„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) გამოაქვეყნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის მთავარ მიგნებებზე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ილაპარაკა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ. მისი თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი 1 ივნისიდან დაიწყო, თუმცა ტრადიციულად პირველი მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნებამდე შეაფასა პოლიტიკური და მედიაგარემო, რათა ნათელი იყოს, თუ რა სიტუაციაა ქვეყანაში წინასაარჩვენო კამპანიის დაწყებამდე. ელენე ნიჟარაძის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რომელშიც დაძაბულობა გასული წლიდან დღემდე ეტაპობრივად გაიზარდა. ელენე ნიჟარაძის განმარტებით, ამ თვალსაზრისით ათვლის წერტილი ძირითადად 21-21 ივნისის მოვლენებია:
„20-21 ივნისის მოვლენებმა სერიოზული დაძაბულობა შექმნა ქვეყანაში და კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ის პოლარიზება, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. და შემდეგ იყო ნოემბრის თვეში „ქართული ოცნების“ მიერ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება. როცა საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ნამდვილად პოზიტიური იყო ის ცვლილებები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საქართველოს პარლამენტმა და რომლითაც ჩვენ გვექნება ისევ შერეული საარჩევნო სისტემა, მაგრამ ის იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე მანამდე არსებული, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საკანონმდებლო ორგანოში უფრო პროპორციულად აისახოს ამომრჩეველთა ნება“, - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ „დილის საუბრებში“.
გადაცემაში „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა წინასაარჩევნო მედიაგარემოზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ამ კუთხით სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ზეწოლა კრიტიკულ მედიასაშუალებებზე სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით:
„ამ კუთხით აღსანიშნავია აჭარის ტელევიზია, რომელიც ყურადღების ცენტრში დღემდე რჩება იქ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რაც სერიოზულ რისკებს უქმნის სარედაქციო პოლიტიკას. ეს ტელევიზია, განსაკუთრებით 2018 წლის არჩევნებში, ეუთო-ოდირის შეფასებით, ცნობილი იყო როგორც ყველაზე ობიექტური და დაბალანსებული მედიასაშუალება. ამის გარდა იყო სასამართლო პროცესები, კონკრეტული ტელეკომპანიების ხელმძღვანელების თუ მფლობელების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენდა იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულების გამოყენება ხდებოდა კონკრეტული ინტერესების მიხედვით, რაც თავისთავად უარყოფით გარემოს ქმნის და უარყოფით გავლენას ახდენს მედიასაშუალებებზე“, - აღნიშნა ელენე ნიჟარაძემ. მან გადაცემაში ისაუბრა ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებებზე:
„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ამ ცვლილებებზე, ჯერ კიდევ გასულ წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პარლამენტში და ბევრი განხილვის შემდეგ გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდით და არის პოზიტიური მუხლებიც“, - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ. მისი შეფასებით, წარდგენილ პროექტში, მაგალითად პარტიების დაფინანსების გაუმჯობესებული წესი აისახა: „წარმოდგენილი წესი გაცილებით გაუმჯობესებულია, ვიდრე მოქმედი, რომ დაფინანსება არ იყოს ძალიან განსხვავებული. ახლა დღეს გვაქვს პრობლემა, რომ ძალიან დიდი დისბალანსია განსაკუთრებით მმართველ პარტიასა და ოპოზიციური პარტიების მიღებულ დაფინანსებას შორის. ასევე მნიშვნელოვანი სიახლეები აისახა ადმინისტარციული რესურსის გამოყენების კუთხით, რაც ჩვენს რეკომენდაციასაც წარმოადგენდა. მაგალითად ის, რომ საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებს და აიპების თანამშრომლებს შეეზღუდათ საარჩევნო პერიოდში სამუშაოს განმავლობაში აგიტაციაში მონაწილეობა, რაც ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ელენე ნიჟარაძემ. მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ რეკომენდაციების ნაწილი საარჩევნო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტში ვერ მოხვდა:
„კერძოდ, ეს შეეხება ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, არც გრძელვადიან და არც მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არ შევიდა პროექტში და საარჩევნო დავები იყო ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, რომელიც ყოველთვის წამოიწევს არჩევნებზე. ჩვენ გვინდოდა კონკრეტულ შემთხვევებში ვალდებულება დაკისრებოდა საოლქო კომისიებს, რომ მათ გადაესინჯათ მასალები, თუმცა ესეც სამწუხაროდ არ აისახა. ასევე არ აისახა ჩვენი რეკომენდაცია, რომ სოციალური ქსელებით, კერძოდ ფეისბუკის საშუალებით საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში არ ჰქონდეთ კამპანიაში მონაწილეობის უფლება“, - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი დროულად მიიღებს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს იმისათვის, რათა ყველა მხარემ ნათლად იცოდეს, რა პირობებით მოუწევს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა.
რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სტუმრობისას ელენე ნიჟარაძემ ილაპარაკა ასევე იმ უპირატესობაზე, რაც 120/30-ზე საარჩევნო სისტემას გააჩნია ყოფილ შერეულ სისტემასთან შედარებით:
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც იყო მანამდე არსებულ სისტემაში იყო ის, რომ ის არ უზრუნველყოფდა პროპორციულად ასახვას ხმებისა საკანონმდებლო ორგანოში. ეს იმას ნიშნავდა, რომ ძირითად შემთხვევებში ყოველთვის, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაჟორიტარული კომპონენტის ხარჯზე მმართველი პარტია გაცილებით იმაზე მეტ მანდატებს მოიპოვებდა პარლამენტში, ვიდრე რეალურად ჰქონდა მხარდაჭერა ამომრჩევლებისგან, რაც ითვლება ძალიან უსამართლო საარჩევნო სისტემად. შესაბამისად ეს სისტემა, რაც ახლა იქნა მიღებული, მართალია კვლავ ინარჩუნებს მაჟორიტარულ კომპონენტს, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირებულია მანდატების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დიდი ალბათობით უნდა გვქონდეს გაცილებით უფრო პროპორციული წესით დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანო. თითოეულმა პარტიამ მანდატები უნდა მიიღოს უკვე იმ მხარდაჭერის მიხედვით, რომელიც უფრო მეტად მიახლოვებული იქნება მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობასთან“, - აღნიშნა ელენე ნიჟარაძემ. იგი იმედოვნებს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს მეტად კონკურენტულ წინასაარჩევნო კამპანიას და მეტ პოლიტიკურ აქტორებს გაუჩენს საარჩევნო მარათონში ჩაბმის მოტივაციას. რაც შეეხება შედეგს, იგი ვარაუდობს, რომ ახალი საარჩევნო სისტემის პირობებში საკანონმდებლო ორგანო უფრო პლურალისტური და ამომრჩეველთა მეტი ჯგუფის წარმომადგენლობითი ინტერესების გამომხატველი იქნება.