Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს კანონპროექტი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის - ესტონეთის საგარეო მინისტრი


თბილისში მყოფი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰნკა „აგენტების კანონს“ ეხმაურება.
თბილისში მყოფი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰნკა „აგენტების კანონს“ ეხმაურება.

თბილისში ვიზიტით მყოფი მარგუს ცაჰნკა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აცხადებს, რომ კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ არის „სიმბოლო“ - „სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა თუ ევროკავშირს შორის“ და იგი „აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან“.

15 მაისს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ისლანდიელ, ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ცაჰნკამ განაცხადა:

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიში მდგომარეობაა. არასოდეს არის კარგი შუაში აღმოჩნდე. ყველა მეზობელი ქვეყანა რუსეთმა დააყენა საფრთხის წინაშე. დაგვაყენა არჩევანის წინაშე, სად ვიყოთ - თავისუფლებისკენ თუ რუსეთის მხარე დავიჭიროთ. ეს არის არჩევანი, რომელიც გაქვთ“.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებას და ყველაფერ იმას, რაზეც დგას ევროკავშირის ღირებულებები“.

„ეს კანონპროექტი არის სიმბოლო, სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა თუ ევროკავშირს შორის. ეს კანონპროექტი უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან“, - განაცხადა მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, კანონის მიღება არის უკუსვლა, რაზეც ევროკავშირს ექნება პასუხი: „ევროინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია კეთილდღეობაზე, რომელსაც მიიღებთ, თუ გაატარებთ რიგ რეფორმებს, რომლებიც არის თანხვედრაში ღირებულებებთან. თუ უკუსვლით წახვალთ, დაკარგავთ ბევრ რამეს და ადამიანის უფლებების დარღვევა, ზეწოლა [თუ გაგრძელდება], ამ შემთხვევაში სანქციები იქნება დაწესებული“, - განაცხადა მან.

„მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხის ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში. ეს არის პრინციპული არჩევანი და საქართველოს ხალხზეა დამოკიდებული, გადაწყვიტონ, რა ტიპის მომავალი უნდათ საკუთარი თავისთვის. ჩვენ თქვენთან ვართ ამ გზაზე“, - თქვა მინისტრმა ცაჰნკამ.

მისი თქმით, საგარეო მინისტრები თბილისში ჩამოვიდნენ, „როგორც რეალური მეგობრები“ და „ესტონეთს ადარდებს საქართველო ისტორიულად და დღესაც - ადარდებს ქართველი ხალხის ბედი“.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპელ მინისტრებთან ისაუბრა შემდგომ ნაბიჯებზე და მათ გარკვევით აუხსნა, რომ „არავითარ შემთხვევაში“ ვეტოს დადებით არ შევა „ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასდროს!“

ფორუმი

XS
SM
MD
LG