Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლუკაშენკას გზა“, „დემოკრატიული უკუსვლა“ და „სუვერენიტეტი“ - დებატები ევროპარლამენტში


ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა - 9 ოქტომბერს რეზოლუციას უყრიან კენჭს
ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა - 9 ოქტომბერს რეზოლუციას უყრიან კენჭს

„დემოკრატიული უკუსვლა და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმისათვის“ - სამშაბათს, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა საქართველოს შესახებ. ახსენეს „ლუკაშენკას გზით სიარულიც“ და „სუვერენიტეტიც“.

ევროპარლამენტის წინაშე თავდაპირველად სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს სჭირდება, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს, და კვლავ სურდეს ევროკავშირისკენ სვლა.

სიტყვით გამოვიდნენ ევროპარლამენტარები: მათი ნაწილი საქართველოზე ტრადიციულად მომუშავე დეპუტატია, ნაწილმა კი პირველად გააკეთა განცხადება საქართველოზე. ზოგიერთმა მათგანმა - მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოკავშირეებმა - „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დაიცვა.

„სერიოზული შეშფოთება“ - იუროვა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ხაზი გაუსვა მის თავისუფალ გარემოში ჩატარების აუცილებლობას და თქვა, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება.

„ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია“, - განაცხადა იუროვამ და დასძინა, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის“.

ვერა იუროვამ გააკრიტიკა „აგენტების კანონი“, ანტი-ლგბტ კანონმდებლობა და, ასევე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება.

„ასეთი ტაქტიკა ჰგავს ავტორიტარული რეჟიმების ტაქტიკას. თუკი ეს ზომები იქნება მიღებული, ეს შეეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრების გაცხადებულ სურვილს და ევროკავშირის ღირებულებებს“, - განაცხადა მან.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა „ქართული ოცნების“ ანტიევროპულ რიტორიკაზეც:

„ჩვენ ასევე გვესმის მცდარი ბრალდებები, ცხადი დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, მათ შორის მმართველი პარტიის თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტარებისგან. ბრალდებები, თითქოს ევროკავშირი და დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს „უკრაინიზაციას“ გეგმავენ, მიუღებელია, მცდარია და დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა მან.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა

მან თქვა, რომ ასეთი ნარატივი „მხოლოდ რუსეთსა და მის პროპაგანდას ეხმარება“ და პირობა დადო, რომ „ევროკავშირი გააგრძელებს ამ მცდარი ნარატივის გამოვლენას და პასუხს გასცემს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს“.

გაიმეორა ევროკავშირის გადაწყვეტილებები: საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება, 30 მლნ-ის დაფინანსების გაყინვა, მაღალი დონის ვიზიტების შეჩერება და ა.შ.

ამავე დროს, განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს სჭირდება, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს, და კვლავ სურდეს ევროკავშირისკენ სვლა.

„ლუკაშენკას გზა“

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ (EPP/„ქრისტიან-დემოკრატები“), - რომელიც დიდი ხანია საქართველოს საკითხებზე მუშაობს და განცხადებებს აკეთებს, - განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის შესაბამისი „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების პოლიტიკასთან.

„არ შეიძლება, ერთდროულად იყო პროევროპული და პროკრემლური. არ შეიძლება, მხარს უჭერდე ევროკავშირს და ადიდებდე სტალინს“, - განაცხადა მან.

იუკნევიჩიანემაც დადო პირობა, რომ „ევროკავშირი ახლოდან დააკვირდება არჩევნებს“.

„თუკი „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკას გზას, ევროკავშირი იძულებული იქნება, რეაქცია გამოავლინოს და გადახედოს საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას“, - განაცხადა მან.

რასა იუკნევიჩიანე
რასა იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარმა ლიეტუვიდან ყურადღება გაამახვილა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სააკაშვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებასა და სიცოცხლეზე კი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

მიმართა ქართველ ხალხსაც: „ვერავინ იქნება იმაზე მეტი პასუხისმგებლობით აღსავსე, როგორიც თქვენ! ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი იპოვის ევროპულ დემოკრატიულ ოჯახში უკან დასაბრუნებელ გზას“.

720 პარლამენტარიდან 187 EPP-ის წევრია.

„არჩევნები“ და „პლურალიზმი“

სვენ მიკსერმა (სოციალ-დემოკრატები/S&D ჯგუფი) კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს.

„ნამდვილად, ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს საზოგადოებაში ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ არსებობს, შთამაგონებელია“, - თქვა მან.

„სამწუხაროდ, ბოლო დროს ვხედავთ, რომ მმართველი პარტიის და ხელისუფლების ქმედებები წინააღმდეგობაშია ამ მისწრაფებებთან“.

მან გამოყო „აგენტების კანონი“ და ანტი-ლგბტ კანონი. „ეს არის ნაბიჯები, რაც სრულიად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს გამოცხადებულ პროდასავლურ კურსთან“.

სვენ მიკსერი
სვენ მიკსერი

მან ასევე თქვა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს გარკვეული დათქმებით მიენიჭა, ხოლო ის პოზიცია, რაც საქართველოს აქვს, არ არის შეუქცევადი.

გაამახვილა ყურადღება არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების საჭიროებაზეც.

„ცხადია, რომ არჩევნების კარგი ჩატარება აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, მაგრამ [პოლიტიკური] პლურალიზმი და დემოკრატია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.

S&D ჯგუფს 720 ევროპარლამენტარიდან 136 ჰყავს.

„პატრიოტები“ და „სუვერენულები“ - „ოცნების“ ახალი მოკავშირეები

პლენარულ სესიაზე რამდენიმე ევროპარლამენტარმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დაიცვა და ევროკავშირი გააკრიტიკა გადადგმული ნაბიჯებისათვის. მათ შორის იყვნენ „პატრიოტები ევროპისათვის“ და „სუვერენულ ერთა ევროპის“ ჯგუფების წარმომადგენლები.

მაგალითად, ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ („პატრიოტები ევროპისათვის“/PfE), - რომელიც მიკსერის შემდეგ გამოვიდა სიტყვით, - განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს „ორმაგი სტანდარტებით“ ეპყრობა.

ტიერი მარიანი
ტიერი მარიანი

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია, - რასაც ხვალ უყრიან კენჭს, - „მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევნებზე“, - „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ.

„ქართველებს არ სურთ ბრძანებების მიღება მოსკოვიდან ან რჩევების მიღება ბრიუსელიდან“, - განაცხადა მან და დასძინა: „მათ ჭკუა არ უნდა ვასწავლოთ“.

მანვე გააკრიტიკა ღია საზოგადოების ფონდი - მილიარდერი ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ფონდი, - საქართველოში.

2015 წლის 24 ივლისი. ტიერი მარიანი (შუაში) - იმ დროს საფრანგეთის პარლამენტის წევრი პარტიიდან „კავშირი სახალხო მოძრაობისათვის“ (UMP) - რუსეთის ანექსირებულ ყირიმს ეწვია და მიესალმა „ყირიმის პარლამენტის სიმამაცეს“. ეს ევროპიდან საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი იყო ყირიმში.
2015 წლის 24 ივლისი. ტიერი მარიანი (შუაში) - იმ დროს საფრანგეთის პარლამენტის წევრი პარტიიდან „კავშირი სახალხო მოძრაობისათვის“ (UMP) - რუსეთის ანექსირებულ ყირიმს ეწვია და მიესალმა „ყირიმის პარლამენტის სიმამაცეს“. ეს ევროპიდან საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი იყო ყირიმში.

„პატრიოტები ევროპისათვის“, რომელსაც მარიანი წარმოადგენს, არის ახალი, 2024 წელს დაფუძნებული პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში.

მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, „ქართული ოცნების“ დიდი ხნის მოკავშირე.

ორბანთან ერთად, მისი თანადამფუძნებელია ჩეხეთის ყოფილი, ასევე მემარჯვენე-პოპულისტი პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში.

ჯგუფს ახასიათებს ბრიუსელისგან და ვაშინგტონისგან „სუვერენულობაზე“ საუბარი, მემარჯვენე პოპულიზმი და ევროსკეპტიციზმი. 720 ევროპარლამენტარიდან ამ ჯგუფში 86 ირიცხება.

„სუვერენულ ერთა ევროპა“

„წაგიკითხავთ მაინც ეს კანონები, რასაც აკრიტიკებთ?!“ - ჰკითხა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, გერმანელმა ჰანს ნოიჰოფმა კოლეგებს, რომლებმაც მწვავედ გააკრიტიკეს „აგენტების კანონი“ და ანტი-ლგბტ კანონი.

