Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის დელეგაციის რეკომენდაციები ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად


18-19 სექტემბერს თბილისში საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომას, მისი დასრულების შემდეგ კი კენჭი უყარა ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე.

ევროპარლამენტი ცალსახად აფიქსირებს, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი და ეს ჩანაწერი არის საბოლოო განცხადების ტექსტში, რომელიც ჩვენ ამ ორდღიანი მუშაობის შედეგად მივიღეთ.
თამარ ხულორდავა

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მიესალმება, საქართველოს ხელისუფლების ამბიციურ ინიციატივას, შეიმუშაოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელიც მიზნად ისახავს გააძლიეროს ევროკავშირ- საქართველოს ურთიერთობები ასოცირების შეთანხმების მიღმა თანამშრომლობის სფეროებში. კომიტეტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ:

  • საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან გაწეული ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა 2017-2020 წლებისთვის 371 და 453 მილიონ ევროს მიაღწევს და ეს თანხა მოხმარდება ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტული სფეროების განვითარებას.
  • მიესალმება ქართული პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას და დივერსიფიკაციას, რაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების პროცესის პირდაპირი შედეგია;
  • ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოს გამჭვირვალობა და ეფექტიანობა არსებითად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, არამედ ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად; იწონებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სისტემის ფართომასშტაბიან რეფორმას, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს დაწყებული პროცესი და დაასრულოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა, რომელიც დისციპლინურ წარმოებას, სასამართლოს განტვირთვას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დამატებითი რეგულაციების დანერგვას ითვალისწინებს;
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეფექტური ღონისძიებების გატარებით დაასრულოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების საქმის გამოძიება, რათა ნათელი მოეფინოს აღნიშნულ შემთხვევას;
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაატაროს მიზანმიმართული ზომები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობის შესამცირებლად;
  • სინანულს გამოთქვამს იმ დაზიანებული და დაბინძურებული გარემოს გამო, რომელიც საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა კავშირისგან; კონკრეტულად მიუთითებს, რომ ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ტოქსიკური ნარჩენების დამუშავება და ჰაერის დაბინძურება ორ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს;
  • გმობს საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც უხეშად არღვევს მის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს დაიცვას საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი; მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს ყველა სამხედრო ძალა ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
  • მკაცრად გმობს რუსეთის ყველა ნაბიჯს, რომელთაც თან სდევს ინტენსიური მილიტარიზაცია, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შემდგომი გაუარესება, საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გადაადგილების თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, უკანონო დაკავება, გატაცება, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა უფლებების უხეში დარღვევა და ეთნიკური დისკრიმინაცია; აღნიშნავს, რომ ყველა ეს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედება იწვევს საზოგადოების გახლეჩას, საზოგადოებისა, რომელიც ადრე ჰარმონიულად ცხოვრობდა, და აუარესებს ადმინისტრაციული გამყოფი საზღვრების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უკვე დამძიმებულ ეკონომიკურ მდგომარეობას;
  • იწონებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენ პირთა სახელებს მოიცავს; მოუწოდებს კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს, დააწესონ ყველა შესაძლო სამართლებრივი შეზღუდვა (გადაადგილების უფლების შეზღუდვა ან აქტივების გაყინვა) აღნიშნული პირების წინააღმდეგ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მიზნად ისახავს არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმების შესრულებას, არამედ უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირში. მისი სიტყვებით, ასოცირების შეთანხმება ამბიციური პროექტია, რომლის განხორციელების გზა საკმაოდ გრძელია.

„ევროპარლამენტი ცალსახად აფიქსირებს, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი და ეს ჩანაწერი არის საბოლოო განცხადების ტექსტში, რომელიც ჩვენ ამ ორდღიანი მუშაობის შედეგად მივიღეთ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს არამხოლოდ აქტიური პოლიტიკური ურთიერთობა, - ეკონომიკური, სავაჭრო კავშირები ჩვენ შორის არის მზარდი, რაც ეფუძნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოქმედებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ მყარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, განცხადების ტექსტში მივესალმეთ პარლამენტის რეზოლუციას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ჩაიწერა რეზოლუციაში მოწოდება საერთაშორისო პარტნიორებისადმი, რომ განხორციელდეს მართლმსაჯულება იმ პირთა მიმართ, ვინც შეყვანილი იქნება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“.

საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის საჯად კარიმის თქმით კი, მათ მიერ მიღებული განცხადება ეფუძნება ბოლო პერიოდში ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ევროპარლამენტის პოზიცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ისევ ვიყენებთ ტერმინს „ოკუპირებული ტერიტორიები“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ურყევ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ“.

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის შემდეგი სხდომა ევროპარლამენტში გაიმართება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG