„დრეგ ბოლის“ სცენაზე 2023 წელს ნანის მოუთმენლად ელოდნენ - ქართული ესტრადის ვარსკვლავის გამოჩენა მონაწილეებისთვისაც და ორგანიზატორებისთვისაც უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე, უბრალოდ, ნანი ბრეგვაძის სიმღერას ამ სცენაზე - ეს მათთვის მხარდაჭერის სიმბოლო იყო.
„The Drag Ball: All Stars ბრუნდება! მას გახსნის ერთადერთი და განუმეორებელი, ქართული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე“...
ამ შეტყობინებას დიდი გამოხმაურება და აღფრთოვანება მოჰყვა „დრეგ ბოლის“ გულშემატკივრებს შორის, მათ შორის სოციალურ ქსელში. ბილეთები უსწრაფესად გაიყიდა.
თუმცა, სოციალურ ქსელში, სიხარულის გარდა, მალევე გაისმა კრიტიკა ნანი ბრეგვაძის, როგორც „LGBT აქტივისტების მხარდამჭერის“ მისამართით.
„ალბათ, არ იცოდა“, - წერდნენ ფეისბუკზე.
ამ ამბავს საგანგებო პოსტით გამოეხმაურა კულტურის მინისტრის მრჩეველი იოსებ ჭუმბურიძეც:
„იქნებ, არც იცის, სად მიჰყავთ, რა კონცერტია?! გაიგებს და არ წავა! ის ძალიან ძლიერია“, - დაწერა მან.
სიციალურ ქსელში, ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებიც.
რამდენიმე დღეში, „დრეგ ბოლის“ ფეისბუკგვერდზე სტუმრებს გულისტკივილით აცნობეს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნანი ბრეგვაძე ღონისძიებას ვეღარ გახსნიდა.
მას მალე გამოჯანმრთელება უსურვეს და მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მთელი გულით ემზადებოდა მათთან შესახვედრად.
„ჩვენ ამ პროცესის თითოეულ ეტაპზე ვგრძნობდით მის გულწრფელ მხარდაჭერასა და სურვილს, რომ კიდევ ერთხელ დამდგარიყო სამართლიანობისა და სიყვარულის მხარეს“, - წერია „დრეგ ბოლის“ ორგანიზატორების განცხადებაში.
სოციალურ ქსელში ამ განცხადების შემდეგაც წერდნენ, რომ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო რეალური მიზეზი, რის გამოც მან ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
„ნანი ვერ მიდის თავისი ჯანმრთელობის გამო. მე მეტს ვერაფერს გეტყვით და ვერც სხვა კომენტარს გავაკეთებ. ავად არის და ვერ მივა“, - უთხრა ნანი ბრეგვაძის ქალიშვილმა, ეკა მამალაძემ რადიო თავისუფლებას.
„დრეგ ბოლზე“ ნანი ბრეგვაძის მონაწილეობის დაგეგმვა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ორგანიზატორები თავად მომღერალსაც შეხვდნენ.
„თბილისი პრაიდის“ თანადირექტორმა ანა სუბელიანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაიხსენა, რომ ამ შეხვედრების და მოლაპარაკებების პროცესში, თავად ღონისძიების შესახებ ნანი ბრეგვაძის ოჯახს ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია, ერთადერთი, რაზეც მომღერლის ოჯახის წევრები ღელავდნენ, ის იყო, ასაკის გამო, როგორ შეძლებდა მომღერალი სცენაზე გამოსვლას.
რადგან ორგანიზატორებისთვის მთავარი ნანი ბრეგვაძის მხარდაჭერა იყო, ამიტომ მას მოკლე გამოსვლა შესთავაზეს:
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თუნდაც ერთი სიმღერა ემღერა, მაგრამ ამ ამბავს ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, რაც არ მოჰყოლია არც ერთი სხვა გამომსვლელის მონაწილეობას დრეგ ბოლზე... რამდენიმე დღეში კი ოჯახმა გვაცნობა, რომ ის ნამდვილად ვერ გრძნობდა თავს კარგად“, - გვითხრა ანა სუბელიანმა.
ანა სუბელიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნანი ბრეგვაძე აღარ იმღერებს ამ ღონისძიებაზე, თავისთავად ის ფაქტი, რომ ის აპირებდა იქ გამოსვლას, მაინც დიდი მოვლენაა და ამ მხარდაჭერას ღონისძიების ორგანიზატორები ბოლომდე გრძნობდნენ:
„ჩვენთვის ამ თაობის ადამიანის მხარდაჭერა, მომღერლის, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარულით სარგებლობს, მართლა ძალიან დიდი რამაა და ვფიქრობთ, რომ ამ მხარდაჭერას ცვლილებების მოტანა შეუძლია. ცხადია, ჩვენთვის ძალიან სევდიანია, რომ არ გამოდის ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის გავაგრძელოთ - ღონისძიების ჩატარებაც და თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა“.
ანა სუბელიანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ისიც თქვა, რომ ყველასთვის არ არის მარტივი ასეთი მხარდაჭერის გამოხატვა. ბევრისთვის ეს რთული გზაა, ამიტომ, ვინც ამას ახერხებს, მათ მიმართ მადლიერები არიან, რადგან ეს სწორედ ის არის, რაც ქვიარ ადამიანებს აძლიერებს და იმედს აძლევს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელებას და ბრძოლას აზრი აქვს.
„დრეგ ბოლი“, ნანი ბრეგვაძის გარეშე, მაგრამ მაინც ჩატარდება. მას არავინ შეცვლის, თუმცა თავად ღონისძიებაში მონაწილეობას სხვა არტისტები მიიღებენ.