ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტი შეკითხვებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ჭრილში - ასეთი საერთო შინაარსი იმ ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადებისა, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.
განცხადების ტექსტში ნათქვამია, რომ გიგი უგულავას დაპატიმრება აძლიერებს დაძაბულობას საქართველოში და გაგრძელდება კავშირი საქართველოს პარლამენტის წევრებთან, საქართველოს დემოკრატიისთვის კრიტიკულ ეტაპზე.
„დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელიც საზოგადოების ნდობას იმსახურებს, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საყრდენს ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს ასევე ნაწილია საქართველოს ვალდებულებებისა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
სამწუხაროდ, ბატონი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოშობს შეკითხვებს პროცედურასთან, დროსთან და გადაწყვეტილების მოტივაციასთან დაკავშირებით. ეს ასევე კიდევ უფრო აძლიერებს დაძაბულობას საქართველოში არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოში.
საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონსენსუსის მისაღწევად საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც საუკეთესოდ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას.
ჩვენ კვლავაც გვექნება ახლო კონტაქტი პარტნიორებთან საქართველოს პარლამენტში, დემოკრატიისთვის ამ კრიტიკულ დროს“, - ვკითხულობთ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავიდ მაკალისტერი (EPP, DE), ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი - მარინა კალიურანდი (S&D, EE) და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე - სვენ მიკსერი (S&D, EE).
10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან" 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. "ქართული ოცნება" ყველანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და ევროპარლამენტარების მისიას გიგი უგულავას საქმის შესასწავლად იწვევს.