ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „იუბილე“ იწყებს გადაცემათა ციკლს ფიოდორ დოსტოევსკიზე, მსოფლიო ლიტერატურის სიამაყეზე, რომელსაც 12 ნოემბერს ორასი წელი უსრულდება. უნიკალური ბიოგრაფია, უნიკალური ხასიათი, უნიკალური მწერალი - კაცი, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს; კაცი, რომელმაც ჯოჯოხეთი ნახა; კაცი, რომელიც ორჯერ დაიბადა, როგორც მწერალი და კაცი, რომლის ბოლო რომანებმა მთელი მსოფლიო შეძრა. დოსტოევსკების გვარი ოქროს ურდოდან მართლმადიდებლობაში გადასული ვინმე რტიშევიდან იწყება, ლიტვისა და პოლონეთის გზით იარა ამ გვარმა და ბოლოს რუსეთის ორივე დედაქალაქს დაუკავშირდა: დოსტოევსკი მოსკოვში დაიბადა და პეტერბურგში გარდაიცვალა. „დანაშაული და სასჯელი“ პირველია იმ ხუთწიგნეულიდან, რომლითაც მან დააგვირგვინა თავისი შემოქმედება. ყველაფერი დაიწყო თითქმის დასრულებული რომანით, რომელსაც „ლოთები“ (Пяненькие) ერქვა (მარმელადოვის ამბავი) და დამთავრდა ლიტერატურული აფეთქებით, პოლიფონიური ზერომანით, რომლის წაკითხვა, ერთი ინგლისელი ღვთისმეტყველის სიტყვით, სასჯელია და არწაკითხვა – დანაშაული. როგორ იპოვა რუს სტუდენტში დოსტოევსკიმ ხელმოცარული ნაპოლეონი; შეიძლება თუ არა კაცობრიობის დაყოფა ადამიანებად და მატლებად; როგორ უნდა გააცოცხლოს მორალურად მკვდარი პერსონაჟი საზოგადოების ნალექიდან ამოსულმა მეძავმა და წმინდანმა, რუსმა მარია მაგდალინელმა, – ამ და კიდევ ბევრ ასეთ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: