ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე ადვოკატი ვაჟა გაფრინდაშვილისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით დაკავებული ექიმის ოჯახმა დაიქირავა.
ადვოკატის თქმით, საქმეში გუშინდელი დღიდან ჩაერთო და ამ დროში საქმის გაცნობა ვერ მოასწრო. დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი ერთადერთი იმას ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს.
„შევხვდი, ვაჟა თავს კარგად გრძნობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, ეკლესიაში სალოცავად უნდოდა მისვლა. მეტი არაფერი, ყველას მოკითხვას უთვლის, მეუღლეს, ყველა ნაცნობს. ყველაფერი კარგადაა,სიმართლე იზეიმებს“
ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ყველა ყველაზე მძიმე სასჯელი რაც შეიძლებამისი დაცვის ქვეშ მყოფსდაეკისროს ეს არის 2 წლამდე პატიმრობას, ჯარიმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან დეპორტაცია.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც ადვოკატი ამბობს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით ამ მუხლით პატიმრობას არავის უსჯიან, მათ უბრალოდ აძევებენ ქვეყნიდან. მუხლის მეორე პუნქტი, რაც საზღვრის განმეორებით განზრახ უკანონო დარღვევას ითვალისწინებს ისჯება პატიმრობით, ჯარიმით ან დეპორტაციით.
ადვოკატი ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს სავარაუდოდ ამ კვირაში კიდევ ერთხელ შეხვდება. სასამართლო პროცესი, კი სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
„ჯერ საქმე პროკურატურას უნდა გადაეცეს, პროკურატურის შესწავლის შემდეგ საქმე სასამართლოში შევა და 14 დღის განმავლობაში მოსამართლე დანიშნავს პროცესს“,- ამბობს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი.
ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან 11 დღე გავიდა, მას ახალგორის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით კი სულ უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორი გამოდის. 19 ნოემბერს ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა.