რადიო თავისუფლებას, რომ 2008 წელს მისი ოჯახის წევრმა „საქართველოს ბანკში“ აიღო სამი (2 ათას და 3 ათას დოლარამდე) სესხი. ეს თანხა წლების განმავლობაში (პროცენტებისა და საურავების ხარჯზე) სულ უფრო იზრდებოდა და ბოლოს 43 ათას ლარს მიაღწია. ოჯახი პერიოდულად, შეძლებისდაგვარად იხდიდა გარკვეულ თანხას და ბოლოს, ვალის საერთო მოცულობა 27 300 ლარამდე შემცირდა, მაგრამ გადახდის გრაფიკს ნონა მაინც ვერ დაეწია. არ მოელოდა და თითქმის არც სჯერა, რომ ბანკის ვალი აღარ ექნება და ნონას „აღარასდროს არავინ დაურეკავს ამ ვალის შესახსენებლად“.
vali.ge-ზე თავისი გვარი ჯერ ვერ იპოვა 55 წლის დავითმა. მან ჯერ არ იცის, გაანულებს თუ არა მის 700-ლარიან სესხს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ვივუსი“. დაურეკა კიდეც ამ ორგანიზაციას, მაგრამ ზუსტი პასუხი ვერ უთხრეს.
- როგორც „ვივუსში“ განუცხადეს რადიო თავისუფლებას, ორგანიზაცია ჩართულია ფონდ „ქართუს“ სოციალური სოლიდარობის პროექტში, მაგრამ ჯერჯერობით ამ ორგანიზაციას არ წარმოუდგენია კონკრეტულ მსესხებელთა სიები.
ვერ იპოვეთ თქვენი გვარი vali.ge-ზე?
ფონდ „ქართუს“ ინფორმაციით, ვებსაიტზე (vali.ge) განთავსებული ინფორმაცია საფინანსო ორგანიზაციების მიერ არის მიწოდებული და იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენს სიაში, უნდა მიმართოს სესხის გამცემ ორგანიზაციას. მაგრამ სია ჯერ არასრულია. ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ერთიანი ბაზა ეტაპობრივად შეივსება.
14 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, vali.ge-ზე ჯერჯერობით ატვირთულია ინფორმაცია მხოლოდ 414,223 მსესხებლის შესახებ. ლაპარაკია 9 ბანკის მოვალეებზე, ესენია:
- სს „საქართველოს ბანკი“;
- სს „თიბისი ბანკი“;
- სს „ლიბერთი ბანკი“;
- სს „სილქ როუდ ბანკი“;
- სს „ხალიკ ბანკი საქართველო“;
- სს „იშბანკი საქართველო“;
- სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“;
- სს "ბაზისბანკი";
- სს "ტერაბანკი".
როგორც ფინანსთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ბანკების მიერ მოწოდებულ სიებს vali.ge-ზე ეტაპობრივად დაემატება მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა მონაცემები. მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი ვერც საბოლოო სიაში მოხვდება, რადგან ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ თანამშრომლობს ფონდ „ქართუსთან“.
ვალს ყველას არ აპატიებენ
ვალის განულების იმედი არ უნდა ჰქონდეთ იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა მოვალეებს, რომლებიც არ თანამშრომლობენ ფონდ „ქართუსთან“. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი 60-ზე მეტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ვალების განულების პროგრამაში არ არის ჩართული 22 ორგანიზაცია. ჯერჯერობით უარის მთქმელთა სია არ გამოქვეყნებულა. ფინანსთა სამინისტრომ ერთ ეტაპზე გაასაჯაროვა პროექტში ჩართული ორგანიზაციების ნუსხა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში შემავალი 37 ორგანიზაციიდან 15 ორგანიზაცია „მზად არის ვალები ჩამოაწეროს სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს იმ სესხების შემთხვევაში, რომლებიც 2018 წლის იანვრამდე იყო პრობლემური“.
- ამ 15-დან 10 ორგანიზაცია ჩართულია ასევე ფონდ „ქართუს“ ვალების განულების პროგრამაში.
- დანარჩენი ორგანიზაციები არცერთ სეგმენტში არ შედიან.
- დეკემბრის დასაწყისში „ქართუსთან“ თანამშრომლობის სურვილს ასოციაციიდან მხოლოდ 4 ორგანიზაცია გამოხატავდა.
გარდაცვლილები სიაში
სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ vali.ge-ზე ატვირთულ სიებში გარდაცვლილებიც არიან. ეს ფაქტი არ უკვირს ფინანსთა სამინისტროს. როგორც უწყებიდან შეატყობინეს რადიო თავისუფლებას:
- "საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში შესაძლებელია იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ, რადგან მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას სასესხო ურთიერთობებში".
- "ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომელიც მას სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა."
ფინანსთა სამინისტროს განმარტების თანახმად, სიაში გარდაცვლილი პირების აღმოჩენა ნიშნავს იმას, რომ მათ მემკვიდრეებს გაუნულდათ მემკვიდრეობით დატოვებული და გადასახდელი ვალები.