Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პოლიტიკური ჟონგლიორობა არ უნდა აზიანებდეს ისეთ ინსტიტუციას, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა"


საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდს პოლიტიკოსები კიდევ უფრო აქტიურად იყენებენ ისეთი გზავნილებისთვის, რაც, მათი შეფასებით, ამომრჩევლის კეთილგანწყობას მოუტანთ. ერთ-ერთი "მომგებიანი" თემა ამ თვალსაზრისით არის ნარკოპოლიტიკა, რომელთანაც მცდარად ხდება კანაფის კულტივაციის შესახებ ინიციატივის დაკავშირება და კიდევ უფრო მცდარია ამ ინიციატივის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილების შედეგად განხილვა. არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ პარლამენტის სპიკერის განცხადებებს, რომლებიც მან 2 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და შეეხებოდა: კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის განზრახვასა და საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარჩოებში მოქცევას, როცა ის ნარკოპოლიტიკის საკითხებს შეეხება. კერძოდ, პარლამენტის სპიკერმა განაცხადა: "უახლოეს დღეებში დაიწყება ასეთ კანონპროექტზე მსჯელობა. კიდევ ერთხელ, მიმართულება არის ეს, ნარკოპოლიტიკის ჩარჩოებში მოქცევა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებების ჩარჩოებში მოქცევა. როგორ მოხდება ეს და რა ფორმით, ეს არის, რა თქმა უნდა, ტექნიკის საქმე. თუმცა, პრინციპული გადაწყვეტილება ამაზეც არის მიღებული". "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი, ეკა მამრიკიშვილი განმარტავს რატომ არის ირაკლი კობახიძის განცხადებები დამაზიანებელი კონსტიტუციური წესრიგისთვის და ამბობს, რომ წინასაარჩვნო "პოლიტიკური ჟონგლიორობა არ უნდა აზიანებდეს ისეთ ინსტიტუციას, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა". ამასთან, საკონსტიტუციო სამართლის იურისტის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს დისკრეცია არ არის აბსოლუტური და მისი ზღვარი გადის იქ, სადაც საფრთხე ექმნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებას.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG