Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თუ კანონის პრობლემაა, პარლამენტმა დააზუსტოს. თუ პრაქტიკის პრობლემაა, მას შეუძლია კონკრეტული ღონისძიებების გატარება მოსთხოვოს პროკურატურას"


ეკა ხუციშვილი, "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" პროექტის კოორდინატორი
ეკა ხუციშვილი, "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" პროექტის კოორდინატორი

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მექანიზმი და მოაწესრიგოს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი და პრაქტიკული მხარეები.

ორგანიზაციის პროექტის კოორდინატორი, ეკა ხუციშვილი, რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს იმ უთანაბრო პრაქტიკაზე, რომელიც პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მხრივ გვხვდება საქართველოში. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად მას მოჰყავს 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებულების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა, როცა ის ჯერ აჭიანურებდა სტატუსის მინიჭებას, მოგვიანებით კი დაზარალებულთა მცირე ნაწილს (მათი უმრავლესობა სამართალდამცავები იყვნენ) მიანიჭა შესაბამისი სტატუსი. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო იმ ორი მოქალაქისთვის (მაკო გომურისა და გიორგი სულუაშვილისთვის) დაზარალებულის სტატუსის მინიჭების გაჭიანურება, რომლებმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო თვალი დაკარგეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა (მათ შორის, მაშინდელი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის) იმდროინდელი განმარტებები მიუღებელი იყო უფლებადამცველებისთვის. ეკა ხუციშვილი „დილის საუბრებში“ განმარტავს:

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსად არის მითითებული, რომ დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებითი სტანდარტი მჭირდება საიმისოდ, რომ კონკრეტულ პირს დაზარალებულის სტატუსი მივანიჭო. ძალიან კურიოზული ფრაზა იყო ციტირებული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთ განცხადებაში, სადაც სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ციტატა ჰქონდათ მოყვანილი, სადაც სასამართლო ამბობდა, რომ ერთი მხრივ არ არის საჭირო, კონკრეტული ბრალდებული გვყავდეს სისხლის სამართლის საქმეში (რომელსაც სწორედ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის მტკიცებულებები ესაჭიროება), თუმცა, დაზარალებული რომ გვყავდეს (მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული შეიძლება არ იყოს), მაინც საჭიროა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი“.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ გამოკვლევაში აღნიშნულია:

„სასამართლოს განვითარებული მსჯელობა შესაძლოა ჩამოყალიბებული პრაქტიკიდან მომდინარეობს, რაც წლების განმავლობაში დამკვიდრდა, ან კონკრეტული სახელძღვანელო პრინციპებიდან მომდინარეობს, რაც სასამართლოსა და პროკურატურაში შემუშავდა. თუმცა, ცალსახაა, რომ იგი არცერთ შემთხვევაში არ ეფუძნება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას.

საპროცესო კანონმდებლობა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას არ უკავშირებს დანაშაულის არსებობის დასაბუთებულ ვარაუდსა და კონკრეტული ბრალდებულის არსებობას. საპროესო კანონმდებლობა მხოლოდ დანაშაულის არსებობაზე უთითებს, როგორც სავალდებულო წინაპირობაზე. შესაბამისად, თუ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ შესაძლოა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტამდე კი არა, არამედ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობამდე მივიდეთ, როგორც დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საპროცესო სავალდებულო წინაპირობა“.

ამავე პოზიციას ეკა ხუციშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ასეც განმარტავს:

„გამოდის, რომ ჩვენ დაზარალებული გვეყოლება მხოლოდ და მხოლოდ სამართალწარმოების დასასრულში და ეს ყოველგვარ აზრს დაუკარგავს დაზარალებულის სისხლისსამართალწარმოებაში ყოფნას, რადგან მას აღარ ექნება შესაძლებლობა, გამოძიების მასალებს გაეცნოს, ბარლდებულის პირველ წარდგენას დაესწროს სასამართლოს სხდომაზე, მას არ ექნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ საპროცესო შეთანხმებამდე თავისი მოსაზრება წარუდგინოს პროკურორს. შესაბამისად, ამგვარი განმარტება ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვიყენოთ. სიტყვასიტყვითი განმარტება იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი. რაც შეეხება მიზნობრივ განმარტებას, ის გვეუბნება, რომ დაზარალებული უნდა გვყავდეს გამოძიების დასაწყისშივე, რომ მან ისარგებლოს ყველა საპროცესო გარანტიით, რაც მისთვის არის განკუთვნილი“.

ანუ, პრაქტიკის პრობლემაა თუ კანონმდებლობის, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ეს პარლამენტმა უნდა დაადგინოს და აგრეთვე გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ხარვეზების აღმოსაფხვრელადაც. არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს შეახსენებს იმ მექანიზმსაც, რომლითაც მან უნდა იმოქმედოს:

„პარლამენტმა გვითხრას - რა იწვევს [დაზარალებულის სტატუსის მინიჭების] პროცესის შეფერხებას? თუ ეს არის კანონის პრობლემა, დააზუსტოს. თუ ეს არის პრაქტიკის პრობლემა და პროკურატურის მხრიდან შერჩევითი სამართალწარმოება, მას შეუძლია, კონკრეტული ღონისძიებების გატარება მოსთხოვოს ამ უწყებას, კონკრეტული დადგენილებით.

...ფაქტია, რომ დაზარალებულად ცნობის პროცესი ფერხდება, ანუ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც დღესდღეობით არსებობს, არ მუშაობს. როცა კანონი არ მუშაობს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ის თავის მიზანს არ აღწევს, ამ შემთხვევაში პარლამენტს აქვს ძალიან კარგი მექანიზმები და მათ შორის ყველაზე კარგად გამოსაყენებელი არის ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მექანიზმი“:


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG