„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტმა კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნოს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე. ორგანიზაცია თვლის, რომ ამისათვის პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს ერთიანი და კოორდინირებული ღონისძიებების გატარებას პანდემიასთან ბრძოლის პროცესში; აგრეთვე უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პრობლემების იდენტიფიცირების და გამოსავლის გზების/სტრატეგიის დასახვისთვის; უნდა მოახდინოს მთავრობის ამ დროისთვის გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობის შეფასება, კანონის ერთგვაროვან აღსრულებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე კონტროლი; ისეთი საკითხების განხილვის დროს, რომლებიც არ უკავშირდება საგანგებო მდგომარეობას, უნდა უზრუნველყოს ჩართულობა და თუ ეს ვერ ხერხდება, გადადოს სხვა დროისთვის.
„დემოკრატიული ინდექსი - საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა ციმაკურიძე რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ პარლამენტმა უნდა იზრუნოს იმ კითხვებზე პასუხების მიღებაზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება:
„ბოლო პერიოდში არაერთი კითხვა გაჩნდა, მაგალითად: რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ბიზნესს ეძლევა მუშაობის შესაძლებლობა, სხვებს კი ხურავენ? რატომ მუშაობს საეკლესიო მაღაზიები, თუკი სხვა მცირე ზომის მაღაზიები არ მუშაობს? ეკლესიის გარშემო ზოგადად ბევრი კითხვა წამოიჭრა. თუნდაც, რელიგიური უმცირესობების მხრიდან არათანასწორ პოლიტიკაზე.
თუკი ბიზნესები მაქსიმალურად დაიცავენ რეგულაციებს, პირიქით, მაქსიმალურად ხომ არ უნდა ეძლეოდეთ ბიზნესებს ოპერირების შესაძლებლობა?
ძალიან ბევრი სხვა კითხვის ნიშანი იყო - მანქანით გადაადგილების შეზღუდვა რამდენად ეფექტური აღმოჩნდა? გვინდა, თუ არა კვლავ მისი დატოვება ძალაში?
როცა შეზღუდვის გაგრძელებაზეა ლაპარაკი, მას უნდა ახლდეს შესწავლის შედეგები.
ნებისმიერი შეზღუდვა არის სირთულე და გამოწვევა დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ის უნდა იყოს კარგად გაკონტროლებული. მისი განხორციელების ერთგვაროვნება უნდა იყოს პარლამენტის განხილვის საგანი. ამ რთულ პერიოდში, როცა რიგი უფლებების შეზღუდულია და მთავრობას აქვს მინიჭებული ფართო ძალაუფლება, პარლამენტის როლი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
საკმაოდ დიდი ნაწილი კონსტიტუციური წესრიგის გადასულია არადემოკრატიულ რეჟიმზე, როცა მთავრობის შემადგენლობა დახურულ ფორმატში იღებს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, კონტროლის საჭიროება უფრო მნიშვნელოვანი ხდება“.
ეკა ციმაკურიძე შენიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ოპოზიცია არ არის ჩართული მთავრობის მიერ შექმნილ სათათბირო ფორმატებში, რაც კრიზისთან გამკლავების პროცესს აკლდება:
„გასულ ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე კარგი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას ეთგვარი ანგარიში წარუდგინა რას აკეთებდა პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. მან თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აქტიურად მონაწილეობენ მთავრობასთან მუშაობაში, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში, რომ მაჟორიტარები თავიანთ ამომრჩევლებს ემხარებიან. ძალიან კარგია, რაც მეტი თანამშრომლობა იქნება, სოლიდარობა და ა.შ., მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ასრულებს თავის ფუნქციას და როგორც ინსტიტუცია არ უნდა იყოს ჩართული მთავრობის ღონიძიებების ეფექტიანობის შეფასებაში.
ჩემთვის ძალიან თვალშისაცემია, რომ პარლამენტი დღეს გველაპარაკება მთავრობის სახელით. პარლამენტის თავმჯდომარე გვიყვება მთავრობა რას აკეთებს. ოპოზიციის ჩართულობა აქ არ არის. არადა, უფრო მოსალოდნელია, რომ კრიტიკულ კითხვებს დასვამს ოპოზიცია“.