რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ინაუგურაციის წინ მილოცვა გაუგზავნა
პუტინმა თქვა, რომ იგი ღიაა დიალოგისთვის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის დასრულების შესახებ, რომელიც დაფუძნებული იქნება „გრძელვადიან მშვიდობაზე, რომელიც ემყარება ყველა ადამიანის ლეგიტიმური ინტერესების პატივისცემას“.
რუსეთმა 2022 წლის თებერვალში წამოიწყო არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. კონფლიქტმა ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პუტინი აცხადებს პრეტენზიას უკრაინის ტერიტორიის იმ ნაწილზეც, რომელიც მის არმიას დაკავებული არა აქვს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ომის დასრულება მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მან თქვა, რომ იმედოვნებს, რომ ამას ექვს თვეში მიაღწევს, მაგრამ დეტალურ გეგმაზე არ ულაპარაკია.
ინაუგურაციის დღეს შედგება ფიცის დადების ცერემონია, რის შემდეგაც დონალდ ტრამპი ოფიციალურად გახდება ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი.
ვაშინგტონში ყინავს, ამიტომ ცერემონია კაპიტოლიუმის შენობაში ჩატარდება. ეს პირველი ასეთი შემთხვევაა ბოლო 40 წლის განმავლობაში.
ტრამპი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი ფიცს აშშ-ის კაპიტოლიუმის როტონდაში დადებენ.
ტრამპი საინაუგურაციო მიმართვას გააკეთებს და ილაპარაკებს თავის მიზნებზე შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.
ელიან, რომ ცერემონიის ბოლოს ტრამპი პრეზიდენტის ოთახს მიაშურებს და მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერს ხელს.
ფორუმი