ხაზი გაუსვა, რომ ვინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, პოლიტიკური კომპასის „მარცხენა ფლანგზე“ არიან და თქვა:

„ჩემი კოლეგები მარცხენა ფრთიდან აღშფოთებულნი არიან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იმ კანონით, რომელიც მოზარდებსა და მცირეწლოვნებს იცავს“.

მისი თქმით, „არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომელიც ამ რეზოლუციას გაამართლებს“.

მან ჰომოფობიური რიტორიკა გამოიყენა და განაცხადა: „თქვენთვის მიუღებელია, როდესაც რომელიმე ქვეყანა თქვენს ცისარტყელას პროპაგანდას უარყოფს და ამბობს, რომ ორი სქესის სისტემა არის ოჯახის საფუძველი“.

ჰანს ნოიჰოფი წარმოადგენს პოლიტიკურ ჯგუფს, სახელად „სუვერენულ ერთა ევროპა“.

ეს არის უკიდურესად მემარჯვენე, ამავე დროს, ყველაზე მცირე პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში. ეს ჯგუფიც ახალია: ის 2024 წლის 10 ივლისს ჩამოყალიბდა.

მას 720-წევრიან ევროპარლამენტში 25 წევრი ჰყავს.

მათი უმეტესობა - 14 წევრი - არის გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს წევრი. ერთ-ერთი წევრია ევროპარლამენტარი უნგრეთიდან.

„სუვერენულ ერთა ევროპას“ წარდგენილი აქვს რეზოლუციის პროექტიც ევროპარლამენტში. მას სამი ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის ჰანს ნოიჰოფი, ასევე, AfD-დან ნოიჰოფის თანაგუნდელი თომაშ ფრულიჩი და სტანისლავ სტოიანოვი (ბულგარეთი, პარტია „აღორძინება“ (Revival)).

რეზოლუციის პროექტით, - რომელსაც, დიდი ალბათობით, არ მიიღებენ, - ევროპარლამენტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემას და მოუწოდებს ევროკავშირს, თავი შეიკავოს საქართველოს შიდა საკითხებში ყოველგვარი ჩარევისგან“.

იგივე პროექტი „უარყოფს უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას საქართველოში „დემოკრატიული უკანდახევის“ შესახებ“, რადგან ის, ჯგუფის მტკიცებით, „არ შეიცავს სანდო მტკიცებულებებს და ქმნის საფუძველს საგარეო ჩარევისათვის“.

„სუვერენულ ერთა ევროპა“ ასევე მიიჩნევს, რომ „აგენტების კანონი“ „შეესაბამება დემოკრატიულ ნორმებს“.

„გლობალისტების დოქტრინა“

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, პეტარ ვოლგინმა (ბულგარეთი) განაცხადა, რომ ევროკავშირი და აშშ სანქციებით ემუქრებიან საქართველოს, რადგან საქართველოს მთავრობა „ბრიუსელისა და ვაშინგტონის მარიონეტობაზე ამბობს უარს“.

ვოლგინი ბულგარული პარტია „აღორძინების“ წევრია. ეს პარტიაც „სუვერენულ ერთა ევროპის“ ჯგუფში შედის. „ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი, სტოიანოვიც ვოლგინის თანაგუნდელია.

მან „დამტკიცებული“ უწოდა განცხადებას, რომ უცხოური არასამთავრობოები და ჟურნალისტები „მუშაობენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“ და „მხარს უჭერენ ამერიკისა და გლობალისტების დოქტრინას“.

ვოლგინის განცხადების შემდეგ ევროპარლამენტარმა ტობიაშ ბოჩენსკიმ, პოლონური „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიიდან („ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ ჯგუფი (ECR)) გამოიყენა „ლურჯი ბარათი“ - კითხვის დასმის უფლება - და გამომსვლელს ჰკითხა, რა საბუთი აქვს „ამერიკის ჩარევისა“ საქართველოს საქმეებში.

