ჩვენმა გადაცემამ შეიცვალა დასახელება და ფორმატი. მას ახლა ეწოდება „წიგნები“ და მასში ჩვენ გვეყოლება სტუმრები. დღევანდელი გადაცემა გადის „ნორვეგიული წიგნის კლუბის“ რუბრიკით და იგი ეძღვნება ჩარლზ დიკენსის შედევრს, „დიდ იმედებს“. ჩვენ მოწვეული გვყავს სტუმარი, ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის საუკეთესო სპეციალისტი, პროფესორი თემურ კობახიძე. როგორ მოხვდა დიკენსის ეს შედევრი "ნორვეგიული წიგნის კლუბის" სიაში, როგორც ინგლისელი ავტორის საუკეთესო ნაწარმოები; რამდენად რეალისტურია წიგნი, რომლის მთავარ გმირს, პიპს, უამრავი უცნაური რამ შეემთხვევა; როგორ შეიძლება დავახასიათოთ რომანის მთავარი პერსონაჟები: მისის ჰევიშემი, ესტრელა და სხვები; რამდენად ზნეობრივია, მიიღო საჩუქარი ყოფილი კატორღელისაგან; როგორ შეიძლება უბრალო ოჯახიდან გამოსული ყმაწვილისგან ჩამოყალიბდეს დახვეწილი ჯენტლმენი; რამდენად დამაჯერებელია ამ ნაწარმოების ბედნიერი დასასრული, ე.წ. „ჰეპი ენდი“?.. – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში. ვთხოვთ ჩვენი ჯგუფის წევრებს, გამოგვიგზავნონ თავიანთი შეფასებები ამ გადაცემაზე, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ.