26 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ედუარდ მარიკაშვილი, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა იმ კითხვებზე, რომლებიც გააჩინა საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მიღებულმა ინფორმაციამ. 12-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილია შეკითხვები, რომლებზე პასუხების გაცემაც, ავტორთა აზრით, მოეთხოვება გამოძიებას. მათ შორისაა: რატომ არ ჩაატარეს საგამოძიებო ორგანოებმა მთელი რიგი აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები მ.კ.-ს მიმართ? მაშინ, როდესაც გარდაცვლილ დავით სარალიძის სხეულზე მიყენებულ 12 ჭრილობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ გააჩინა ეჭვი, რომ ისინი სხვადასხვა იარაღით იყო მიყენებული, რატომ არ წარიმართა ინტენსიური გამოძიება მკვლელობის სხვა ამსრულებელთა ან თანამონაწილეთა სავარაუდო ბრალეულობის გამოსაკვეთად? რატომ დაიკითხა საპირფარეშოში მომხდარი პირველი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი, დ.ღ., მკვლელობის დღიდან მხოლოდ მე-13 დღეს და არა გამოძიების პირველივე დღეებში? საეჭვოა ისიც, რომ დაგვიანებით დაიკითხა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე თ.ნ-ც. რატომ არ გამოუკითხავს შსს-ს და შემდგომ პროკურატურას მოზარდებს შორის დაპირისპირების მთავარი სუბიექტის, ა.ს.-ს მშობლები, მამა, მირზა სუბელიანი და დედა, თ.კ.? გამოძიებას, არც ა.ს.-ს დეიდა, მ.კ.-ს დედა, ლ.კ. გამოუკითხავს. რატომ ვერ მოახერხა გამოძიებამ ფარდულის ზუსტი ზომების დოკუმენტირება? იყვნენ თუ არა გამოძიების მწარმოებელი პირები ფარდულის დემონტაჟის შესახებ ინფორმირებულნი, ვინ და რატომ გასცა თანხმობა მის დემონტაჟზე რატომ არ გამოუკითხავს გამოძიებას ყველა მოწმე, რომელიც შეესწრო, დაინახა, ან რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა დანაშაულთან დაკავშირებით? რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ყველა ვიდეოჩანაწერი, სადაც შესაძლოა აღბეჭდილი ყოფილიყო მკვლელობის შემდგომ მოზარდთა გადაადგილების მარშრუტი? რატომ არ შეისწავლა გამოძიებამ დაპირისპირებაში მონაწილე პირების ტელეფონები და სოციალური ქსელები, რომლის საშუალებითაც დიდი ალბათობით დაიგეგმა მათი შეკრება? რატომ არ დაიწყო გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.-ს ზურგში დაჭრის ფაქტზე და რატომ არ არის გამოვლენილი პირი, რომელმაც გ.მ. დაჭრა, მაშინ, როდესაც გამოძიებამ 2 დეკემბერს უკვე იცოდა გ.მ.-ს ზურგში დაჭრის ფაქტის შესახებ? რატომ არ დასვა გამოძიებამ ყველა საჭირო კითხვა ექსპერტის წინაშე, მაგალითად, იმ საგნების რაოდენობის შესახებ, რომლითაც დავით სარალიძეს სავარაუდოდ მიაყენეს ჭრილობები? მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები იმ მოხელეთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომელთა უმოქმედობამ ან მიზანმიმართულმა მოქმედებამ გამოიწვია გამოძიების ხარვეზებით წარმართვა და გაართულა საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება? და ა.შ.. ედუარდ მარიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავებმა გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ პირები, რომლებმაც განზრახ თუ გულგრილობით საქმის ეფექტიან გამოძიებას შეუშალეს ხელი.