„ბევრი ისაუბრეთ ამერიკის ჩარევაზე საქართველოში. რაიმე დამამტკიცებელი საბუთი გაქვთ?! რადგან ჩვენ გვაქვს რუსეთის ჩარევის დამამტკიცებელი საბუთები საქართველოში: რუსეთის სპეცსამსახურების, რუსეთის სამხედრო აგრესიისა ომის დროს და ა.შ. თქვენი ხსენებული „ჩარევის“ რაიმე საბუთი გაქვთ?“

ვოლგინმა პასუხად განაცხადა, რომ „ევროკავშირი და აშშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერევიან ქვეყნების პოლიტიკაში - მათ შორის ჩემს მშობლიურ ბულგარეთში“.

„არიან არასამთავრობოები, რომლებსაც ისინი აფინანსებენ. ეს ხდება „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერის საფარქვეშ… ისინი მისდევენ საგარეო ინტერესებს. ვიცი, რომ მექანიზმი მუშაობს ყველგან და ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველო ეწინააღმდეგება ამ მექანიზმს“.

აი, ასე შეხვდა კითხვის ავტორი ევროპარლამენტარ ვოლგინის პასუხს:

ტობიაშ ბოჩენსკის რეაქცია „გლობალისტებზე“ პასუხის მოსმენის შემდეგ
ტობიაშ ბოჩენსკის რეაქცია „გლობალისტებზე“ პასუხის მოსმენის შემდეგ

ბოჩენსკის ჯგუფი, „კონსერვატორები და რეფორმისტები“ 78 ადგილს ფლობს ევროპარლამენტში.

ნაცნობი სახეები

ახალი სახეების გარდა, საქართველოზე განცხადებები გააკეთეს იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებიც ხშირად გამოდიან საქართველოზე.

პეტრას აუსტრევიჩუსი (ლიეტუვა/ჯგუფი „განაახლე ევროპა“): „საჯარო ისტერია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა „ოჯახურ ღირებულებებზე“, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიდრეკილებას ულტრამემარჯვენე პოპულიზმისკენ“.

მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი/მწვანე/ევროპის თავისუფლების ალიანსი (Verts/ALE): „ამჟამინდელ მთავრობას ევროპული მომავლის არანაირი ინტერესი არ გააჩნია“…

მანვე განაცხადა: „ჩვენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ და ასევე შეგვიძლია მისი უკან წაღება. მივანიჭეთ სავიზო ლიბერალიზაცია და მისი უკან წაღებაც შეგვიძლია“.

მან გამოსვლა ასე დაასრულა: „უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც ევროპამ [მოქმედება] ძალიან დააგვიანა [რუსეთის წინააღმდეგ], შეგვიძლია, ამ ერთხელ მაინც დროულად ვიმოქმედოთ?!“

რიჰარდ კოლსი (ლატვია, კვლავ ECR ჯგუფი): „საქართველოში ჩვენ თვალს ვადევნებთ დემოკრატიის დემონტაჟის მცდელობას… მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული არჩევნები გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და თავისუფლების უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარდეს“.

დატვირთული კვირა

ევროსტრუქტურებში დაგეგმილი ღონისძიებების გათვალისწინებით, მომდევნო ორი კვირა მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოსათვის.

ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციების პროექტებს, რომლებშიც ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლაა ხაზგასმული და გაკრიტიკებული. „დემოკრატიული უკუსვლა და საფრთხე პოლიტიკური მრავალფეროვნებისათვის საქართველოში“ - ასეა მონიშნული ხმის მიცემის პროცედურა.

ამჟამად რამდენიმე დიდი პოლიტიკური ჯგუფი უკვე შეთანხმებულია საერთო რეზოლუციის ტექსტზე.

შემდეგ სამშაბათს, 14 ოქტომბერს, გაიმართება ევროკავშირის ქვეყნების საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც საქართველოს საკითხი დღის წესრიგშია შეტანილი.

მოგვიანებით, 17 და 18 ოქტომბერს, დაგეგმილია ევროპული საბჭოს სხდომა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა მედიასთან 7 ოქტომბერს: „როგორც ვიცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირის 27 ლიდერს - პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს, რომ განიხილონ საქართველოს საკითხი“.

ოქტომბრის მეორე ნახევარი მიჩნეულია საორიენტაციო თარიღად, როდესაც გამოქვეყნდება საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიში, - ელჩის თქმით, ეს, „სავარაუდოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდება“.

ელჩის თქმით, „კარგი ნიშანი არ არის“ ასეთი ტიპის ყურადღება: „ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულები არიან, ეს ნიშნავს, რომ ვღელავთ განვითარებული მოვლენების გამო“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG